„რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ გაერო-ს სამიტის გარშემო განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა.
„ეს არ არის ინსტიტუციონალური კამათი. სახელისუფლებო გუნდმა ერთ დროს ძალიან მოწონებული გიორგი მარგველაშვილი ძალიან მოიძულა, მხოლოდ იმის გამო, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს აღარ მოსწონს მარგველაშვილი. ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ მთელი ფრონტით შეტევა მარგველაშვილის და პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ.
ვინ წავიდოდა გაერო-ს სამიტზე, ჩვენი ქვეყნისთვის ამას გადამწყვეტი მნიშნველობა არ ჰქონდა, ამით ქვეყანა არ დაიქცეოდა, მაგრამ ქვეყანა მართლა შეიძლება დაიქცეს მომავალში, როდესაც ასეთ ურთიერთობას ვხედავთ ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს შორის.
მართლა ველოდებოდი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას ამ მოვლენების ფონზე. იმედი მქონდა, რომ ის მაინც გვეტყოდა, რა მიმართულებით მიდის საქართველო, რადგან ამას ვერ გვეუბნება ვერც მთავრობა, ვერც პარლამენტი და, მითუმეტეს, ვერც პრეზიდენტი. ეს არის ძალიან ცუდი. ამ არაადეკვატურობის გამო მალე მივიღებთ სახელისუფლებო კრიზისს",- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.