„რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„შიდა დაპირისპირება, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებაშია პრეზიდენტსა და მთავრობას შორისაა, თავს აღარ მალავს და სააშკარაოზე გამოდის. შექმნილი ვითარება მიუთითებს აუცილებელი და გარდაუვალი პროცესის განვითარებაზე, რომელსაც ქვეყანა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მიჰყავს. ყველა კარგად ვხედავთ, რომ რეალურად არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევა სხვაგვარად შეუძლებელია. რა თქმა უნდა, არ ვართ იმ კრიზისის წინაშე, როდესაც შეიძლება, პარლამენტი ან მთავრობა სტაგნაციაში აღმოჩნდეს, მაგრამ ამ დაპირისპირებას პოლიტიკური კრიზისი რომ გარანტირებული აქვს, ეს ფაქტია.
აღსანიშნავია ერთი ფაქტორიც, არჩევნების ჩატარება - ვადამდელი იქნება ეს თუ კალენდრით გათვალისწინებული - კატეგორიულად გამორიცხულია იმ საარჩევნო სისტემის გათვალისწინებით, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობს. თუ არ შეიცვალა საარჩევნო სისტემა, პრაქტიკულად, მივიღებთ ისევ ისეთ არჩევნებს, რომლის მიმართაც საზოგადოების ნდობა ისევ ნულის დონეზე იქნება", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.