ბათუმში გადაუღებელი წვიმისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. უამინდობის გამო საცხოვრებელი სახლები და ქუჩები დაიტბორა.
აჭარის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მამუკა თურმანიძის თქმით, წვიმამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენშიც შექმნა პრობლემა და საავტომობილო მაგისტრალი ჩაკეტა. ტერიორიაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
"მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ და აჭარის მთელ ტერიტორიაზე პატრულირებდნენ სამაშველო, სახანძრო და საპატრულო ეკიპაჟები. სულ ორმოცამდე გამოძახება გვქონდა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა ბათუმის ჭაობის დასახლებაშია. უამინდობის გამო ვერ ვახერხებთ წყლის ამოტუმბვას. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ამინდის გაუმჯობესებისთანავე წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დაიწყება. სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე მობილიზებულია ახლომდებარე მუნიციპალიტეტების სახანძრო ბრიგადებიც", - განაცხადა მამუკა თურმანიძემ.