reportiori.ge - ალეკო ელისაშვილი: „მე მაქვს კონკრეტული სქემა და გეგმა, როგორ გავაძევოთ ქალაქიდან „სითი პარკი“!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 10:39
ინტერვიუ
ალეკო ელისაშვილი: „მე მაქვს კონკრეტული სქემა და გეგმა, როგორ გავაძევოთ ქალაქიდან „სითი პარკი“!
ავტორი:
21 სექტემბერი, 2014. 22:07


„ალიას" ესაუბრება თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი: 


- ალეკო, ადრე განაცხადეთ, რომ 2 კვირაში სითი პარკისა" და თბილისის მერიის ყოფილი ხელმძღვანელების კორუფციული გარიგებების დამადასტურებელ დოკუმენტებს გაასაჯაროებდით. გავიდა დათქმული 2 კვირა და ეგ დოკუმენტები ჯერ არ გამოგიტანიათ სააშკარაოზე. რა ხდება? 


- კი, 2 კვირა გავიდა, მაგრამ კიდევ 2 კვირა გავიდეს სჯობს და სრულყოფილი დოკუმენტაცია გამოვამზეურო. დოკუმენტაციის ნაწილი უკვე მომაწოდეს, მაგრამ დამატებით მასალებს კიდევ ველოდები. როცა ყველა დოკუმენტი ხელთ მექნება, ყველაფერს საჯაროს გავხდი. 


- ამ ვადის გადაწევასთან, კავშირში ხომ არ არის მერიის მიერ სითი პარკისთვის" მიცემული ერთთვიანი ვადა, რომ კომპანიამ მერიას ხელშეკრულების ახალი პროექტი წარუდგინოს? ეს ვადა სექტემბრის ბოლოს იწურება. 

 

- არა, ნებისმიერ შემთხვევაში გამოვაქვეყნებ ამ დოკუმენტებს. თუმცა, კი ველოდები, რა მოხდება ამ თვის ბოლომდე, ვნახოთ ერთი, „სითი პარკი" რა სახის ხელშეკრულებას წარმოუდგენს მერიას. თუმცა, ეს ჩემს პოზიციას არ შეცვლის. "სითი პარკი" უნდა გავაძევოთ ქალაქიდან და მისი წარსული საქმიანობა, სამართალდამცავებმა უნდა შეისწავლონ. 


- თუმცა, თუ მერიამ სითი პარკს" ცალმხრივად გაუწყვიტა კონტრაქტი, მაშინ კომპენსაციის  სახით რამდენიმე მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს ამ კომპანიას. არც ისე იოლი გასაძევებელი უნდა იყოს. 


- მე ვიცნობ მაგ კაბალურ მუხლს და გპირდებით, „სითი პარკი" უპრობლემოდ წავა თბილისიდან, მერია მინიმალური დანაკარგებით გაუშვებს ამ კომპანიას. მთავარია, ეს მერიის ხელმძღვანელობამ მოინდომოს. ეს როგორ უნდა გაკეთდეს, მე კარგად ვიცი, კონკრეტული სქემა და გეგმა მაქვს შემუშავებული. ამ ეტაპზე ამის შესახებ, მით უფრო დეტალებზე, ვერ ვილაპარაკებ. აი, როცა იმ დოკუმენტაციას გამოვამზეურებ, ზემოთ რომ ვილაპარაკეთ, ამ გეგმის შესახებაც მერე ვიტყვი. 


- ალეკო, იცით, ალბათ, სითი პარკმა" ავტომფლობელები უსამართლოდ რომ დააჯარიმა 10-10 ლარით, აქაოდა, ვინც ახალი სანომრე ნიშნები აიღეთ, რატომ არ შეგვატყობინეთ დროულად, რომ ავტოპარკირების საშვზე გადაგვეტანა ეს ახალი ნომრებიო. არადა, სანომრე ნიშნები 1-ელ სექტემბერს დაიწყო, სითი პარკმა" ეს განცხადება 10 სექტემბერს გააკეთა. 10 დღე  მართლა ატყავა ხალხი კომპანიამ და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. 


- კი, ახლა განსაკუთრებით გავეშებულია ეს კომპანია, ადრე რაც არ უქნია, იმას აკეთებს, ყველას აჯარიმებს, კანონით ეკუთვნის თუ არა ჯარიმა ადამიანს. მე რომ დავით ნარმანიას ადგილზე ვიყო, მოვუწოდებდი ამ კომპანიას, რომ შეაჩეროს ეს პროცესი და ხალხს ადამიანურად მოეპყრას. რაღაც პრევენციული განცხადება მაინც უნდა გააკეთოს ნარმანიამ. ეს იყო უკანონო ჯარიმები, „სითი პარკს" თავად უნდა ეზრუნა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოეგვარებინა, თავად მოება თავი, ხალხისთვის მიეცა დროულად ეს ახალნომრიანი ავტოპარკირების საშვები. ეს ბოლო ჯარიმები, ეს 10-ლარიანი ჯარიმები, მგონი, მართლა ბოლო წვეთი იყო ხალხის მოთმინების ფიალაში. მეც მაგრად მომეშალა ნერვები, როცა ეს გავიგე. აქედან გამოსავალი ის არის, რომ მერიამ აღკვეთოს „სითი პარკის" თარეში და  და ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ხალხს ავტომატურ რეჟიმში დაუბრუნდეს ეს ფული. მოვუწოდებ თბილისის მერს, დავით ნარმანიას, რომ დაიცვას ეს ხალხი და იზრუნოს იმისთვის, რომ ამ უსინდისო კომპანიამ ხალხს ეს უკანონოდ წაგლეჯილი ფული უკან დაუბრუნოს. დაჯარიმების პროცესი კი შეაჩეროს. 


- ალეკო, პრესით გაკეთებული მოწოდება კარგია, მაგრამ უშუალოდ ხომ არ დაუკავშირდებით დავით ნარმანიას, ან მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელობას, მათ ხომ არ ეტყვით ამ ყველაფერს, რაც ახლა მითხარით? 


- აუცილებლად შევუთვლი დავით ნარმანიას, რომ პრევენციული განცხადება გააკეთოს და მერიაში ვისაც ევალება, იმ ხალხსაც დაველაპარაკები, დაიცვან  უდანაშაულო მოქალაქეები „სითი პარკისგან". თუმცა, „ალიას" მეშვეობითაც მოვუწოდებ, რომ ეს გააკეთონ. 


- ერთი სკანდალური ამბავი უნდა შეგახსენოთ. 2006 წელს, როცა თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი კობა სუბელიანი იყო, ამ სამსახურიდან ასეულობით მილიონი ლარი გაიფლანგა. ამის გამო სუბელიანი ერთი დღე მოდულის" შენობაშიც ჰყავდათ დაკითხვაზე და დაჭერას გიგი უგულავამ გადაარჩინა. მერე ამ მასალებს გრიფი საიდუმლო" დაედო. დღემდე გაურკვეველია, სად გაქრა მაშინ ეს უზარმაზარი თანხები, რა ბრალი მიუძღვით ამაში კობა სუბელიანს, გიგი უგულავასა და მერიის სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს. არ მოვიდა დრო, მოიკითხოთ ის საქმე, როგორც საკრებულოს წევრმა, რომელიც ჟურნალისტობისას მეტად გაღელვებდათ? 


- სიმართლე გითხრათ, მე ველოდი, რომ ამ მასალებს ეგ "საიდუმლო" გრიფი აეხსნებოდა, სამართალდამცავები დაიწყებდნენ ამ დოკუმენტაციის შესწავლას, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა და შესაბამისად, განცხადებასაც გააკეთებდნენ, რა და როგორ მოხდა მაშინ, კონკრეტულ ეჭვმიტანილებს თუ ბრალეულ პირებსაც დაასახელებდნენ ამ მართლა სკანდალური საქმისას. ეს ძალიან სერიოზული დოკუმენტია, 300 მილიონ ლარზე იყო ლაპარაკი. ცოტა ხანს დაველოდები, თუ საგამოძიებო სამსახურებმა ისევ არაფერი გააკეთეს ამ მიმართულებით, მაშინ მოვითხოვ თბილისის მერიისგან ამ დოკუმენტაციას, ჯერ იმის განმარტებას, რატომ ედო გრიფი „საიდუმლო" და მერე, ამ გრიფის ახსნასა და სრული დოკუმენტაციის გასაჯაროებას მოვითხოვ. ეს თემა ნამდვილად არ დამვიწყებია, ძაღლის ნაკბენივით მახსოვს ეს საქმე. „ქართულმა ოცნებამ" თუ წაუყრუა, მე ნამდვილად არ წავუყრუებ ამ საქმეს. 


- უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით ახალი ხომ არაფერია? წინასაარჩევნოდ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურობდით და არაერთი მშენებლობის შეჩერებას მოითხოვდით თბილისში, თანაც დაუყოვნებლივ. დიდი ხანია ამ თემაზე აღარაფერი გითქვამთ. თუმცა, ერთი ის ვიცით, რომ მერიაში უნებართვო მშენებლობების შესასწავლად, კომისია შეიქმნა, მაგრამ ჯერ ამ კომისიის მუშაობის შესახებ არაფერი არ გვსმენია. 


- ძალიან უკმაყოფილო ვარ მერიის არქიტექტურის სამსახურით, მეტ აქტიურობას ველოდი მათგან, ველოდი, რომ რამდენიმე მშენებლობის ნებართვა უკვე გაუქმებული იქნებოდა, მაგრამ ასეთი არაფერი მომხდარა. თუ ვნახავ, რომ მერია კვლავაც ფეხს ითრევს და ამ მხრივ არ გააქტიურდა, მაშინ უკვე ხმამაღლა დავიწყებ ლაპარაკს და გავარკვევ, რაშია საქმე, რატომ ანდომებს მერია იმ საქმეების გადაჭრას ამდენ ხანს, რომელთა მოგვარება რამდენიმე დღეში იყო შესაძლებელი. და საერთოდ, ისიც გასარკვევია, აუქმებს კი მერიის არქიტექტურის სამსახური იმ უკანონო მშენებლობებს, რომელთა შესახებაც ადრე, არა მხოლოდ მე ვლაპარაკობდი ხმამაღლა. მეუბნებიან, რომ აი, ხვალ, აი, ზეგ... ჯერჯერობით ისევ მოლოდინის რეჟიმში ვარ, მაგრამ მეც დამელია ეს მოთმინება და ცხადია, იმ ხალხსაც, რომლებიც ამ მშენებლობების შეჩერებას სამართლიანად ითხოვენ. დიდხანს ასე ყოფნას არ ვაპირებ. კი, ვიცი, რომ კომისიის შექმნას დრო სჭირდება, რაღაც პროცედურებია დასაცავი, მაგრამ ასეთი უსაშველო არაფერი მინახავს. ეს საქმე იწელება, მშენებლობებს აგრძელებენ და ბოლოს მიაღწევენ იმ პარამეტრებს, რომლის შემდეგ მათ აშენებულ ნაგებობას ვეღარ დაუნგრევ. ამით კი თბილისს ათეულობით ახალი და მახინჯი შენობა შეემატება, უამრავ თბილისელს კი ამ შენობების გამო სამუდამო  პრობლემები შეექმნება. 


ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016