reportiori.ge - ნიკა მჟავანაძე: გამეორდება წიკლაურისა და სხვა დეპუტატების სპექტაკლები, თითქოს მათ 10 კაცი ურტყამდა!!!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 10:35
ინტერვიუ
ნიკა მჟავანაძე: გამეორდება წიკლაურისა და სხვა დეპუტატების სპექტაკლები, თითქოს მათ 10 კაცი ურტყამდა!!!
ავტორი:
22 სექტემბერი, 2014. 21:14



გვესაუბრება უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე

 

დღეს უკვე აშკარაა, რომ რუსთავი 2-მა დაიწყო ის კამპანია, რაც მას ჰქონდა წამოწყებული 2003 წლის 23 ნოემბრამდე რამდენიმე თვით ადრე, როცა ის აშკარად სააკაშვილთან ერთად წინასარევოლუციო პერიოდში ხელისუფლების ცვლილებისთვის გეგმებს ახორციელებდა. დააკვირდით: მულტსერიალ დარდუბალას ნაცვლად ჩვენ ვხედავთ მულტსერიალ ქერის უბანს, გადაცემებს, სადაც აშკარადაა გამოკვეთილი, რომ ქვეყანა ინგრევა, აშკარად ვითომ მომატებულია კრიმინოგენური ვითარება, ანუ ეს ის პერიოდია, როცა ისინი ნაციონალებთან ერთად ღიად და დაუფარავად ქმნიან წინასარევოლუციო ფონს, რომლის შემდეგაც განხორციელდება ხელისუფლების ცვლილება იმდაგვარად, როგორც ეს წარმოდგენილი იყო უგულავას წერილში. მაგრამ მათ ერთი რამ ავიწყდებათ, რომ ეს სხვა საქართველოა და არა ის, რომელიც 2003 წელს იყო. მაშინ სათავეში იდგა ხანშიშესული შევარდნაძე, რომელსაც გამოეპარა ბევრი რამ და არაა ის საქართველო, რომლის საზოგადოებაც იყო გარკვეული ცვლილებების მოლოდინში და, რომელიც ასე მოტყუებული აღმოჩნდა სააკაშვილის მიერ. რაც მთავარია, ეს არაა ის ქვეყანა, სადაც მაშინდელივით ხელისუფლების შტოები მორყეული და დემორალიზებულია. 2003 წელს ნამდვილად ამ ტელევიზიამ ითამაშა გადამწყვეტი როლი ცვლილებაში, მაგრამ დღეს იგივეს ვერ მოახერხებენ, რადგანაც ხალხს შესანიშნავად ახსოვს ნაციონალების უმძიმესი და უმკაცრესი რეჟიმი. მაგრამ იმის მიხედვით, რასაც ეს მედია აკეთებს, ჩემი აზრით, ამით კვლავ აცხადებს, რომ ის მხარეა და არა დამოუკიდებელი ტელეკომპანია. დღეს ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსთავი 2- ხელმძღვანელობს გენპროკურორის მოადგილე გვარამია, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა შექმნილი ფილმებით, სადაც ჯაშუშებად იქნენ ადამიანები გამოცხადებული და რა ხალხის მხარდაჭერაზეა საუბარი? ის, რაც ამ დღეებში მოხდა და, ვგულისხმობ იმ ფაქტს, როცა ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტის ძმამ რამდენიმე ტაქსისტი დააყაჩაღა, ეს ფაქტი მიგვანიშნებს, რომ, როცა სხვის ოჯახში გინდა დატრიალდეს უბედურება, ეს ბუმერანგივით გიბრუნდება. 

 

რას გულისხმობთ? 

 

ამ შემთხვევაში საუბარია ეკა ბესელიას ვაჟის თემაზე, როცა მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა ჰბრალდებოდა. ჩვენ საკუთარი თვალით რომ არ გვეხილა ამ ტაქსისტების საქმის გახსნა, ვნახავდით, რომ ეს გაუხსნელი საქმეები დაჰბრალდებოდა ხელისუფლებას და მთელი დღეები მედიაში იტრიალებდა ნიუსი, რომ: აი, უკვე სამგზავრო ტაქსებში მგზავრობა არის ხიფათიანი და შეუძლებელი, და ერთგვარი აპოკალიფსური ფონი შეიქმნებოდა. როცა შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჯგუფები იქმნებოდა, რომლებიც დანაშაულებს ჩაიდენდნენ და შემდეგ მედიის საშუალებით გაჟღერდებოდა, რომ საზოგადოებაში კრიმინოგენური მდგომარეობა დაიძაბებოდა, ეს ყველაფერი ამის გამოძახილი ხომ არაა? ამიტომ, ვფიქრობ, ამ კუთხითაც უნდა იმუშაოს გამოძიებამ, რადგანაც უგულავას იმ ცნობილ წერილში კარგად დავინახეთ, როგორი მცდელობაა, სწორედ ასეთი ესკალაცია მოხდეს მალე საზოგადოებაში. ამაში ისინი იყენებენ მედიასაც და, როცა საინფორმაციო საშუალებები სახელმწიფო გადატრიალებაში გარკვეულ როლს ასრულებს, ამაზე შესაბამისი დასკვნები უნდა იქნას გამოტანილი. პირადად მე, გამაოცა იმან, რომ იყო მცდელობა, ამ ფაქტის გამო სოლიდარობა გამოეხატათ რუსთავი 2-ისთვის. 

 

რა სოლიდარობა? დაყაჩაღებაზე რომ დააკავეს პირი? 

 

თქვენ რა გგონიათ, როცა ორი ტაქსისტის დაყაჩაღება მოხდა და თან ბასრი იარაღის მიბჯენის ფორმით, ეს ისეთი ფაქტია, რომლის მიჩუმათებაც და ყურადღებისმიღმა დატოვება შეიძლებოდა? მაგრამ მედიამ ჩათვალა, რახან ეს ჟურნალისტის ოჯახს ეხებოდა, მოდით, არ გავახმაუროთო, და ისიც ითქვა, ეს ჟურნალისტის ოჯახის წევრი რომ არ ყოფილიყო, ყურადღებას ხომ არავინ მიაქცევდაო და გაკვირვებას ვარ: კი, მაგრამ, თქვე დალოცვილებო, ვერ გავიგე, რას ნიშნავს, ჟურნალისტი რომ არ ყოფილიყო? ყველა ფაქტს რომ თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევთ, უბრალო ფაქტზეც ისეთ სურათს რომ ხატავთ, ქვეყანა დაიქცაო, ყაჩაღობის ფაქტი არაფერია? მაგალითებსაც ჩამოვთვლი: ბოლო პერიოდში რუსთავით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი დააყაჩაღესო და მერე გაირკვა, რომ ეს ტყუილი იყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეგიონში რომელიღაც კრიმინალურ ავტორიტეტს ხელს აფარებენო და მერე გაირკვა, რომ ეს უბრალო ადამიანი იყო, ხანშიშესული, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა შეხება კრიმინალთან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სადღაც, რომელიღაც ბარში ეკა ბესელიას შვილმა ჩაიდინა მძიმე დანაშაული, ამას ამტკიცებდნენ ღიად და მერე აღმოჩნდა, რომ ესეც ტყუილი ყოფილა! ანუ შენ რომ ვიღაცას აბრალებ ასეთ მძიმე დანაშაულს და შემდგომ შენივე კომპანიის წარმომადგენლის ოჯახის წევრის გარშემო ასეთი რამ ტრიალებს, გამოდის, არ ყოფილა კარგი, როცა ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდები, ხომ? და შენ თუ სხვას ცილს სწამებ და შენივე ჟურნალისტის ოჯახის წევრის დანაშაულს ფარავ, სადაა აქ ლოგიკა? ჩემი აზრით, როცა ასეთი პოზიციები ყალიბდება მედიაში, ხელისუფლებას ამ ფაქტის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს, რადგანაც იმასაც ვხედავთ, რომ ამას გარკვეულწილად ხელს უწყობენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და უნდა გვახსოვდეს, რომ ზედმეტმა ლიბერალიზმმა გამოიღო ის შედეგი, რის გამოც 2003 წელში მოხდა რევოლუცია და, თუ არ გვინდა, იგივე შედეგი მივიღოთ, ყველა ასეთ გამოვლინებას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს და ამიტომ მოვუწოდებ რუსთავი 2-, რომ, თუკი ის კვლავ მოსახლეობის ზომბირებას გააგრძელებს, აღმოჩნდება ძალიან უხერხულ მდგომარეობაში: არ შეიძლება, ყოველდღიურად ვუყურებდეთ, რასაც ეკა კვესიტაძე აკეთებს! გაგახსენებთ, ეს წამყვანი მიშა სააკაშვილის დროს საზოგადოებას დასცინოდა საკუთარი გადაცემებით, როცა გვეუბნებოდა, რომ ყველაფერი რიგზეა, არადა, ქუჩაში ახალგაზრდების დახვრეტები მიდიოდა და გვახსოვს, ხალხს რას უშვრებოდნენ, ის კი ხმას არ იღებდა ამაზე და დღეს ეს ადამიანი გამოდის და ისეთ სურათს ხატავს, თითქოს ქვეყანა დღეს კრიმინალის ჭაობში იყოს ჩაფლული. 

 

დაბოლოს, რამე ინფორმაციას ხომ არ ფლობთ, რა გველის უახლოეს პერიოდში? 

 

ჩემი ინფორმაციით, იგეგმება წინასწარ გათვლილი ინციდენტები, ანუ გამეორდება წიკლაურისა და სხვა დეპუტატების სპექტაკლები, ვითომდა ისინი გაილახნენ და ვითომ მათ 10 კაცი ურტყამდა. რახან ხედავენ, რომ არაა ხელჩასაჭიდი ფაქტები, ხელისუფლების წინააღმდეგ უკმაყოფილების ტალღა რომ ააგორონ, არ გამოვრიცხავ, რომ ხელოვნურად მოახდინონ საკუთარ თავზე თავდასხმა. ასევე, არაა გამორიცხული, რომ მოხდეს ინსცენირებული თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე, რომ ამით კიდევ ის სურათი შექმნან, რომ ვითომ ხელისუფლება გადავიდა მედიის მიმართ ანგარიშსწორებაზე, რადგანაც ის ძალა, რომელიც დღეს სიტუაციას მართავს ამერიკიდან და ციხის გისოსებიდან, ყველაფერზეა წამსვლელი. ეტყობა, ძალიან გაუჭირდათ ვანო მერაბიშვილსა და უგულავას და ვერ დაელოდებიან იმას, რომ წლების შემდეგ დატოვონ საკნები და ამიტომ ცდილობენ, ციხიდან არიონ ქვეყანა და, რაც შესაძლებელია, ყველაფერს აკეთებენ. შეგახსენებთ, რასაც კმარა აკეთებდა, იგივე სცენარზე მუშაობენ, მაგრამ ვიმეორებ, რომ ეს იმდენად კომპრომეტირებული პოლიტიკური სპექტრია, მას ხალხი არ გაჰყვება, ამიტომ ცდილობენ, დღეს მარგველაშვილის გარშემო მოიყაროს თავი ამ ძალებმა, ბოლო იმედი მათთვის ხომ მარგველაშვილია და სწორედ ამიტომაა, რომ პრეზიდენტს სრული მხარდაჭერა აქვს იმ ექსპერტებისგან, იმ ენჯეოებიდან, რომელებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და რომლებიც აცხადებენ, მარგველაშვილს ყველაზე მეტი რეიტინგი აქვსო. ყველანაირი წახალისება აქვს დღეს მარგველაშვილს, რომ დაიწყოს მოქმედება, მაგრამ ის დღეს ჯერჯერობით ჭოჭმანობს ასეთი ნაბიჯის გადადგმაზე. 

 

თამარ ოქრუაშვილი

 

გაზეთი „კვირის ქრონიკა“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016