reportiori.ge - „აქ უკვე საუბარია გადატრიალებაზე! დღეს იკვეთება სამოქალაქო ომის შესაძლო ნიშნებიც!!!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 10:39
ინტერვიუ
„აქ უკვე საუბარია გადატრიალებაზე! დღეს იკვეთება სამოქალაქო ომის შესაძლო ნიშნებიც!!!“
ავტორი:
22 სექტემბერი, 2014. 21:37



ხელისუფლების ორ შტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობას შორის არსებული დაპირისპირების ფონზე სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ქვეყანა მწვავე პოლიტიკური კრიზისისკენ მიდის. გაუთავებელი ურთიერთბრალდებები მმართველ გუნდში უკვე სერიოზულ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს. ერთი მხრივ, ზარალდება მოსახლეობის ინტერესები, რომელმაც 2012 წლის 2 და 2013 წლის 27 ოქტომბერს ხმა მისცა არა პოლიტიკურ კინკლაობას, არამედ დაპირებების შესრულებას, სამართლიანობის აღდგენას, ხოლო მეორე მხრივ ჩნდება საფრთხე, რომ გარიყული მარგველაშვილის გარშემო ნაციონალებმა ახალი ბირთვი შექმნან. წინასწარ ძნელი სათქმელია, რა იქნება მომავალში და რა გზით წარიმართება პროცესები, მაგრამ "ნაცებისთვის" რომ ეს შანსი ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელია, ამთავითვე ცხადია. ამ საკითხებზე "ქრონიკას" ესაუბრება ექსპერტი ვახტანგ მაისაია. 

 

ბატონო ვახტანგ, ანალიტიკოსების გარკვეული ნაწილი პრეზიდენტისა და მთავრობის დაპირისპირებას უკვე აფასებს პოლიტიკურ კრიზისად. თქვენ რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე? 

 

მეც ვიზიარებ ამ აზრს. აქ უკვე აშკარაა პოლიტიკური კრიზისის ნიშნები და ამას ვამბობდი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ. მეტსაც გეტყვით, რაც დღეს ხდება, ესაა სისტემური კრიზისი, ვინაიდან ეს კრიზისი არსებობს არა მხოლოდ ერთი სახელისუფლებო შტოს შიგნით, არამედ მთლიანად მმართველ გუნდში. ასევე კრიზისია ოპოზიციაშიც და ჩვენ ვხედავთ უკვე, რა ხდება ნაცმოძრაობაში. ან იგივე პატრიოტთა ალიანსი ავიღოთ... ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, სახეზეა სერიოზული დაძაბულობა და დაპირისპირება მთელ ოპოზიციურ სპექტრში, რომელიც შესაძლოა ბევრად უფრო მძიმე შედეგით დასრულდეს ქვეყნისთვის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. 

 

საინტერესოა, რამ გამოიწვია ეს კრიზისი და რატომ შეიცვალა ასე რადიკალურად თვითონ მარგველაშვილი, რომელიც თავიდან თითქოს ჯდებოდა ივანიშვილის მიერ გათვლილ პოლიტიკურ კონტექსტში. თქვენ როგორ ფიქრობთ? 

 

დავიწყოთ თავიდან: ჯერ არის პოლიტიკური სტაბილურობა, ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით, მერე იწყება პოლიტიკური ესკალაცია, მერე მოდის კრიზისი და ბოლოს უკვე ხდება დესტაბილიზაცია, ანუ, ფაქტობრივად, მიდის მართული ქაოსი. ჩვენ ახლა ვართ შუა გზაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიზისის ეპიცენტრში ვიმყოფებით. რა იქნება და როგორ განვითარდება პროცესები, ეს დამოკიდებულია თვითონ ამ პროცესში მონაწილე სუბიექტებზე, მაგრამ გამოსავალი რომ მარტივი საპოვნელი არ არის, ეს უკვე ამთავითვე ცხადია. რაც შეეხება მარგველაშვილის ფიგურას, მე ვერ ვიტყოდი, რომ მან რადიკალური ცვლილება განიცადა, მას, როგორც ჩანს, თავიდანვე ჰქონდა გარკვეული გეგმები და დღეს, უბრალოდ, ამ გეგმას მიჰყვება. ან შეიძლება სხვანაირადაც შევხედოთ ამ ყველაფერს, გამორიცხული არ არის, რაღაც ეტაპზე მართლა მომხდარიყო შეუთანხმებლობა მასა და ბიძინა ივანიშვილს შორის, შესაძლოა, ინტერესების თანხვედრა ვერ მოხერხდა და ამის ფონზე გამწვავებულიყო ურთიერთობა. ამაზე თვითონ ივანიშვილმაც ისაუბრა თავის დროზე და პირდაპირ თქვა: მარგველაშვილი მე რომ მეგონა, ის კაცი არ ყოფილაო, მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი, მთავარია რა იქნება შედეგი, დალაგდება სიტუაცია თუ კიდევ უფრო დიდი დაპირისპირებისკენ წავალთ. ამაზეა დამოკიდებული ყველაფერი, სტაბილურობა, წინსვლა და ქვეყნის განვითარება. 

 

არსებული კრიზისი შეიძლება გადავიდეს დესტაბილიზაციაში, როგორ ფიქრობთ? 

 

ეს უკვე საუბრის სხვა თემაა, მაგრამ მიდრეკილება ამისკენ აშკარად არის. 

 

და კონკრეტულად რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს დესტაბილიზაცია? 

 

რა ფორმით და აქ უკვე საუბარია გადატრიალებაზე. პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, ყველა დონეზე, ამასთან დაკავშირებით მინიშნებები კეთდება. სამწუხაროდ, დღეს უკვე იკვეთება სამოქალაქო ომის შესაძლო ნიშნებიც, რაც ჩვენ უკვე გავიარეთ 90-იან წლებში. რაც შეეხება ამ ყველაფრის მიზანს, ჩემი აზრით, ამოცანა არის ის, რომ ქვეყანაში დაიწყოს .. პუტინიზაციის პროცესი. ანუ რა მაქვს მხედველობაში, მიხეილ სააკაშვილმა მოინდომა პუტინის რეჟიმის პოლიტტექნოლოგიების გადმონერგვა საქართველოში. ახლა ეს რას გულისხმობს, თქვენ იცით, რა გააკეთა ვლადიმერ პუტინმა, მან შეცვალა კონსტიტუცია და ისე მოხდა, რომ ერთი ვადის გამოტოვების შემდეგ ისევ შეეძლო პრეზიდენტობაზე კენჭი ეყარა. აი, ზუსტად იგივე გეგმა ჰქონდა სააკაშვილსაც და, როგორც ჩანს, ეს გეგმა ჯერ არ არის თაროზე შემოდებული. ვფიქრობ, მთავარი პროცესი ჩვენ ისევ წინ გვაქვს და ის აზრი, რომ ნაციონალური მოძრაობა წარსულს ჩაბარდა ან მალე ჩაბარდება, მცდარია. ესენი კიდევ დიდხანს ეცდებიან სხვადასხვა ფორმით, დარჩნენ პოლიტიკურ ასპარეზზე. ამიტომ საფრთხეებიც ჯერჯერობით ძალიან დიდია. 

 

სააკაშვილის გეგმები გასაგებია, მაგრამ არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ მარგველაშვილმა შესაძლოა, ახალი პოლიტიკური ბირთვი შექმნას და ნაციონალები შემოიკრიბოს. ეს მათთვის (ნაცებისთვის), ფაქტობრივად, მკვდრეთით აღდგომის ტოლფასი იქნება. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია, მოვლენები ამგვარად განვითარდეს? 

 

ჩემი აზრით, ეს სავსებით რეალური პერსპექტივაა და არამარტო მარგველაშვილმა, სხვა სუბიექტებმაც შეიძლება ანალოგიური ნაბიჯი გადადგან, თუ პოლიტიკურმა კონიუნქტურამ მისცათ ამის შესაძლებლობა. მაგალითად, ალასანიამ და მისმა გარემოცვამ. მე არ გამოვრიცხავ, რომ მოხდეს მათი და ნაცმოძრაობის უკვე გახლეჩილი გუნდის გაერთიანება, რის შედეგადაც მივიღებთ სრულიად ახალ, რეინკარნირებულ ნაციონალებს. 

 

უკვე არსებობს ამის ნიშნებიც? 

 

საერთოდ ქართულ პოლიტიკაში პიროვნული სიმპათიები და ურთიერთობები უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე თვითონ პოლიტიკური ხედვები და იდეოლოგია. ამ დროს თქვენ იცით, რა მეგობრული ურთიერთობები არსებობს მარგველაშვილსა და ბოკერიას შორის. ის ამას არც მალავს, პირიქით, ამას წინათ ერთ-ერთ გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერ გაწირავს წინა რეჟიმის პოლიტიკურ ძალებს. არადა ის ადამიანები, რომლებიც მან დაასახელა, უშუალოდ იყვნენ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის თანაავტორები... აი, ამაზეა საუბარი, მისთვის მთავარია პიროვნული დამოკიდებულება, პიროვნული ინტერესები, ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ სავსებით შესაძლებელია, ახლო მომავალში ვიხილოთ ახალი კოალიცია, ახალი გაერთიანება, რომელიც დაკომპლექტდება ნაციონალებით და რომლის სათავეშიც იქნება მარგველაშვილი. 

 

რა შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ მოსალოდნელი დესტაბილიზაცია ავიცილოთ? 

 

ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა ძნელია. სამწუხაროდ, ჩვენი სისტემა უკვე არის გარღვეული და ამას ემატება კიდევ საკმაოდ მძიმე გეოპოლიტიკური ფონი. აქ ძირითადად სამი გამოწვევაა, ერთი უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გადმოინთხეს საქართველოზე, მეორე ისლამური ხალიფატისგან მომდინარე საფრთხე და მესამე საშიშროება, რომელიც მოდის რუსეთის ფედერაციიდან. ამ გამოწვევების წინაშე ჩვენი პოლიტიკური სისტემა არის აბსოლუტურად მოუმზადებელი და არაადეკვატური. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, უპირველესად აქ უნდა იყოს მსჯელობა იმაზე, რა საშუალებებით, რა მექანიზმებითაა შესაძლებელი ამ კრიზისის თუნდაც ნაწილობრივ განმუხტვა. ეს, ცხადია, მარტივი არ არის და კიდევ ერთი მმართველ გუნდს უნდა ჰქონდეს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რომ მოსახლეობა არ იყოს გაურკვევლობაში, რაც გარკვეულ დესტრუქციულ ძალებს მისცემს მოქმედების საშუალებას. აი, ეს არის მოკლედ, რაც პირველ რიგში უნდა გაკეთდეს და როგორც გითხარით, ამას სჭირდება ნება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერც ამ ნებას ვხედავ და არც რამის გაკეთების მცდელობას, ამიტომ ძნელია, ერთმნიშვნელოვნად რამის თქმა, ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს... 

 

გიორგი ჭიქიაშვილი

 

გაზეთი „კვირის ქრონიკა“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016