reportiori.ge - ექსკლუზიური ინტერვიუ „მათე მოტორსის“ ხელმძღვანელთან გელა ბარკალაიასთან!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 10:31
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ „მათე მოტორსის“ ხელმძღვანელთან გელა ბარკალაიასთან!
ავტორი:
24 სექტემბერი, 2014. 03:17


ბოლო ათწლეულში საქართველოში მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ბრენდების წარმომადგენლობები გაიხსნა. თბილისის ქუჩებში, საითაც არ გაიხედავ, მათი რეკლამა გვხვდება თვალში. ეს, რა თქმა უნდა, კარგია; ერთი მხრივ, ჩვენს მოსახლეობას მრავალფეროვანი არჩევანი აქვს, მეორეს მხრივ - ბიუჯეტი სერიოზულ შემოსავალს იღებს; არც ადგილობრივი კადრების დასაქმებაა ურიგო საქმე. ბევრი მათგანი ღირსეულად წარმოაჩენს საკუთარ ბრენდს, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც...


„მათე მოტორსი" თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ უკვე საკმაოდ ცნობილი ფირმაა. ალბათ ბევრ ჩვეგანს უსარგებლია მისი მომსახურებით, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რატომ გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „ტოიოტას" საქართველოს წარმომადგენლობის გაუგებარი საქციელის მსხვერპლი „მათე მოტორსი"?




„ქრონიკა+"-ს ესაუბრა აღნიშნული ფირმის დამფუძნებელი - გელა ბარკალაია:


- ბატონო გელა! როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა „ტოიოტასთან" და ვინ იყო ამის ინიციატორი?


- ამ ორი წლის წინ დაგვიკავშირდა ვინმე ანდრეი მურავსკი, რომელიც „ტოიოტას" კავკასიური მიმართულების კურატორია. მითხრა, ჩვენ გულდასმით შევისწავლეთ თქვენი ფირმის საქმიანობა, ვიცით, რომ წარმატებული ბიზნესი გაქვთ და გვინდა თანამშრომლობა შემოგთავაზოთო. ჩვენ ამ სფეროში უკვე რვაწლიანი გამოცდილება გვქონდა. ბუნებრივია, მესიამოვნა ასეთი დიდი ავტოგიგანტის დაინტერესება და მალე შევხვდით კიდეც ერთმანეთს. „ტოიოტას" საქართველოში წარმოადგენს „ტოიოტა კავკასია", მურავსკიმ სწორედ ამ ფირმის დილერობა შემომთავაზა. წინადადება ორმხრივად მომგებიანი და პრესტიჟული იყო და, რა თქმა უნდა, თანხმობა განვაცხადე. ამის შემდეგ დაიწყო საქმიანი შეხვედრა-მოლაპარაკებები. იაპონელებს ჰქონდათ კონკრეტული მოთხოვნები, რომელთა შესრულება საკმაოდ დიდ ფინანსურ კაპიტალს მოითხოვდა. კერძოდ, მურავსკის სიტყვებით ჯერ უნდა ამოქმედებულიყო „ტოიოტას" ცენტრი ქუთაისში და მხოლოდ ამის მერე მომეცემოდა უფლება მსგავსი თბილისშიც გამეხსნა, თან თბილისში აუცილებლად აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიას ითხოვდნენ. მეორე და უმკაცრესი მოთხოვნით მე მეკრძალებოდა მათ მიერ გადმოცემული მანქანების მესამე ქვეყნებში გაყიდვა.


- „ტოიოტა კავკასია" მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა?

 

- პირველ ეტაპზე შეხვედრები მქონდა მურავსკისთან, შემდეგ საქმეში ჩაერთო საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იუჯი ვაგატა. ამ დროისთვის ქუთაისში ადგილი უკვე შერჩეული გვქონდა, თუმცა ძალიან ბევრი პრობლემა შეგვექმნა. მოგეხსენებათ, ეს ის დროა, როცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება" მოვიდა, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობა ისევ ნაციონალების ხელში იყო; საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ბევრი ფაქტორი და გაგებით მოეკიდა ჩვენს თხოვნას, მაგრამ ადგილზე ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხელოვნური წინაღობა დაგვხვდა, თუმცა ბევრი წვალების შემდეგ მოვახერხეთ და საუკეთესო ადგილი შევარჩიეთ. უცხოელები და განსაკუთრებით იაპონელები, საქმეში ძალიან სკურპულოზურები არიან, ყველა წვრილმანს ყურადღებას აქცევენ და ჩვენც ნებისმიერ მათ თხოვნას ზედმიწევნით ვითვალისწინებდით. დაახლოებით ოცჯერ გვყავდა ბატონი ვაგატა ქუთაისში, ადგილზე ვაცნობდით ყველა სიახლეს, გავამზადეთ  მაკეტები, დავასაქმეთ არქიტექტორები. რამდენჯერმე ქუთაისიდან ბათუმშიც წავიყვანეთ, სადაც „მათე მოტორსის" ფილიალის ნახვა მოისურვეს. პარალელურად თბილისში აეროპორტის სიახლოვეს მოვიძიეთ ობიექტი, რომელიც მურავსკისა და ვაგატასაც ძალიან მოეწონათ. ამ ტერიტორიის მფლობელი ისრაელში ცხოვრობდა, დავუკავშირდით ამ ბატონს, ჩამოვიყვანეთ თბილისში და მოვილაპარაკეთ, რომ ამ ობიექტს მოგვყიდიდა.  ამ საქმიანობაში გაიარა რამდენიმე თვემ, დაიხარჯა საკმაო თანხა, მარტო თბილისის ობიექტი რამდენიმე მილიონი დოლარი გვიჯდებოდა, თუმცა საქმის მასშტაბიდან და პრესტიჟულობიდან გამომდინარე არაფერზე უკან არ ვიხევდით....(პაუზა)

 

- როგორც ვხვდებით, ამ დროს მოხდა რაღაც, რამაც მთელი შრომა წყალში ჩაგიყარათ...

 

- ...მიმძიმს ამ ამბის გახსენება. სრულიად შემთხვევით და ალბათ, უფლის ნებით, ერთმა ჩემმა მეგობარმა გაიგო, რომ ეს ჩემი იაპონელი „მეგობრები" თურმე ორმაგ თამაშს ეწეოდნენ. ჩემთან შეხვედრების პარალელურად, თურმე მოლაპარაკებას აწარმოებდნენ „თეგეტა მოტორსთან" და პრაქტიკულად „ტოიოტა კავკასიის" დილერობაც უკვე გადაცემული ჰქონდათ. აი ასე, ერთ დღეში წყალში გადაყრილი აღმოჩნდა ამდენი დრო და შრომა, აღარაფერს ვამბობ გაწეულ ხარჯზე.


- ასეთი პრესტიჟული ორგანიზაციისგან ცოტა მოულოდნელი ნაბიჯია. იქნებ რამე გაურკვევლობა იყო?


- თავიდან მეც ასე ვიფიქრე. დავუკავშირდი ვაგატა-სანს (ასე მივმართავდი) და ჩვეულ ადგილზე შეხვედრა დავუნიშნე. ერთმანეთს სასტუმრო „რედისონის" მეორე სართულზე არსებულ კაფე-ბარში ვხვდებოდით. ეს შეხვედრა არ შედგა, ჩემს სატელეფონო ზარებსაც რომ აღარ უპასუხეს „ტოიოტა კავკასიას" ოფიციალური წერილით მივმართე, თუმცა ორმა თვემ ისე გაიარა, პასუხს ვერ ვეღირსე.


იაპონიაში არის ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის გარეთ წარმომადგენლობების საქმიანობას კურირებს. გავაგზავნეთ წერილი იაპონიაში და საქმეში გარკვევა ვთხოვეთ. პასუხი რამდენიმე დღეში მივიღეთ, სადაც პირობას გვაძლევდნენ, რომ იუჯი ვაგატა უმოკლეს ვადაში შეგვხვდებოდა და ყველა კითხვაზე პასუხს გაგვცემდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ორ დღეში „ტოიოტა კავკასიიდან" დაგვირეკეს და ისევ „რედისონში" შეხვედრა დაგვითქვეს.


ვაგატას თან ახლდა იურისტი და ბიზნესგანვითარების ხელმძღვანელი. მე დავსვი კონკრეტული შეკითხვები, კერძოდ: თუ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ „თეგეტა მოტორსთან" თანამშრომლობა, რატომ აგრძელებდნენ ჩემთან ურთიერთობას, რატომ მახარჯინებდნენ დროს და ფულს და რა კონკრეტული კრიტერიუმით ამჯობინეს ჩემს ფირმას „თეგეტა მოტორსი", რომელსაც ათეულობით მილიონი საბანკო დავალიანებები გააჩნია. პასუხი იყო გამაოგნებელი: ეს ჩემი ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა, ასე ჩავთვალე საჭიროდო. იძულებული გავხდი გვერდზე გადამედო ჩვენი ქართული ტრადიციული სტუმართმოყვარეობა და ამ პატივცემულ ვაგატა-სანს ვუთხარი, რომ ჩვენში მისნაირ ადამიანებს ეძახიან ნაძირალას და რომ არის ერთი ჩვეულებრივი თაღლითი. იმისათვის, რომ სრულად გადმომეცა ჩემი მისდამი დამოკიდებულება, დაახლოებით ორი საათი დამჭირდა. ამ ხნის მანძილზე, არც მას და არც მის გაფითრებულ თანამგზავრებს, ხმა არ ამოუღიათ; საუბრის ბოლოს, შექმნილი უხერხული ვითარებიდან გამოსავალი შევთავაზე: „ტოიოტა კავკასიას" საქართველოში უკვე ჰყავდა დილერი „ტოიოტა თბილისის" სახით. ვუთხარი, თუ ეს დილერი მომაწვდიდა ავტომანქანებს და მისი მეშვეობით ითანამშრომლებდნენ ჩემთან, მზად ვიყავი წყენა დამევიწყა, თუმცა იქვე დავამატე, ალბათ არც ამაზე დამთანხმდებით, რადგან ამის უფლებას უკვე „თეგეტა მოტორსი" არ მოგცემთ-მეთქი.


ვაგატამ თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად და ამით დასრულდა ჩემი და ამ პიროვნების ორწლიანი მოლაპარაკებები.


-  ჩემთვისაც კი, საქმეში ზედაპირულად ჩახედული ადამიანისთვის, ზედმეტად ბევრი ბუნდოვანებაა. რამდენადაც ვიცი მსგავსი ტიპის შეთანხმებებს თავისი რეგულაციები გააჩნია, ძირითადად ტენდერების სახით. ასეთი ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღმა, როგორც წესი, კანონდარღვევა იმალება. ხომ არ ჰქონდა ადგილი თუნდაც პიროვნულ დაინტერესებას...

 

- ჩემთვის ძნელია იმაზე საუბარი, რაც დაზუსტებით არ ვიცი, თუმცა, ეჭვი, რა თქმა უნდა, მეც გამიჩნდა. მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, პატივცემული ვაგატას გადაწყვეტილებას ზურგს ნახევარი მილიონი დოლარი უმაგრებს, მაგრამ ვიმეორებ, ამის დამადასტურებელი ფაქტები არ მაქვს და ამაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ მაქვს კითხვები, რომლებიც „თეგეტა მოტორსის" საქმიანობის დაწყებისთანავე გამიჩნდა.


თუ ჩემთან შეთანხმების პირველი აუცილებელი პირობა ქუთაისის ფილიალის გახსნა იყო, ამ შემთხვევაში ეს პირობა გაუქმდა. მეორე და ასევე აუცილებელი იყო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე „ტოიოტას" ცენტრის გახსნა. „თეგეტა მოტორსმა" კი ცენტრი საბურთალოს სასაფლაოს გვერდით ააშენა. მესამე და ყველაზე კატეგორიული მოთხოვნა გახლდათ მანქანების მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვა. დღეს „თეგეტა მოტორსის" მეშვეობით „ტოიოტა კავკასია" ფირმის პროდუქციას ყიდის რუსეთში, ირანში, დუბაიში და თქვენ წარმოიდგინეთ, ბელგიაშიც კი. ამიტომაც ჩნდება, როგორც დღეს ამბობენ, გონივრული ეჭვი, რომ ცეცხლი უკვამლოდ არ არსებობს!

 

- შეეგუებით არსებულ მგომარეობას, თუ ბრძოლის გაგრძელებას და თქვენი ღირსების დაცვას აპირებთ?

 

- რა თქმა უნდა არ შევეგუებით. ძალიან მალე ეს საქმე სამართლებრივ სფეროში გადაინაცვლებს. პირველ ეტაპზე დეტალურ ანგარიშს წარვუდგენთ თბილისში იაპონიის საელჩოს და „ტოიოტას" სათავო ოფისს იაპონიაში. შემდეგ, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად შევიტანთ სარჩელს სასამართლოში. ჩვენი იურისტები ამაზე უკვე მუშაობენ და გარწმუნებთ, მალე სააშკარაოზე გამოვიტანთ იუჯი ვაგატასა და ანდრეი მურავსკის შავბნელ მოღვაწეობას.


P. S. „მათე მოტორსის" დამფუძნებელან, გელა ბარკალაიასთან საურის შემდეგ, „ქრონიკა+"-მა ინფორმაციის გადამოწმებისა და მეტი დეტალის გასაცნობად „ტოიოტა კავკასიის" თანამშრომლებთან გასაუბრება გადაწყვიტა. ცნობილია, რომ თბილისი ტოკიო არ არის და ძალიან მალე საერთო ნაცნობების მეშვეობით რამდენიმე მათგანთან დაკავშირება მოვახერხე. გასაგები მიზეზების გამო „ქრონიკა+" მათ ვინაობას ვერ დაასახელებს, თუმცა მათთან საუბრისას გაღჟერებულ ბევრ არასასიამოვნო ფაქტს გაახმიანებს. როგორც ირკვევა, იაპონელი სტუმრებისგან აგდებული და ქედმაღლური დამოკიდებულება, თურმე ნორმად ქცეულა, ისევე როგორც თანამშრომელთა მიმართ უპატივცემულობა, ხოლო შრომის კოდექსის დარღვევა ლამის კანონის ძალაშია აყვანილი. სამუშაო დღე არანორმირებულია, ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე დასვენების დღეებში თანამშრომელთა გამოძახება ჩვეულ მოვლენად აღიქმება. „ტოიოტა კავკასიის" მენეჯერებს ხელფასები დააკლეს და ჩამოაქვეითეს, მათ ადგილზე „თეგეტა მოტორსიდან" გადმოყვანილ გამოუცდელ კადრებს კი ორმაგი ანაზღაურება დაუნიშნეს.

 შრომის ახალი კანონმდებლობის მიღება უდავოდ კარგი საქმეა, მაგრამ უკეთესი და უფრო საშური, მისი დაცვა და პრაქტიკაში გატარებაა. კარგი იქნება თუ ვისაც ეს ეხება, ყურადღებას გამოიჩენს და დაინტერესდება „ტოიოტა კავკასიაში" შექმნილი არც თუ სასიამოვნო ვითარებით. ცოტა კომიკური კია, მასპინძელს სტუმრისგან დაცვა რომ სჭირდება, მაგრამ ფაქტია და ამ ფაქტს ვერსად გავექცევით. თუმცა ეს უკვე სხვა თემაა და„ქრონიკა+"-ის კომპეტენციას სცილდება.

 


თემურ აფაქიძე


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016