reportiori.ge - ოთარ მიმინოშვილი ლუკა კურტანიძეს ღია წერილით მიმართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:04
საზოგადოება
ოთარ მიმინოშვილი ლუკა კურტანიძეს ღია წერილით მიმართავს
02 ოქტომბერი, 2014. 12:08

 

 

ვეტერანი სპორტსმენი, 60-იანი წლების წყალბურთელი, საერთაშორისო და საკავშირო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ მიმინოშვილი ლუკა კურტანიძეს ღია წერილით მიმართავს.

 



„რეპორტიორი"
წერილს უცვლელად გთავაზობთ.

 

 

ვერასდროს ვერც ვიფიქრებდი ...

ჩვენი სამშობლოს ისტორიაში, ყველაზე წარმატებული, ყველაზე ტიტულოვანი, ყველაზე პოპულარული სპორტის, ჭიდაობების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ზოგიერთები, ვერ წარმოვიდგენდი კიდეც, თუ მხარს დაუჭერდნენ ისეთ ოდიოზიურ-ბოროტ გადაწყვეტილებას თუ ღალატს, რომელიც ჩვენი აზრით, არა მხოლოდ ჭიდაობაში, არამედ დღევანდელ ქართველ ვაჟკაცთა - ქართული ჯიგრის მქონეთა შორის ერთ-ერთი პირველთაგანია! ლუკა კურტანიძის ცხოვრება, ხომ მთლიანად უკანასკნელი პერიოდის საქართველოში სამაგალითო იყო და არის ყველგან და ყველაფერში... ესე იგი, საჭიდაო ხალიჩაზე და ხალიჩის მიღმა.

 

. .

 

ჩვენი დარდი და წუხილი, რაც ამ დღეებში მოხდა და იმ პიროვნებების სამარცხვინო საქციელი, მსურს, გავაცნო მკითხველს თუ მსმენელს და შევახსენო ელდარ-ლუკა კურტანიძის სპორტული და საზოგადოებრივი ცხოვრება... ბევრმა მათგანმა ალბათ, ვერ გაიგო ან შეშურდათ მისი წარმატებები და გამარჯვებები, მისი გმირობა და ისტორიად ქცეული მისი ბიოგრაფია... მზიან აფხაზეთში, სოხუმში დაბადებულსა და გაზრდილს, სამშობლოწართმეულს, რუსთავსა და თბილისში დევნილად მცხოვრებს, მზე ვერ დაუბნელეს, უფრო მეტად აენთო, გაბრწყინდა... თავგანწირული შემართებით, გაათმაგებული ვარჯიშით შეძლო უდიდესი წარმატებები მიეღწია თავისუფალ ჭიდაობაში - ორგზის ოლიმპიური პრიზიორი გახდა. მესამე ოლიმპიადაზე ჩემპიონობაზე გამზადებულს, ვითომ სპეციალისტთა აზრებმა თუ რჩევებმა მომზადების პერიოდში ჩემპიონობა დააკარგვინეს...

 

12 წელიწადი ოლიმპიური თამაშების შუალედში, ორჯერ მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხუთჯერ ევროპისა და უამრავი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული. ესეც ვითომ არაფერი, ჯერ იყო და... მის სპორტულ ბიოგრაფიას რომ აქვეყნებდნენ, ზოგს მისი ტიტულები ავიწყდებოდა, ვითომ უნებურად... ალბათ იმთავითვე შურდათ მისი, დღეს კი, აშკარად გამოჩნდა მათი სახე და საქციელი... იმ ტიტულებთან ერთად, ნუთუ მათ 26 მაისის ღამე დაივიწყეს?.. როცა ჩვენი ამირანივით დევგმირი, თავისუფლებისათვის მებრძოლი პატრიოტი ლუკა კურტანიძე, ყვავ-ყორნებმა-ზომბებმა (ალბათ, ზოგიერთი მოჭიდავეც იყო, დღეს მის წინააღმდეგ გამოდიან...) ვითარცა დაჭრილ არწივს, ერთად ეძგერენ, უზარმაზარი ძალის გამოყენებით შეკრეს, მიაჯაჭვეს... მისი სისხლით მორწყეს რუსთაველის გამზირი და... ზეიმობდნენ კიდეც ამის შემხედვარე ეს პათოლოგები, არასრულფასოვნები...

 

ამ ცოცხალი ლეგენდის რომ შურდათ და იბოღმებოდნენ ნაციონალები, ჩვენთვის გასაგებია, მაგრამ... ამ დღეებში რაც ხდება, ჩემთვის გაუგებარია, გამაოგნებელია, საზიზღრობაა... ნუთუ არ ცხვენიათ იმ მოჭიდავეებს, რომლებიც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ლუკა კურტანიძის წინააღმდეგ ასეთი ხერხებით იბრძვიან? - ჩასაფრება, წივილ-კვილი, ისტერიკა, ძველბიჭური ტონი... (ყველაფერს ვერ ვამბობ, სირცხვილია მათი საქციელი და თანაც... ტელევიზორშიც რომ აჩვენებენ...) ისე, მათაც და სხვებმაც იციან, რომ ლუკა კურტანიძე ჭიდაობის გარდა, განსწავლული, რელიგიური და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, დღეს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი მოწინავე პიროვნებაა.

 

ამ სტრიქონების ავტორი, რომელიც მოჭიდავე არ ყოფილა, მაგრამ ყველაზე დიდი მეგობრები 60-იანი წლების თაობის მოჭიდავეები იყვნენ (ჩვენდა საუბედუროდ, ბევრი ცოცხალი აღარ არის), ხოლო ჩემს ცოცხალ ძმობილებს, ჩემი თაობის ჩემპიონ მოჭიდავეებს აქ ვერ დავასახელებ. . . ისე კი, ორივე მხარეს შევახსენებ ლუკა კურტანიძის ცხოვრების ზოგიერთ ფაქტს, რომლის ცოცხალი მოწმეც მე გახლავართ... წლების მანძილზე ვიყავი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი, აგრეთვე, სტუდენტ-სპორტსმენთა კურატორი. მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენებს ინდივიდუალური გრაფიკი და შეღავათები ჰქონდათ, მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი პრესტიჟული იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს ლუკა კურტანიძეს არასდროს არ უსარგებლია ვინმეს დახმარებით... იუმორით დავძენ, ვეტყოდი ხოლმე ხანდახან: ლექტორი გელოდება გამოცდის ჩასაბარებლად, შენზე იცის-თქო... ლუკა გულწრფელად და სერიოზულად მპასუხობდა - არ ვარ მზად, ის ერთ-ერთი წიგნი, რომელიც დამისახელა ლექტორმა, ჯერ კარგად ვერ შევისწავლე და ვერ შევრცხვებიო ... ამიტომაც ყველა საგანს საფუძვლიანად სწავლობდა, რათა ნამდვილი სპეციალისტი გამოსულიყო...

 

უფრო მეტიც, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში თავი არა მხოლოდ მეცადინეობით გამოიჩინა, არამედ, უნივერსიტეტის განსაკუთრებული სიყვარულით... ეს ის პერიოდია, როცა "სოროსელები" და "კმარელები" შეესივნენ ჩვენ თეთრ ტაძარს "გასაშავებლად". ამ დროს უნივერსიტეტის დასაცავად აღსდგა უნივერსიტეტელების გარდა, თბილისის მოწინავე საზოგადოება და რაც მთავარია, საღად მოაზროვნე სტუდენტობა. იმ აქტიურ სტუდენტთა შორის არაერთი სახელოვანი სპორტსმენი-სტუდენტი იყო (მაპატიონ, აქ ყველას ვერ ჩამოვთვლი, არ გამომრჩეს...). მათ შორის რა თქმა უნდა, ლუკა კურტანიძე. იმ დღეებში უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭო შეიკრიბა, რათა ემსჯელათ უნივერსიტეტის გადარჩენაზე... ცნობილი მეცნიერების, აკადემიკოსებისა და პროფესორების გამოსვლასთან ერთად, თქვენ წარმოიდგინეთ, უნივერსიტეტის სტუდენტების სახელით, ამ მაღალ ინტელექტუალურ შეკრებაზე გამოვიდა ჩვენი, ჩემი ლუკა კურტანიძე! ვესწრებოდი რა ამ ისტორიულ სხდომას, სტუდენტ ლუკა კურტანიძის გამოსვლამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ასეთ ავტორიტეტულ აუდიტორიაზე... რექტორმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა აღფრთოვანებით წარმოთქვა: "აი, მაგალითი ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია!"

შემდეგ ... შემდეგ კი მედგრად და უშიშრად ჩაება ეროვნულ მოძრაობაში. სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი იყო... ქართულ ოცნებას გვერდში დაუდგა, როგორც იცოდა და იცის, ჯიგრით, თავგანწირულად ... ახლა კი... გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების, ახალი მთავრობისა და ცნობილი სპორტსმენების თხოვნითა და რეკომენდაციით, საქართველოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს!

 

წინამდებარე წერილს - ,,ვერასდროს ვერც ვიფიქრებდი" სათაურად იმიტომ წავუმძღვარე, რომ მართლაც ვერ ვიფიქრებდი, ასეთი პიროვნების წინააღმდეგ, როგორ შეეძლოთ ასეთი უმსგავსო საქციელის ჩადენა... მაგრამ... მკითხველს და მსმენელს გავახსენებ: იმ ცხრაწლიანი, ცხრაჯერ გადამხტარი აღვირახსნილი ხალხის და მათი დამქაშების შავბნელი წარმომავლობის "ვაი სპეციალისტების" და ვითომ "ჩემპიონების" დაბრუნების მცდელობაა ალბათ ... ისე, როგორც იმ "ვაი პოლიტიკოსებს" ელანდებათ, ესიზმრებათ, ვისი და რისი იმედით უნდათ უკან მისვლა, თუ საერთოდ აღდგენა ალბათ ... არარეალურ სამყაროში ცხოვრობენ, ვირტუალურში (ისე ქართულად უფრო მოუხდებოდა ,,ცისფერი მთები" ხომ გახსოვთ ფილმი . . .) ასეთი უკუღმართობა, რომ ყველაზე ღირსეულ და ტიტულოვან სპორტის სახეობის ფედერაციას რომ დაემართა, სწორედ ეს მწყინს, მცხვენია... კიდევ კარგი, ჩემი თაობის არაერთი გამოჩენილი მოჭიდავე ამას ვერ მოესწრო . . .

 

ახლა კი ... ვინც დარჩა, საღ-სალამათი, გონიერი და პატრიოტი მოჭიდავე, თუ საერთოდ სპორტსმენი ... რაც მთავარია, მასმედიის თანამედროვე აზროვნების, კეთილად და სამართლიანად გამშუქებელი, შემსწავლელი დროა. დროა, ლუკა კურტანიძესთან ერთად მომავალზე ვიფიქროთ: წინ დიდი საქმეები ელის ჭიდაობას, საერთოდ სპორტს და ზოგადად ქვეყანას!"- ნათქვამია ლუკა კურტანიძისადმი გაგზავნილ წერილში.

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016