reportiori.ge - რისთვის ჩაატარა თემურ შაშიაშვილმა მოსახლეობის გამოკითხვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 17:54
ინტერვიუ
რისთვის ჩაატარა თემურ შაშიაშვილმა მოსახლეობის გამოკითხვა
ავტორი:
02 ოქტომბერი, 2014. 23:13

 

 

„თეთრების" ლიდერის, თემურ შაშიაშვილის განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რაიონში მათი საინიციატივო ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც ათი ათასამდე ადამიანს შეხვდნენ, გამოკითხვა ჩაატარეს და მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინეს.


რისთვის ჩატარდა გამოკითხვა, რა შედეგები მიიღეს და რას უპირებენ ამ შედეგებს?


„ალიას" „თეთრების" ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ესაუბრა:


- ბატონო თემურ, რა გამოკითხვა ჩაატარეთ და მათი შედეგები რისთვის გჭირდებათ?


- ეს შეხვედრები ამოცანად ისახავდა ერთ რამეს, საქართველოს მოსახლეობა უნდა მიეჩვიოს, რომ ვისაც აირჩევს, უფროსი კი არა, მისი მსახურია. მოსახლეობის 99 %-ს ჰგონია, რომ ვისაც ირჩევს, მისი უფროსი უნდა იყოს და ამაში უხადოს ხელფასი. ამ შეკრებისას ჩვენ გვინდოდა ხალხისთვის გვეთქვა, რომ დემოკრატიული მსოფლიო ცხოვრობს მხოლოდ ერთი კანონით - ხალხს აქვს კონტროლის ბერკეტი იმ დაპირებების შესრულებაზე, რითაც ხელისუფლება მოდის. ჩვენთან კი უნდათ, რომელიმე პარტიამ მოახდინოს მონოპოლიზება ყველა რესურსის. კი თქვა ივანიშვილმა, „მოქალაქეს" ვქმნი და ვაჩვენებ ხელისუფლებას, როგორ უნდა კონტროლიო, მაგრამ თქვა და დამთავრდა.


ჩემი პოზიცია ასეთია - პატიოსანი ხელისუფლება მოვა არა 4 წლის ვადით, არამედ შუა გზაზე ჩაატარებს ნდობის რეფერენდუმს. მან უნდა უთხრას ხალხს, რასაც დაგპირდით, თუ შეგისრულეთ ამ ორ წელიწადში რისი მოსწრებაც შეიძლებოდა, გამიგრძელეთ ვადაო. ასეთი ხელისუფლება არ აღმოჩნდა საქართველოში, „ქართული ოცნება" მიდის უტეხი გზით. უტეხად იმეორებს, რომ გაანახევრა სიღარიბე, მივდივართ წინ, ვართ ძლიერად... მრჩება შთაბეჭდილება, რომ ან არ იციან, რა განწყობაა ხალხში, ან იციან და უტეხად იქცევიან, როგორც მიღებულია დასავლურ პიარჯგუფებში, რომ რაც არ უნდა ცუდად იყოს საქმე, უნდა ილაპარაკო, რომ არის კარგად. ასე იქცეოდა ზუსტად „ნაციონალური მოძრაობაც", გვექცეოდა თავზე ქვეყანა და ის კიდევ ამბობდა, ავშენდითო.


- რას ამბობდა, მოსახლეობა, რას აღიქვამენ ყველაზე მტკივნეულად?

 

- ხალხმა თქვა, დაგვპირდნენ საარსებო მინიმუმს და შიმშილით ვკვდებითო. ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა. დღეს ადამიანს რომ ჰქონდეს აუცილებელი კვების რაციონი, აჭარბებს 450 ლარს, ამ დროს, რა არის რეალური საარსებო მინიმუმი, კაცმა არ იცის, მიზერულ თანხებს ასახელებენ. არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ განსაზღვრავს ხელისუფლება საარსებო მინიმუმს, ამას განსაზღვრავენ დამოუკიდებელი სააგენტოები. წინა ხელისუფლებას რომ არ აეშენებინა რომელიმე შენობა, მაგალითად, საპრეზიდენტო სასახლე ან პარლამენტი ქუთაისში და გაეკეთებინა ისე, როგორც ევროპულმა ქვეყნებმა და ამათაც ხალხის ბანკებიდან გატანილი ფულის საპროცენტო განაკვეთი გადაეხადათ და მერე მოსახლეობას ნელ-ნელა დაებრუნებინა სახელმწიფოსთვის, ახლა ასეთი მძიმე სოციალური ფონი არ იქნებოდა.


ვხვდებოდი ადამიანებს, რომლებიც ტიროდნენ და გარწმუნებთ, გული გაგიჩერდებათ, რაზე საუბრობენ იმერეთში, აჭარაში... მე დალხინებული არავინ მინახავს. დაჰპირდათ ცხოვრების გამოსწორებას ეს ადამიანი და ამიტომაც აირჩიეს, თორემ ივანიშვილს რომ ფული არ ჰქონდეს, ვინ აირჩევდა? ხალხის შეცდომა იმაში იყო, რომ დაუჯერეს. არ მომხდარა ჯერ მსოფლიოში, მილიარდერს გადაერჩინოს ხალხი და ქვეყანა, არ მომხდარა არც ის, რომ ბელადს მოეტანოს რამე კარგი ქვეყნისთვის.


- ხალხს მოუსმინეთ, მათი პოზიცია იცით, შემდგომი ნაბიჯი რა იქნება?

 

- ამ საინიციატივო ჯგუფებში პოლიტიკოსები არავინ არის ჩემს გარდა, უამრავი ღირსეული პიროვნებაა, ინტელიგენცია. ეს ის ხალხია, რომლებიც ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას" უკან დაჰყვებოდა არჩევნების დროს, ხალხს ეხვეწებოდნენ, აირჩიეთ ბიძინა ივანიშვილიო. ეს ხალხი ბიძინას მტრები კი არ არიან, მეგობრები არიან. ანსამბლ „რუსთავის" სოლისტია საინიციატივო ჯგუფის წევრი, დავით გველესიანი და ამბობდა, ყველა შეკრებაზე დელეგატი ვიყავი და მიმაჩნდა, რომ სწორად ვიქცეოდი, როცა ბიძინა ივანიშვილს მხარს ვუჭერდი, მაგრამ შინაგანი სინდისის ქენჯნა მაქვს, როცა ხალხში გავდივარ და ვხედავ როგორ ცხოვრობენო. ამ ინტელიგენტი ხალხის თხოვნა იყო, მძაფრი არ ვყოფილიყავით, მათ თქვეს, მივცეთ შანსი და საშუალება ხელისუფლებას, ჩააბაროს ანგარიში ხალხსო. ასეთ დროდ შეარჩიეს ოქტომბერი. პრემიერმა უნდა მოუწოდოს ყველა გამგებელსა და დეპუტატს, გამოვიდნენ და ანგარიში ჩააბარონ საჯაროდ, მერე თავად გამოვიდეს და ჩააბაროს ხალხს ანგარიში. ამაზე მეტი რა ქნას ინტელიგენციამ, ჯიბრით კი არ იქცევიან, კიდევ აძლევენ შანსს მათ.


ჯიბრში არავის ვუდგებით, მაგრამ ყველა შეწუხდა, როცა პრემიერმა თქვა, სიღარიბე განახევრდაო. როგორ შეიძლებოდა ამ 9-წლიანი რეჟიმის მერე სიღარიბის განახევრება, როგორც არ უნდა მოენდომებინა ახლანდელ ხელისუფლებას? ხელისუფლებას ეს ტრაბახი არ სჭირდება, პირიქით, ხალხს უნდა უთხრას, ძალიან ვცდილობ, რაც შემიძლია, ვაკეთებო. კი, ბატონო, გაეროს ტრიბუნაზე კარგად გამოვიდა ღარიბაშვილი, მაგრამ გული დამწყდა, რომ წყლის ორი წვეთივით ჰგავდა წინა ხელისუფლების გამოსვლებს, რომ მივდივართ წინ, ვართ კარგად, დემოკრატიულია ქვეყანა, სიღარიბე მცირდება, კორუფციას ვამარცხებთ. 22 წელია, მივდივართ წინ და ამას ვეუბნებით უცხოეთს, აბა, ხალხს ვკითხოთ, თუ მივდივართ წინ...


- ბატონო თემურ, რეგიონებში სიარულს ფული სჭირდება, მანქანის, საწვავის... რომ ამბობთ, არავინ გვაფინანსებსო, ამას რა ხარჯებით აკეთებთ?

 

- საინიციატივო ჯგუფები შექმნილია ადგილებზე. თბილისიდან არავინ მოძრაობს, ზოგ ჩვენგანს თავისი საქმეების გამოც უწევს ჩასვლა რეგიონებში, მაგალითად, ბატონი დავით გველესიანი ლექციებს კითხულობს, კონცერტებს ატარებს. შესაბამისად, ხალხსაც ხვდება. ქუთაისში გოგიტა გეგელაშვილმა გააკეთა სერიოზული გუნდი,  ისევე როგორც ზუგდიდში კახა მიქაიამ, რომელთანაც ძალიან ინტენსიურად ვურთიერთობთ. ფული მართლაც სჭირდება ამ საქმეს, მაგრამ ნოემბრიდან დასჭირდება. მონდომება და განწყობაა მთავარი.


- ნოემბერში ფული დაგვჭირდებაო. რისთვის გჭირდებათ და რამდენი?

 

- საჭირო იქნება, მაგალითად, 1500-2000, რომ მასალა დაიბეჭდოს, როგორია მთლიანი საქართველოს მოსახლეობის განწყობა, რათა რაიონებში გაიგზავნოს და ხალხმა ნახოს, სხვა რაიონებში ხალხი რას ფიქრობს.


- არ გამოვიდა ხელისუფლება, არ ჩააბარა ხალხს ანგარიში. ამის მერე რას აპირებთ?


- ნოემბრის დასაწყისში იკრიბება ეს საინიციატივო ჯგუფი და იმის მიხედვით, როგორი იქნება ხელისუფლების განწყობა, როგორ მოიქცევა, ჩვენც მოვიფიქრებთ სამოქმედო გეგმას.


- ბატონო თემურ, თქვენ იყავით ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ყოველთვის საუბრობდა ოპოზიციის გაერთიანების აუცილებლობაზე. ახლა როცა არასაპარლამენტოები ჩუმად არიან და სადაცაა არჩევნები კარს მოგვადგება, არ აპირებთ მათთან ერთობლივად მოქმედებაზე დალაპარაკებას?

 

- ეს დრო დიდი ხანია  დგას, მაგრამ საქმე ისაა, რომ ყველა პოლიტიკოსი იმაზე მეტად ამბიციურია, ვიდრე შინაგანი ძალა აქვს ამის. ხალხია მთავარი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში და ტყუილად ჰგონიათ პოლიტიკოსებს, რომ თავად არიან მთავარი. პოლიტიკური პარტიები ხალხით არ ცხოვრობენ და რომელი ერთობა არის შესაძლებელი? ამ მომენტებმა გაამხეცა ველური „ნაციონალური მოძრაობა" და კაცმა არ იცის, როგორ ისარგებლებენ ისინი ამით.

 

ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016