16 ოქტომბერს წიგნის სახლ „ლიგამუსში" ილიას უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბის ორგანიზებით, მწერალი და მთარგმნელი ირმა ტაველიძე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2014 წლის ლაურეატზე, ფრანგ მწერალ პატრიკ მოდიანოზე ისაუბრებს.
რამდენიმე დღის წინ შვედეთის აკადემიის მიერ მოდიანოსთვის საპატიო ტიტულის მინიჭებამ მკითხველში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. პატრიკ მოდიანო თითქმის უცნობია არაფრანგულენოვანი მკითხველისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მისი წიგნები მრავალ ენაზეა ნათარგმნი.
პატრიკ მოდიანოს შემოქმედების ნაწილი ქართულადაცაა თარგმნილი, თუმცა ნაკლებადაა ცნობილი ქართველი მკითხველისთვის.
კრიტიკოსები მოდიანოს გამქრალი სამყაროების მწერალს უწოდებენ - მისი თითოეული ნაწარმოები იწყება წარსულიდან და დეტალების საოცარი აღწერით ერთ გრძელ ამბავს ჰყვება გამქრალ ისტორიებზე - მეორე მსოფლიო ომზე, ომის შემდგომ პარიზზე.
მკითხველთან შეხვედრაზე ირმა ტაველიძე შეეცდება, ქართველ მკითხველს პატრიკ მოდიანოს უცნობი სამყარო გააცნოს და მისთვის საინტერესო გახადოს.