დღევანდელ დროში გამოუძინებლობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. 1942 წელს, რიგითი ადამიანი ძილში საშუალოდ 8 საათს ატარებდა, მაშინ, როდესაც თანამედროვე განვითარებულ სამყაროში ეს მაჩვენებელი 6,8-მდე დაეცა. თუმცა, რეკომენდირებული 7-9-მდე ძილია. როგორც აღმოჩნდა, გამოკითხული ამერიკელების 40% 7 საათზე ნაკლებ დროს ატარებს ძილში, ხოლო 70 მილიონი აშშ-ს მოქალაქე იტანჯება ძილის დარღვევებით. ყველა ჩვენგანმა იცის, როგორი მნიშვნელოვანია საკმარისი ძილი, მაგრამ ცოტა თუ ხვდება, რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს არასაკმარისმა ძილმა.
წარმოგიდგენთ ჩამონათვალს, სადამდეც უძილობას ან ძილის დაღვევებს მივყავართ.
გაღიზიანება
ებრაელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გამოუძინებლობის შემთხვევაში ირღვევა ემოციური სტაბილურობა, რასაც ადამიანი გაღიზიანებამდე მიჰყავს. ასეთ დროს ადამიანებს უჭირთ რაიმე საქმის ბოლომდე მიყვანა.
თავის ტკივილი
მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, რითი არის დაკავშირებული ძილის დარღვევები თავის ტკივილთან, მაგრამ მედიკოსებმა ეს კავშირი უკვე საუკუნეზე მეტია რაც დაადგინეს. უძილო ღამეებმა ადამიანი შესაძლოა გამუდმებულ თავის ტკივილებამდე მიიყვანონ. როგორც აღმოჩნდა, 36-58% იმ ადამიანებისა, რომელთაც ძილის აპნოე, ანუ ზედა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ძილის დარღვევა ახასიათებთ, დილით ამოუხსნელი თავის ტკივილებით იღვიძებენ.
მეხსიერება
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ არასაკმარისი ძილის დროს, საგრძნობლად ეცემა ხანმოკლე მეხსიერების ფუნქციონირება, რის გამოც, ადამიანს უჭირს ახალი მასალის ათვისება.
წონის პრობლემა
ძილის უკმარისობა იწვევს წონის მატებას და აძლიერებს შიმშილის გრძნობას. უძილობაც ერთგვარი სტრესია, რომელიც არღვევს ჰორმონალურ ბალანსს, აიძულებს ორგანიზმს, წარმოქმნას მცირე რაოდენობით ლეპტინი, გაცილებით დიდი რაოდენობით გრელინი, შედეგად ადამიანს გამუდმებით შია.
გულის დაავადებები
როდესაც მკვლევარებმა, ექსპერიმენტის მონაწილეები ფხიზლად 88 საათის განმავლობაში დატოვეს, მათ წნევა აეწიათ, ეს ალბათ არ წარმოადგენს დიდ სიურპრიზს. თუმცა, მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ ის ადამიანები, რომელთაც საკმარისად არ სძინავთ ან ძილის დროს ხშირად იღვიძებენ და შფოთავენ უფრო მეტად არიან მიდრეკილები გულ-სისხლძაღვთა დაავადებების მიმართ ვიდრე დანარჩენები.
ინფექციები
ერთი უძილო ღამეც კი თქვენს ორგანიზმს რისკის ქვეშ აყენებს და იმუნური სისტემის დაქვეითებას უწყობს ხელს.
ციება
თუკი ფიქრობთ, რატომ ცივდებით ხშირად, მაშინ როდესაც მთელ დღეებს თბილ ოფისში ატრებთ, პასუხი - არასაკმარისი ძილია. მეცნიერებმა 153 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფში ჩაატარეს კვლევა, ექსპერიმენტის მონაწილეთა ერთ ნაწილს 8 საათი ან უფრო მეტი ხანი ეძინა, ხოლო მეორე ნაწილს 7 საათზე ნაკლები. ამის შემდეგ ისინი ერთნაირად ცივ ტემპერატურაში მოათავსეს. ექსპერიმენტმა ცხადჰყო, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ძილის უკმარისობა აწუხებდათ სამჯერ უფრო ხშირად ხდებოდნენ ავად, ვიდრე ისინი, რომელთაც სრულფასოვანი ძილით ეძინათ.
დიაბეტი
უძილობა შეიძლება დიაბეტის გამოწვევის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი გახდეს, რადგან ამ დროს ირღვევა მეტაბოლიზმის პროცესი.
სიკვდილი
ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა პირდაპირ კავშირშია ძილთან, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ადამიანებში, რომელთაც 7-8 საათზე ნაკლებ ხანს სძინავთ, უფრო მაღალია სიკვდილის რისკი.
( მოამზადა ნინო მჟავანაძემ )
( წყარო www.businessinsider.com )