reportiori.ge - რუსუდან შარაძე: მამაჩემის მკვლელობის სცენარი დათა ახალაიას ავადმყოფ თავში დაიბადა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 17:49
ინტერვიუ
რუსუდან შარაძე: მამაჩემის მკვლელობის სცენარი დათა ახალაიას ავადმყოფ თავში დაიბადა!
ავტორი:
20 ოქტომბერი, 2014. 21:27

 

 

პროკურატურამ გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს საქმე პირად კონტროლზე აიყვანა. გურამ შარაძის ქალიშვილსб რუსუდან შარაძესб იმედი აქვს, რომ საქმე ახალ წლამდე გაიხსნება და წინა ხელისუფლების მიერ მკვლელად აღიარებული, უდანაშაულო გიორგი ბარათელი გათავისუფლებული იქნება:


- ვინაიდან წინა ხელისუფლების მიერ სასამართლო ჩატარებული იყო და „მკვლელიც" - დასჯილი, სამართლებრივად, მამაჩემის საქმის ხელახალ ძიებაში დაბრუნება 2012 წლის შემოდგომიდან 2014 წლის ზაფხულამდე არ ხერხდებოდა. ჯერ კიდევ არჩილ კბილაშვილთან მქონდა შეტანილი უამრავი ახალაღმოჩენილი გარემოება, მაგრამ მან პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალა. 2014 წლის მაისიდან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მამაჩემის საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და მას შემდეგ ინტენსიური ურთიერთობა მაქვს როგორც საქართველოს მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილთან, ასევე მის პირველ მოადგილესთან - ირაკლი შოთაძესთან. რამდენიმე დღის წინათ შევხვდი თბილისის პროკურორს მიხეილ შაყულაშვილსა და ორ გამომძიებელს, ვერსიები შევაჯამეთ. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის გამომძიებლებმა საქმე აურ-დაურიეს, მტკიცებულებები არსებობს.


- რა ახალი გარემოებები იკვეთება საქმეში?

 

- ახალი გარემოებები ეყრდნობა მოწმეთა ჩვენებებს, „ალდაგის" ფირს, საქმის მასალებს. შვიდი წლის განმავლობაში ვინახე მოწმეთა გვარ-სახელები და მათი დიდი მადლობელი ვარ, რომ ტერორს არ შეუშინდნენ და გულახდილად მიამბეს მომხდარის შესახებ. მივმართავ ყველას, ვინც მამაჩემის მკვლელობას შეესწრო, გამომეხმაურეთ და მონაწილეობა მიიღეთ გურამ შარაძის მკვლელობის გახსნაში.


- პროკურატურა რა ვერსიებზე მუშაობს?

 

- საქმეს რომ არ ვავნო, დეტალებისგან თავს შევიკავებ. მე ჩემი ვერსია მაქვს: მამაჩემი ყოველ კვირას მძღოლს სახლში უშვებდა, თვითონ საჯარო ბიბლიოთეკაში მიდიოდა, იქიდან კი სახლში ფეხით ბრუნდებოდა (საჯარო ბიბლიოთეკიდან ჭავჭავაძის გამზირამდე). მკვლელებმა მისი მარშრუტი იცოდნენ, იმ დღეს ერთი მკვლელი - გრძელსახელოიან ქურთუკში ჩაცმული, მამაჩემზე მაღალი (და გიორგი ბარათელზე მაღალიც) - უკან მიჰყვებოდა, ხოლო მეორე მკვლელი - მოკლესახელოიან პერანგში - ადგილზე ელოდებოდა (მელიქიშვილის გამზირზე). მამაჩემს პირველად იმან ესროლა, რომელიც უკან მოსდევდა, ხოლო ადგილზე მყოფმა - ორი საკონტროლო გასროლა განახორციელა. ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს „ალდაგის" ფირზე. სროლის შემდეგ, ერთი გაიქცა შანიძის ქუჩაზე და პეტრიაშვილის ჩიხით კეკელიძის ქუჩაზე გავიდა სამშვიდობოს. მეორე - მელიქიშვილიდანვე გავიდა უსაფრთხო ადგილას. მკვლელობიდან ნახევარ საათში გიორგი ბარათელი მიიყვანეს შანიძისა და ხორავას გადაკვეთაზე, აიძულეს, ის გზა გაევლო, რაც ნახევარი საათის წინ მკვლელმა გაიარა და შემდეგ დააკავეს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წლის შემოდგომაზე, გიორგი ბარათელმა პროკურორს ჩვენება მისცა და დაადასტურა, რომ ის შანიძისა და ხორავას ქუჩების გადაკვეთაზე მამაჩემის მკვლელობის შემდეგ მიიყვანეს და მკვლელობის თავის თავზე აღება აიძულეს. მკვლელობის მთელი ეს სცენარი პათოლოგი ადამიანების და, კონკრეტულად, დათა ახალაიას ავადმყოფ თავში დაიბადა, თორემ თავისუფლად შეეძლოთ, მამაჩემს სადარბაზოში დახვედროდნენ და მოეკლათ. ეს იყო დემონსტრაციული დახვრეტა, რათა ხალხს მკვლელობისათვის პოლიტიკური სარჩული არ დაედო. ფირიც ალიბის შესაქმნელად გადაიღეს, მერე სათქმელი რომ ჰქონოდათ, კამერების წინ ადამიანს ხომ არ მოვკლავდითო! კიდევ კარგი, რომ ეს ყველაფერი მართლაც ფირზეა აღბეჭდილი და ამას უამრავი მოწმე ჰყავს. ეს რომ არა, ვერასდროს დავამტკიცებდით, ვინ მოკლა გურამ შარაძე.


- ამ რამდენიმე დღის წინათ საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაია ქართულ მხარეს არ გადმოსცა...

 

- ვინც დათა ახალაიას ჰყავს გამწარებული, მათ ნაცვლად ვერაფერს ვიტყვი, პირადად ჩემთვის კი, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ სად დაასრულებს თავის გახრწნილ სიცოცხლეს - იქნება ეს შემკვეთი სააკაშვილი თუ „სცენარის" ავტორი ახალაია. რომ გითხრათ, მეწყინება სააკაშვილი და მისი ბანდა ციხეში ვიხილო-მეთქი, დამიჯერებთ? ჩემი უპირველესი მიზანი და სურვილია, რომ მკვლელს მკვლელი დაერქვას!


- სად ინახება „ალდაგის" ფირის ორიგინალი?

 

- სამეგრელოს სამალავებში აუცილებლად ექნებოდათ ამ ფირის ორიგინალი. მე „გამოშიგნული" ფირი მოვიპოვე, წამობრივად გავარჩიე კადრები, გიორგი ბარათელი იმ დღეს მელიქიშვილზე საერთოდ არ ყოფილა.


- გიორგი ბარათელთან გასაუბრების საშუალება თუ მოგეცათ?

 

- მხოლოდ სასამართლოში ვნახე, როცა „შტირის ინციდენტი" მოხდა და ორი წელი კიდევ დაუმატესю სოზარ სუბარის სინდისზე იყოს, მომატყუა, ბარათელთან შესვლისა და საუბრის საშუალებას მოგცემო, ხელზე დამიხვია, ბოლოს კი უარით გამომისტუმრა - კანონი უფლებას არ მაძლევს, რომ ბარათელთან შეგიშვაო. მკვლელი სააკაშვილის კანონი არ იძლეოდა ამის უფლებას? მაშინ რატომ დამპირდა?


ჯერ კიდევ 2007 წელს გამართულ სასამართლო პროცესზე გიორგი ბარათელს ვუთხარი, მკვლელი არ ხარ-მეთქი. თავი ჩაღუნა და ატირდა. წარმომიდგენია, რა ტანჯვა გამოიარა და ვთხოვ პრეზიდენტს, თუ პატიმრების შეწყალების უფლება აქვს, შეიწყალოს უდანაშაულოდ ციხეში მყოფი გიორგი ბარათელი.


- მკვლელობიდან 7 წლის შემდეგ, რა შეგიძლიათ თქვათ - რატომ მოკლეს გურამ შარაძე, თანაც ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან ზუსტად 100 წლისთავზე?

 

- მაპატიეთ შედარებისთვის, მაგრამ რატომ მოკლეს ილია ჭავჭავაძე? ანალოგიურად მოექცნენ მამაჩემსაც - ის ილია არ იყო, მაგრამ იყო მისი მიმდევარი. მამაჩემის მკვლელობით თითქოს ისტორია განმეორდა. მკვლელობის შემდეგ პარლამენტმა ერთ თვეში დაამტკიცა თურქი-მესხების საქართველოში შემოყვანის საკითხი, მიზეზები კიდევ მაშინ გაირკვევა, როდესაც მუზეუმებში სრულფასოვნად ჩატარდება ნივთების აღწერა და გამოჩნდება, რამდენი რამ არის უცხოეთში გატანილი და არდაბრუნებული. ნინო მიქიაშვილს აქვს ამის დამამტკიცებელი 200-გვერდიანი დოკუმენტაცია. საფრანგეთში ლევილის მამულის გასხვისებასაც ხომ ითხოვდა წინა ხელისუფლება... ამევე დროს, სააკაშვილს ძალიან მწარედ ახსოვდა მამაჩემის მიერ მის ხუთჯვრიან დროშზე  გამოთქმული მოსაზრებები! თუმცა, 2007 წლის მაისში დროშაზე მეტად აქტუალური გახდა სხვა თემები და, როგორც აღვნიშნე, პირველ რიგში, იყო განძისა და თურქი მესხების საკითხები.


- რა განცხადება გააკეთა სააკაშვილმა გურამ შარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით? და თუ გამოთქვა მწუხარება ისტორიკოსმა გიული ალასანიამ კოლეგის მკვლელობის გამო?

 

- კურდღელი სააკაშვილი რას იტყოდა - ვერც დებატებში ჯდებოდა მამაჩემთან და მკვლელობის შემდეგ ხომ სრული იგნორი გაუკეთა. ნაციონალებიდან მამაჩემის პანაშვიდზე ერთადერთი კაცი მოვიდა - კახეთის რეგიონიდან თამაზ ხიდაშელი, რომელსაც, შემდეგ კინაღამ თავი გაუტეხეს. კახა ლომაია სამსახურში იბარებდა ხალხს, შარაძის პანაშვიდზე არ წახვიდეთო. არც ნინო ბურჯანაძემ იკადრა მოსვლა, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო. მამაჩემი ახლა რომ მოეკლათ, ალბათ, ჭირისუფლად დაჯდებოდა. რაც შეეხება გიული ალასანიას - ის კი არა, ნაცნობებიც კი, დამინახავდნენ თუ არა, ერთი ტროტუარიდან მეორეზე გადადიოდნენ, ეგონათ, „გამარჯობა" რომ ეთქვათ, დააპატიმრებდნენ. პანაშვიდზე მოსვლის იმათაც ეშინოდათ, დღეს რომ მამულიშვილებად იწოდებიან, მეუბნებოდნენ - ნურაფრის გეშინიაო... მეშინოდა, მაგრამ შიშით ვერ ვიცხოვრებდი.


- ვინ ჩაატარა გურამ შარაძის ცხედრის ექსპერტიზა?

 

- არ ვიცი, მაგრამ ჩემს მოკლულ ძმას- ლაშა შარაძეს ექსპერტიზა ჩაუტარა სწორედ ლევან ჩაჩუამ. ხომ ხედავთ, როდის უწია ჩემი ძმის ცოდვამ. ჩემი ძმა მძინარე მოკლეს 1998 წლის 15 ივნისს, ექსპერტებმა თამარ დეკანოსიძემ და მაია ნიკოლეიშვილმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს იყო მკვლელობა, მაგრამ ლევან ჩაჩუამ - ამ ნაძირალამ (პირდაპირ დაწერეთ), დასკვნა დადო, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. მიპასუხოს ჩაჩუამ, მძინარე ადამიანი, რომელსაც ტანზე საბანი ჰქონდა შემოხვეული და თავი იდაყვზე ედო, თავს როგორ მოიკლავდა?! საფეთქელში ისროლა, თავი იდაყვზე დაიდო და შემდეგ იარაღი გადააგდო? ჩაჩუას ცოდვამ უწია, ხომ ხედავთ, ახლა სად ზის. ჯერ სად არიან, აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება. ჩაჩუას აღარ გამოუვა ის, რაც ჩემს ძმაზე გააკეთა, ბავშვმაც კი იცის, რომ ზურაბ ჟვანია მოკლულია და ახლა ჩაჩუა რას ამტკიცებს?! ჩემს ძმაზე დარდს ატარებდა მამაჩემი, მაგრამ უკან არ იხევდა... რამდენიმე წლის წინათ დედაჩემს დააჯახეს ავტომანქანა, საშინლად დაშავდა, მაგრამ არ გამტყდარა. ბოლო დღეები კომაში იყო, სიკვდილს ებრძოდა. ექიმები მისი გამოჯანმრთელების იმედს არ მაძლევდნენ, მაგრამ რამდენიმე დღის წინათ, როცა თვალები გაახილა და დახამხამებით მანიშნა, რომ ჩემი ესმოდა, მეგონა, კარგად გახდებოდა. სამწუხაროდ, დედა გარდაიცვალა. გული მტკივა, რომ მამაჩემის მკვლელების მხილებას ვეღარ დაელოდა.


- სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავს, რამდენიმე დღის წინათ სოციალურ ქსელში ვრცელი მიმართვაც გაავრცელა...

 

- როგორც მამაჩემი ვერ დაბრუნდება იმქვეყნიდან, ისე ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში სააკაშვილი და მისი მკვლელების ბანდა! სააკაშვილი არის ნარკოტიკისგან გახრწნილი, მოსიარულე ლეში. საკითხავია, სარკეში როგორ იყურება, ან ოჯახის წევრები რას ეუბნებიან! ცოტა ხანში დამტკიცდება, რომ სააკაშვილი მკვლელია და თავის ადგილს მიუჩენენ. მის თანამოაზრეთა ქცევა კი განწირული ადამიანების ბოლო გაფართხალებაა, რომლებიც უცხოელი ლობისტების საშუალებით ცდილობენ თავის გადარჩენას.

 

- ძირითადად, უცხოეთში ცხოვრობთ, როგორია ზოგადი აზრი მიხეილ სააკაშვილის შესახებ?

 

- ვინც სააკაშვილს იცნობს, ყველამ იცის, რომ გიჟია!

 

ესაუბრა ქეთევან ხამიცაშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016