reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: დაგეგმილია პროვოკაცია, მოხდება იარაღის გასროლა და, სავარაუდოდ, ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაიჭრება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 17:48
ინტერვიუ
ნიკოლოზ მჟავანაძე: დაგეგმილია პროვოკაცია, მოხდება იარაღის გასროლა და, სავარაუდოდ, ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაიჭრება!
ავტორი:
21 ოქტომბერი, 2014. 19:08


„ალია" „უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელს ნიკოლოზ მჟავანაძეს ესაუბრა:


- რა განცხადებებიც ამ ბოლო დროს გავაკეთეთ, უმრავლესობა რეალობად იქცა, მაგრამ რასაც ახლა ვიტყვი, ძალიან არ მინდა, ასრულდეს, გამომდინარე მისი სიმძიმიდან, მაგრამ ინფორმაცია მოვიდა და უნდა გავაჟღერო. „ნაციონალური მოძრაობა" უკვე იქამდე მიდის, რომ, რაც შეიძლება, მალე მოხდეს სიტუაციის ესკალაცია. ამის დასტურია ის, რაც 19 ოქტომბერს მოხდა პრემიერის სახლთან. გასაგებია, რომ სიტყვისა და აზრის გამოხატვა ნებადართულია, მაგრამ არ მახსოვს, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს სახლში მივარდნოდა ვინმე იგივე შინაგან საქმეთა მინისტრს, პრემიერ-მინისტრს და სხვა მაღალჩინოსნებს, იყო კონკრეტულ რეზიდენციებთან და მთავრობის სახლთან აქციები, მაგრამ საცხოვრებელ სახლთან გახსენდებათ მსგავსი აქცია?  ყველაფერი გამიზნულია იქითკენ, რომ, რაც შეიძლება, მეტი ექსცესი და პროვოკაცია მოხდეს და ხელისუფლების იმიჯი საზღვარგარეთ იქნას შერყეული, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო აშკარად მოიკოჭლებს.


- რაც შეეხება ახალ ინფორმაციას?

 

- როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, „ნაციონალებსა" და მის სატელიტ ორგანიზაციებს დაგეგმილი აქვთ პროვოკაცია, რომლის შედეგადაც მოხდება იარაღის გასროლა და ამის შემდეგ, სავარაუდოდ, ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაიჭრება, ეს შემდეგ მოინათლება, როგორც შეიარაღებული თავდასხმა. ანუ, თუ პარალელს გავავლებთ 1991 წლის 2 სექტემბერთან, კინოს სახლთან გასროლა რომ მოხდა, როცა ზუსტად ამ დღის შემდეგ მოინათლა გამსახურდია ევროპაში დიქტატორად და საკმაოდ იმუშავეს მაშინდელმა ამფსონებმა მოსკოვში, იგივე გეგმაა ახლაც.

 

- ამბობთ, „ნაციონალების" სატელიტებიო და, კონკრეტულად რომელ სატელიტს გულისხმობთ?

 

- იმ უამრავ არასამთავრობოს, რომლებიც ამ ბოლო დროს სოკოებივით ამოიზარდა: „თავისუფალი ზონიდან" დაწყებული, „ივერია", ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია გააკეთა ამ ბოლო დროს კრწანისის ყოფილმა გამგებელმა ხათუნა ბერძენიშვილმა, რომელშიც ასევე გაერთიანებულიარიან ყოფილი „ნაციონალები", რომელი ერთი გითხრათ, ყველა სატელიტია. მივმართავ ხელისუფლებას, ყურადღება მიაქციოს ამ საკითხს და ბოლოს და ბოლოს მარტო 315-ე მუხლით საქმის აღძვრა, რაც კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივ შეწყვეტასთანაა დაკავშირებული, არ კმარა. ყველა ვხედავთ, რომ გარკვეული ნაბიჯები „ნაციონალების" მხრიდან უკვე იდგმება, რათა ხელისუფლება დაემხოს და ამას უნდა აღკვეთა. გაიხსენეთ, ორმა სექტემბერმა დიდად განაპირობა გამსახურდიას ჩამოგდება, რასაც შემდეგ კიდევ მოჰყვა, რამდენიმე სცენარი, ასე ნელ-ნელა გროვდებოდა ყველაფერი და ეს პროცესი დღესაც დაწყებულია. თან გვახსოვს უგულავას მოწოდება: კოალიციის მხრიდან უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლაო, რადგანაც „ნაციონალებს" არავინ გაჰყვებაო და ეს ფაქტებიც სახეზეა, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ეს ხალხი სისხლისღვრასაც არ მოერიდება. შეგახსენებთ კიდევ ერთ ფაქტს: „კმარას" წესდებაში იყო ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, სადაც ეწერა, რომ თუ სიტუაცია მოითხოვდა, წევრებს თვითდაზიანებები უნდა მიეყენებინათ. წიკლაურის ვითომ ცემა რა იყო? ჩემი აზრით, ამ ადამიანმა თვითდაზიანებები მიიყენა და ახლაც ანალოგიურად მოხდება, მაგრამ უფრო მძიმე შემთხვევებთან გვექნება საქმე.

 

- რამდენად სანდოა თქვენი ინფორმაცია?

 

- ჩვენ ეს ინფორმაცია სანდო წყაროსგან ვიცით, რომლის სახელსაც, ბუნებრივია, ვერ დავასახელებ. პროცესი უკვე ღრმად არის წასული: ჟურნალისტებს უკვე ქუჩაში ხვდებიან და უმოწყალოდ სცემენ და სახლებში გვივარდებიან და ესენი ამბობენ, რომ საქართველოში დიქტატურაა? რა, სახლში მივარდნები სწორია და იქ ვინმეს დაკავება არ არის სწორი?


- 20 ოქტომბერს გივი თარგამაძე წერდა სოციალურ ქსელში, მხდალმა ჰაკიმმა მთელი პოლიცია შეყარა, სასტიკად დაარბია აქცია და ბევრია დაკავებულიო.

 

- ახლა წარმოგიდგენიათ, 2 სექტემბერივით სისხლი რომ დაიღვრება, იმას „ნაციონალებთან" დაახლოებული სხვადასხვა მედიასაშუალებები რომ დაატრიალებენ? 19-ში ისედაც მოხდა იმ აქციის გაშუქება, თითქოს „ნაციონალები" კი არ მოვიდნენ პრემიერის სახლთან შეურაცხმყოფელი სიტყვების ძახილით, პოლიცია მიუვარდა ამათ სახლებში. საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის პირადი ცხოვრება არის ხელშეუხებელი და არავის აქვს უფლება, შეიჭრას საცხოვრებელში და აუწიოკოს იქაურობა. მესმის, აქცია ჩატარებულიყო პრემიერის რეზიდენციასთან, მთავრობის კანცელარიასთან, მაგრამ მათი თავხედობა იქამდე მივიდა, რომ უკვე სახელმწიფო ინსტიტუციების ნგრევაზე მიდიან.


- რას გულისხმობთ?

 

- პოლიციასთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელ სიტყვებსა და გამონათქვამებს რომ ვისმენთ. გავიხსენოთ, 90-იანი წლები, როცა პოლიციელებს პანჩურებს ურტყამდნენ, რადგანაც ასეთი პროცესი იყო მაშინ დაწყებული და ახლაც აქეთკენ მიჰყავთ საქმე. ეს ხალხი იმდენად ყველაფერზე წამსვლელია, უკვე მომწიფდა საქმე სისხლის დაღვრაზეც. ამიტომ, ის ხალხი, ვინც ფულს იღებს, რომ ხელისუფლება დაამხოს, უნდა იქნეს დაკავებული: ადვოკატობა არ არის მანტია და ხელშეუხებლობის იმუნიტეტი და არც ის დამნაშავე ადვოკატი არ უნდა დავიცვათ. გაგიგიათ, ადვოკატი სახლში უვარდებოდეს ვინმეს? სად ხდება ასეთი რამე? ამას ყველაფერს რომ ვუყურებ, გაკვირვებული ვარ ამ ხელისუფლების ლოიალობით. გურიაში ზედმეტად კეთილ, გულუბრყვილოსა და თავდახრილ ადამიანს, აბდალას ეძახიან და ნუ გაიაბდლებს თავს ეს ხელისუფლება! ბოლოს და ბოლოს, რამდენჯერ უნდა მოგვაყენონ შეურაცხყოფა და რამდენჯერ უნდა გადაგვიარონ, მაინცდამაინც „მუხა" უნდა ესროლონ მთავრობის სახლს „ნაციონალებმა", რომ ეს ხალხი პასუხისგებაში მიეცეს? თუ არსებობს ინფორმაცია, რომ ფული მოდის, რომ ხელისუფლება დაემხოს, ბოლოს და ბოლოს ხომ არსებობს უშიშროების სამსახური, რომ ეს ფაქტები გამოიძიოს.

 

- სხვათა შორის, გავრცელებული ინფორმაციით, როცა „ნაციონალები" პრემიერის სახლთან მივიდნენ, იქაური მოსახლეობა აგრესულად შეხვედრია მათ და არ არის საშიშროება, ამ ორ მხარეს შორის მოხდეს შეჯახება და პოლიციამ ვერ უშველოს?

 

- ცხადია, არის. გარდა ამისა, ვიღაცას ჰგონია საქართველოში, რომ მაინცდამაინც 1000 კაცი უნდა გამოვიდეს, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, მაგრამ როცა მედია ამათია და სამოქალაქო სექტორი კონტროლირებადი აქვთ, მათი ქმედებები არ არის საფრთხის შემცველი? გავრცელდა ინფორმაცია, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტებისგან თავი შეიკავეთო. ეს ხდება იმ დროს, როცა ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტრო რეალურად არ გვყავს და ის უშუალოდ„ ნაციონალების" ინტერესების გამტარებელია, რადგანაც ელჩები და საკონსულოს წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყნის იმიჯზე უნდა მუშაობდნენ, მის დისკრედიტაციაზე მუშაობენ და რაზეა ლაპარაკი? მამუკა ჟღენტი, რომელიც საქართველოს წარმომადგენელი იყო ევროპაში, ისეთი სიხარულით გადმოსცემდა გერმანიის ამ აბავს, ვერ აგიწერთ, მართლა სავალალო მდგომარეობაში ვართ და ხალხმა შეცდომებზე ხომ უნდა ისწავლოს რამე? 90-იან წლებში ასე დაიწყო ზვიად გამსახურდიას დიქტატორად მონათვლა და გავითვალისწინოთ ისტორიის გაკვეთილები. ხელისუფლება არხეინად რომაა და ჰგონია, არაფერი მოხდება, ისე მწარედ მოხდება, ყველა დავინახავთ, თუკი, არ გაატარეს ზომები. ეს ადამიანები როგორც ორს-სამ გვამს ითხოვდნენ სიტუაციის გამძაფრებისთვის, ისე დალაგდება უახლოეს პერიოდში სიტუაცია.


მინდა მჯეროდეს, რომ სანამ ეს ყველაფერზე წამსვლელი ხალხი სახლებში შემოგვივარდება, მანამდე უნდა ჩატარდეს პრევენცია. ისე ძალიან უცნაურია: 2012 წლის შემდეგ, როცა გვეგონა, დამთავრდა ყველაფერიო, 2 წლის შემდეგ აი, ასეთი სურათი მივიღეთ, იმის ნაცვლად, რომ ჩირგვებში იყვნენ შემძვრალნი, ასეთ ამბებს აპირებენ და გავფრთხილდეთ, რადგანაც ამათ ძალიან დიდი ლობი ჰყავთ ევროპაში და ეს ამბავი ცუდად მოგვიბრუნდება.


თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016