რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირზე „სკოჩის" ფიგურები გამოჩნდა, რომლებმაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. პროექტის ავტორი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი გაგუაა.
როგორც გიორგიმ „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა, რამდენიმე წლის წინ გაიგო ამერიკელი ხელოვანის მარკ ჯენკინსის შესახებ, რომელმაც მოიფიქრა წებოვანი ლენტით ფიგურების გაკეთება და გადაწყვიტა, ამ მასალით ინსტალაციები თვითონაც შეექმნა: „მისი ნამუშევრები და სპეციფიკა ძალიან მომეწონა. ჩავუჯექი და დავიწყე ათვისება. გადავწყვიტე, პროტესტი სხვადასხვა თემების მიმართ ამ მეთოდით გამომეხატა და ინსტალაციები შემექმნა. ნამუშევრებში კონკრეტული მესიჯების გარდა, მთავარი სათქმელი უფრო ისაა, რომ ხალხს შეეძლოს საკუთარი აზრის ძალადობრივი გზის ნაცვლად მშვიდობიანი მეთოდით გამოხატვა. ხალხის დაინტერესებითა და დადებითი რეაქციებით კმაყოფილი ვარ, „სკოჩის" ფიგურები ქალაქის სხვადასხვა ადგილას კვლავაც გამოჩნდება".