თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი, ჯაბა სამუშია მამუკა ახვლედიანის განცხადებას პასუხობს. შეგახსენებთ ახვლედიანის განცხადებით ,დღევანდელი რიგგარეშე სხდომა ლეგიტიმური არ არის და მის შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
როგორც ჯაბა სამუშიამ განმარტა, ორგანული კანონი და საკრებულოს რეგლამენტი უფლებას აძლევს საკრებულოს დეპუტატებს შეიკრიბონ და განიხილონ ის დღის წესრიგი, რომელიც მათ გააჩნიათ.
ახვლედიანის საპასუხოდ ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რომ ისინი სკამებისათვის არ იბრძვიან.
კომისიის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე არ მოხდება საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევნები და 26 ივლისამდე ეს საკითხი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად განიხილება.
ჯაბა სამუშიამ კომენტარი გააკეთა ასევე მამუკა ახვლედიანის განცხადებაზე, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ საკითხზე, ჯერჯერობით, კონსულტაციები არ მიმდინარეობს და ყველაფერი 26 ივლისს გაირკვევა.