reportiori.ge - თავისუფალი კინოჩვენებები ბავშვებისთვის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:45
კულტურა
თავისუფალი კინოჩვენებები ბავშვებისთვის
08 ნოემბერი, 2014. 14:38


რამდენიმე თვეა, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლებში, აივნებზე, სტადიონებზე ბავშვებისთვის კინოჩვენებები მიმდინარეობს. პროექტში კინომცოდნეები და, უბრალოდ, კინოს მოყვარული ადამიანები არიან ჩართული, რომლებიც სიამოვნებით აჩვენებენ ბავშვებს ფილმებს და დისკუსიებსაც წარმართავენ.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილე კინომცოდნე ანუკა ლომიძეა, რომელიც რეგიონებში ჩადის და ბავშვებს ფილმებს ყოველკვირეულად აჩვენებს.


-როგორ დაიწყეთ ახალი პროექტი და ვინ ახორციელებს მას?

 

 

 -პროექტს „ფონდი აჰუ-აჰუ კულტურის განვითარებისთვის" „საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებით კავშირთან" თანამშრომლობით  ახორციელებს.  ჩვენი მხარდამჭერია ეროვნული კინოცენტრი. „კინო სკოლაში" და „თავისუფალი კინოჩვენებები" პარტნიორი პროექტები არიან. ორივე პროექტის მიზანი კარგი ფილმების საფუძველზე აქტუალურ საკითხებზე დისკუსიების წარმართვა და საზოგადოების გაზრდაა, ასევე კულტურული ადგილების გაცოცხლება. უკვე დიდი ხანია, ქვეყანაში მუნიციპალური კინოთეატრები არ გვაქვს და აუცილებელია, ასეთი ცენტრები არსებობდეს. რეგიონებში თბილისიდან დავდივართ. აჭარაში და ქუთაისში გვაქვს კიდევ ერთი ცენტრი.ზაფხულში ქუჩაში ვაკეთებდით ჩვენებებს, აივნებზე, სახურავებზე, სარდაფებში, ვისაც სად შეეძლო, ყველგან აჩვენებდა ფილმებს. კინოჩვენებები რეგიონის 40 სკოლაში მიმდინარეობს  და პროცესს კინომცოდნეები უძღვებიან.



-რა მნიშვნელობა აქვს ფილმის ჩვენებებს და დისკუსიებს ბავშვების კულტურული განვითარებისთვის?

 

-სკოლებში გაკვეთილების ფორმატი ძირითადად ისეთია, რომ მასწავლებლები ლაპარაკობენ და ბავშვები უსმენენ. მსგავსი  დისკუსიები ზუსტად იმისთვის არის საჭირო, რომ ბავშვებმა ილაპარაკონ, ისინი თვითონ მივიდნენ იმ აზრებამდე და დასკვნებამდე, რასაც მასწავლებლები ეუბნებიან. განსხვავებული კუთხით დასვან ის კითხვები, რაზეც აქამდე არ დაფიქრებულან. ძალიან დიდი ძალისხმევა მჭირდება იმისთვის, რომ ეს ბავშვები გავხსნა და ავალაპარაკო. კარგა ხანს მარტო იმაზე მიწევს საუბარი, რომ ყველას აზრს ვიღებთ, ყველანი ერთმანეთს ვუსმენთ.  ფილმის ჩვენებები კულტურული განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია. მაგალითად, ერთ-ერთ ჩვენებაზე მეთერთმეტე ფილმად ვაჩვენე „რომეო და ჯულიეტა",  მეორე სკოლაში კი ახალი აუდიტორია იყო და   ბავშვებმა ფილმს ვერ უყურეს, მაშინ, როდესაც იმ აუდიტორიამ, რომელიც უკვე გამოცდილი იყო ასეთი ფილმების ჩვენებაში, „რომეო და ჯულიეტა" ჩვეულებრივად მიიღო და მოეწონა.

 

-რამდენად რთულია ბავშვებთან ურთიერთობა და დისკუსიის წარმართვა?

 

-თავიდან ყველაფერი იწყება რთულად, პირველად თუ შედიხარ ჯგუფში, სადაც „თრეშის" გარდა არაფერი უნახავთ და გეუბნებიან, რომ „უჟასი" გვაჩვენეო, ძალიან ბევრი ბარიერის გადალახვა გიწევს თუნდაც იმიტომ, რომ აჩვენო, რა არის რეალურად კინო და შეაყვარო ეს კინო. ყველა ინდივიდუალურად აჩვენებს ფილმებს, თავისი გადაწყვეტილების მიხედვით. გააჩნია, ვინ რა ფილმით დაიწყებს. აუდიტორიის წინასწარ შემზადება ხდება, მათ ვუყვები, რატომ ვაჩვენებ ამ ფილმს, რატომ არის აქტუალური, რა პოლიტიკური მდგომარეობა იყო იმ პერიოდში, რა პროცესები მიმდინარეობდა. ბავშვებს აჩვევ იმას, რომ ფილმი არ არის მარტო ყურება, ეს არის აზროვნება.

 


-როგორც ვიცი,  ბავშვებისთვის  „ნატვრის ხის"  ჩვენებას საინტერესო დისკუსია მოჰყვა. რატომ გადაწყვიტეთ ამ ფილმის ჩვენება?

 

-„ნატვრის ხის" ჩვენება ილიას უნივერსიტეტში ლექტორის მკვლელობის შემდეგ გადავწყვიტე. ტრაგედიის დროს იქ ვიყავი. იმდენად მოულოდნელი იყო ეს ამბავი ყველასთვის, რომ სტუდენტებმა როცა მომწერეს, ვერ ამოვდივართ, მკვლელობა მოხდა კორპუსშიო, მე ძალიან მშვიდად დავდე ტელეფონი, ჩვეულებრივად ვუთხარი ბავშვებს, მკვლელობა მოხდა კორპუსში, ლექციას ვერ ჩავატარებ-მეთქი. მხოლოდ მერე გავაანალიზე, რა მოხდა. იქიდან წამოვედი უსუსურობის განცდით, რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან. როცა არ იცი, რა გააკეთო შენ, როგორც რიგითმა მოქალაქემ, უნდა გაააკეთო მაქსიმუმი იმისთვის, რომ უკეთეს ქვეყანაში იცხოვრო. თუ ვიტყვით, რომ აბა მე რა გავაკეთო, რა გამომივაო, არაფერი უკეთესობისკენ არ წავა. თან როცა ამდენ მოსწავლესთან გაქვს ურთიერთობა, უნდა გამოიყენო ეს შესაძლებლობა. ამიტომ გადავწყვიტე, მომდევნო ჩვენებაზე ბავშვებისთვის „ნატვრის ხე" მეჩვენებინა და დისკუსია წარმემართა.


-რა რეაქციები მოჰყვა მარიტას ისტორიას ბავშვებში?

 

-თავიდან ერთხმად მითხრეს, მარიტას ვერც ბებია და ვერც მამა ვერ დაიცავდა, რადგან უკვე სხვა ოჯახის საკუთრება იყო, თავის დაცვის უფლებაც არ ჰქონდა, რადგან ოჯახის უფროსმა და სოფლის თავმაც გადაწყვიტეს მისი ბედიო. ოჯახის უფროს-უმცროსობაზე დავიწყეთ საუბარი. ბიჭებმა თქვეს, ოჯახს თავი უნდა ჰყავდესო, გოგონები  დაეთანხმნენ. კაცები უფრო ძლიერები ვართ, კაცებს სხვანაირი გონება გვაქვს, კაცებს უფრო მეტი შეგვიძლიაო...(პირდაპირ ვხედავდი და მესმოდა მაგალითები, ვის სიტყვებს იმეორებდნენ, სად ნათქვამს, რა გარემოში მოსმენილს..)

 

ამის შემდეგ დაფა ორად გავაყოფინე. მარჯვნივ გოგონები წერდნენ, რა ფუნქციები აქვთ ოჯახში ქალებს, მარცხნივ - ბიჭები... მერე ვთხოვე, ხაზი გაესვათ ისეთი ფუნქციებისთვის, რასაც ვერ გააკეთებს კაცი ან ვერ გააკეთებს ქალი. გოგონებს მაშინვე განსხვავებული თავდაჯერებულობა დაეტყოთ. მონდომებით წერდნენ და ნიშნისმოგებით ეუბნებოდნენ ბიჭებს, რომ მათაც შეუძლიათ იყვნენ კაცზე ფიზიკურად ძლიერები, გამოიმუშაონ ქმარზე მეტი ფული (თვითონვე მოიყვანეს მაგალითად უცხოეთში წასული ქალები, რომლებიც საქართველოში ოჯახებს კვებავენ), მიიღონ უკეთესი განათლება...  ბიჭებიც გაფიცხდნენ - ჩვენც შეგვიძლია თქვენზე გემრიელი საჭმლის მომზადება, ბავშვის მოვლა და გაზრდაც არ გაგვიჭირდება, სახლის დალაგებასაც არაფერი უნდაო! შედეგად ორივე მხარეს თანაბარი პლუსები ეწერა. ბიჭები დაბნეულები ჩანდნენ... გოგონები გახარებულები...

 

 ბავშვები მთელი კვირის განმავლობაში მწერდნენ და  თემის გაგრძელებას მთხოვდნენ. განსაკუთრებით გოგოებს ჰქონდათ სურვილი, მეტი ესაუბრათ ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე, პარტნიორულ ურთიერთობებზე, სიყვარულზე, ღალატზე, ტყუილზე, პატიებაზე...  ჯგუფში ახალი ბავშვები დამემატნენ. გოგონებიც, ბიჭებიც... როგორც ჩანს, წინა დისკუსია მხოლოდ ჩემს „ინბოქსში" არ გაგრძელებულა და სკოლაშიც ბევრი ილაპარაკეს.


-როგორ გაგრძელდება პროექტი?

 

- პროექტი გაგრძელდება იმით, რომ სკოლების გარდა კინოჩვენებები გაიმართება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, მიუსაფარი პატარებისთვის, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე არასრულწლოვნებისთვის და მოხუცებულთა სახლებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016