გოგა მერაბიშვილი თუ ბექა ფერაძე? - უცნობი facebook-მომხმარებელი, სხვადასხვა სახელითა და გვარით, რომელიც ჟურნალისტ ბაკურ სვანიძეს სოციალურ ქსელში დაემუქრა, პარალელურად პოლიტიკოს სანდრო ბრეგაძესთან პროვოკაციული შინაარსის მიმოწერა გამართა.
ე.წ. ბექა ფერაძე წერდა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან" „ქართულ ოცნებაში" გადასვლა სურს, იმ შემთხვევაში, თუკი ფულს გადაუხდიან. აღნიშნულ პიროვნებაზე დიასპორის საკითხებშისახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძემ „რეპორტიორთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა:
„შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ იმ ადამიანების სიცოცხლე, რომლებიც მიმოწერაში არიან დასახელებულები, მათ შორის ჟურნალისტ ბაკურ სვანიძის, საფრთხეშია! დარწმუნებით ვიმეორებ, ბაკურ სვანიძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება! ეს ადამიანი გამკეთებელია იმისა, რაზეც საუბრობს! ეს არ არის ბოლომდე ადეკვატური პიროვნება. ასევე, არ არის გამორიცხული, რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს დახვდეს და თავში ჩაარტყას, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის" დავალებით. სასწრაფო წესით, ეს ყველაფერი დასადგენია!
როგორც ვფიქრობ, ის არის სნაიპერი. ამ საკითხზე ვისაუბრეთ. ის სამხედრო ტერმინი, რომელიც მან იხმარა, ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, უცნობი იყო. ეს არ არის მარტივი ადამიანი.
მას არ დაუსახელებია კონკრეტული გვარები, მაგრამ იყო საუბარი იმაზე, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც რუსეთის მხარეს არის, იქნება ლიკვიდირებული და მათი თავებით ფეხბურთს ითამაშებენ!" - განაცხადა ბრეგაძემ, „რეპორტიორთან" ინტერვიუში.
ინტერვიუს სრული ვერსია: http://reportiori.ge/?menuid=74&id=45016&lang=1