დიპლომატიის მკვლევარი სიმონ კილაძე საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებას „რეპორტიორთან" საუბარში ეხმაურება. როგორც ვაშაკიძემ facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, „სამუდამო სირცხვილად დარჩება ჩვენს ქვეყანას ის, რომ კახა ბენდუქიძე სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე სამშობლოდან გააქციეს, ის, რომ ასე დევნიდნენ და თანაც იმ საქმისთვის, რომელიც, ალბათ, მთელი მისი მოღვაწეობიდან ყველაზე უფრო სასარგებლო იქნება საქართველოს მომავლისთვის".
სიმონ კილაძემ გაიხსენა მეცნიერი ალბერტ თავხელიძე, რომელიც სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში იძულებული გახადეს, საქართველოდან წასულიყო:
„სამშობლოდან გაქცევა არავისთვის სასიამოვნო არ არის და, რასაკვირველია, ცხონებული კახა ბენდუქიძისთვისაც... მაგრამ ამ საქმეში „ნაციონალთა" ხელისუფლებამაც კარგად გამოიჩინა თავი... გახსოვთ, მსოფლიო დონის ცნობილი მეცნიერი, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ალბერტ თავხელიძე რომ აიძულეს, სამშობლოდან გაქცეულიყო?! არ თქვათ ახლა, რომ ალბერტ თავხელიძეს არაფერი გაუკეთებია..." - ამბობს „რეპორტიორთან" სიმონ კილაძე.