სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნებიდან ერთ-ერთს, ომარ თედორაძეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა სამი ათასლარიანი გირაოთი შეუცვალა. თედორაძის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის, ინფორმაციით, სასამართლო პროცესი "ჯოენის" კლინიკაში გაიმართა, სადაც ბრალდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საოპერაციოდ გადაიყვანეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველოს უფროსი ომარ თედორაძე 18 ივნისით დათარიღებულ გამოკითხვის ოქმში , სასურველი ჩვენების მისაღებად პროკურატურის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ ზეწოლას ვერ გაუძლებდა, თავს მოიკლავდა , რაზეც მთელი პასუხისმგებლობა პროკურორ რიჟამაძეს დაეკისრებოდა.
ომარ თედორაძეს სხვა დაკავებულ მაღალჩინოსნებთან ერთად ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვაში, სამსახურებრივ გულგრილობასა და ექსპერტებზე ზეწოლაში ედება.