ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ლარის გაუფასურებაში არა კონკრეტულ უწყებას, არამედ მთლიანად მთავრობას ადანაშაულებს. გოცირიძის განმარტებით, ქვეყანაში უცხოური ვალუტა არ შემოდის, რის გამოც ლარი დევალვაციას განიცდის. მისივე შეფასებით, ლარის გაუფასურების შედეგად, არა მხოლოდ ფიზიკურ პირებს, ბიზნესსაც ძალიან გაუჭირდება.
"ერთია, როდესაც რაოდენობრივად ნელ-ნელა ხდება ვალუტის კურსის შემცირება და ბიზნესი, ადამიანები ადაპტირებას ახდენენ და მეორეა, როდესაც მოულოდნელად, ზვავივით დაგეცემა თავს რაღაც მოვლენა, რომლის მართვაც, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება. ლარი იმ დონემდე გაუფასურდა, რომ მას ნეგატიური პროცესები მოჰყვება. არა მხოლოდ ფიზიკური პირებს, ბიზნესსაც ძალიან გაუჭირდება. მათ, ვისაც საექსპორტო შემოსავალი არ აქვთ, უცხოეთიდან ვალუტას არ იღებენ, ანუ ნებისმიერი ბიზნესი მცირე თუ დიდი საწარმო, რომელიც შემოსავალს იღებს ლარში, მას კრედიტები დოლარში აქვთ გასასტუმრებელი.
ამაზე პასუხისმგებელია მთლიანად მთავრობა და არა ფინანსთა მინისტრი, ეროვნული ბანკი ან ცალკეული სამინისტრო. როდესაც დევალვაცია ხდება, რა თქმა უნდა, ყველა ფაქტორი ერთვება და აჟიოტაჟური მოთხოვნაც იგრძნობა. ლარი დღეს ზედმეტად შეუფასებელია, ორის ფარგლებში ლარის კურსი ობიექტური არაა და ამაზე ეს აჟიოტაჟი, შიში მოქმედებს. თუმცა ვფიქრობ, დღეს რაიმე თანხის მასობრივი კონვერტაცია, ან ოჯახებიდან, ან საწარმოებისგან, არასწორია იმდენად წამგებიანია კურსი. ისინი ბევრს დაკარგავენ", - განაცხადა გოცირიძემ გადაცემაში "რეაქცია".