გადაცემა „ღია ეთერში" ეკონომიკურ რეფორმებზე საუბარი კითხვა -პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გადაცემაზე დამსწრეებმა „ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატებს გასული წლების ეკონომიკური პრობლემები გაახსენეს. აღინიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლება სხვადასხვა სოციალურ ფენას მხოლოდ წინასაარჩევნოდ, პიარის გამო ხვდებოდა, რასაც დავით ბაქრაძის მხრიდან განმარტებები მოჰყვა.
„რაც შეეხება მოსახლეობაში გასვლას და პიარს, დღესაც „პლეხანოვზე" იგივე საპარიკმახეროში დავდივარ, სადაც სტუდენტობის დროს დავდიოდი და არსად გინახავთ სიუჟეტი, როგორ ვიჭრი თმას - ეს არაა პიარის თემა. დედაჩემიც ისევე დადის სამარშრუტო ტაქსით, როგორც - ყველა და ის არავის უნახავს ტელევიზორში."- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა.
ბაქრაძე თვლის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" შეცდომები დაუშვა. ხალხმა კი ეს შეცდომები არ აპატია.
„30 სექტემბერს ქართველ ხალხს სამოთხეში რომ დაეძინა, ის შედეგი არ დადგებოდა, რაც 1 ოქტომბერს დადგა. ჩვენ არჩევნებმა ოპოზიციაში მიგვიჩინა ადგილი და თუ კიდევ რაღაც შეგვეშლება, შეიძლება, ამ ოპოზიციიდანაც გავქრეთ,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.