რუსული ენერგოკომპანია „როსნეფტი" ქართულ ბაზარზე შემოდის. თავდაპირველად აღნიშნული ინფორმაცია რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს, შემდეგ კი ინფორმაცია Petrocas Energy Group-მაც დაადასტურა.
არსებული ინფორმაციით, კომპანია დავით იაკობაშვილის საკუთრებაშია.
„გარიგება წარმოადგენს ქართული ბიზნეს-ჯგუფის დიდ წარმატებას და საქართველოს სატრანზიტო კორიდორის მნიშვნელობის აღიარებას მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო სანავთობო კომპანიის მიერ, რაც კიდევ უფრო სტაბილურს გახდის ამ მარშრუტს მომავალში", - ნათქვამია Petrocas Energy Group-ის განცხადებაში რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციას ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა. მინისტრი აცხადებს, რომ სახელმწიფო აღნიშნული კომპანიების გარიგებაში არ ერევა და ეს პროცესი სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს.
"ეს კომპანია სააკაშვილი კეზერაშვილის კუთვნილებაშია და კარგად ხედავთ თუ ვინ მიყიდა რუსებს საქართველოში არსებულ ქონებას. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ყველა იცის რომ ეს ასეა და ამ კომპანიას სააკაშვილი და კეზერაშვილი მართავს,"- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.