„საამაყო რამდენიც არ უნდა გქონდეს, მთავარი ხალხის ყურადღება და სიყვარულია" - უდავო ჭეშმარიტებაა, საკამათოც არაფერია, მაგრამ იოლი ამ სიტყვების თქმაა, ხალხის სიყვარულის მოპოვებას კი ზღვა ოფლი და შრომა სჭირდება, საქმის სიყვარული და თავდადება, გნებავთ - თავგანწირვაც...
ზემოთ ნათქვამი სიტყვები კომპანია „ასკანელი ძმების" პრეზიდენტ, გოჩა ჩხაიძეს ეკუთვნის და კომპანიის მიერ საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის გამოშვებულ სასაჩუქრე კალენდარში ამოვიკითხე. აქ ბევრი სხვაც არის საინტერესო და გამოსარჩევი, მაგრამ ეს უნდა ნახოთ, წაიკითხოთ და მოისმინოთ, რადგან კალენდარს ახლავს დისკი, სადაც „ქართული ხმების", ტრიო „სიმის", ნანი ბრეგვაძის, ეკა მამალაძისა და ნატალია ქუთათელაძის სიმღერებთან ერთად, საქართველოსა და ყველაფერ ქართულზე შეყვარებული ასკანელების ოჯახის წევრებიც მღერიან; აქვეა, ჩემი აზრით, უნიკალური სიმღერა, რომელსაც ლეგენდარული ადამიანები: ზაურ ბოლქვაძე, გოგი დოლიძე, გურამ თამაზაშვილი და დათო გოგიაშვილი ასრულებენ.
სულ მალე „რეპორტიორი" უფრო დაწვრილებით გესაუბრებათ ასკანელი ძმების ოჯახის ტრადიციებზე, საქმის, ქვეყნისა და ადამიანების სიყვარულზე; დღეს კი გთავაზობთ კომპანია „ასკანელი ძმების"გამოცემულ სასაჩუქრე საახალწლო კალენდრისა და დისკის ფოტოებს და ამ მცირე წერილს ისევ გოჩა ჩხაიძის სიტყვებით დავასრულებ: „ოდესღაც ქართველებმა მთელ მსოფლიოს აჩუქეს ღვინო, რომელიც ჩვენში ასოცირდება სიმღერასთან, მეგობრებთან, ტრადიციებთან, ოჯახთან და ამიტომ... მთელი მსოფლიო მიყვარს!!!"