reportiori.ge - გამწარებული სოფელი მთავრობის კანცელარიისკენ ძროხებს მოერეკება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:50
მთავარი თემა
გამწარებული სოფელი მთავრობის კანცელარიისკენ ძროხებს მოერეკება!
ავტორი:
05 თებერვალი, 2015. 21:38



2015 წლის 12-18 იანვრის №2 „ასავალ-დასავალში"  გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობა სოფლის საძოვრების გაყიდვას აპროტესტებდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მაისის № 843 განკარგულებით, ვაზისუბანში არსებული 50 ჰექტარამდე ფართობის საძოვრები პირდაპირ მიყიდვის წესით, 57 000 ლარად გადაეცა შპს „ვაზისუბნის მამულებს", რომლის მფლობელებიც ბიზნესმენები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან. შედეგად, 1000-მდე ძროხა საძოვრების გარეშე დარჩა, ხოლო 2000-ზე მეტი ოჯახი, რომელიც მესაქონლეობით ირჩენს თავს, ფაქტობრივად, შიმშილით სიკვდილისათვის გაწირეს. განრისხებულმა ვაზისუბნის მცხოვრებლებმა „ასავალ-დასავალის" ფურცლებიდან ხელისუფლებას საძოვრების სოფლის საკუთრებაში დაბრუნების ვადა 18 თებერვლამდე მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გლეხები 1000-მდე ძროხის თბილისში გამორეკვით იმუქრებიან.


გია სოლომონიშვილი: - მიუხედავად იმისა, რომ თქვენი გაზეთის საშუალებით გავახმოვანეთ 18 თებერვლის მასშტაბური აქცია, ამავე დროს, 30 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე სახელმწიფო კანცელარიაში შევიტანეთ განცხადება, რომელსაც თან ერთვის 700 ხელმოწერა, რომლის ხელმომწერთა შორის, 60 პიროვნება გვარად ღარიბაშვილია. უდიდესი იმედი გვაქვს, რომ ბატონი ირაკლი გულისხმიერებით მოეკიდება ჩვენს გასაჭირს. მართლაც, ვაზისუბნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბაშვილია. მთ იმედი აქვთ თავიანთი მოგვარის ირაკლი ღარიბაშვილის, რომელიც ხალხის თვალში პატიოსანი და ღირსეული ადამიანია. ამასთანავე იმედი გვაქვს, რომ საგაზეთო პუბლიკაციები გარკვეულ შედეგს გამოიღებს. 30 იანვარს, სანამ კანცელარიაში წერილს ჩავაბარებდით, სოფლის გამგებელმა დაგვირეკა და ორშაბათს, 2 თებერვალს, 2 საათზე დაგვითქვა შეხვედრა გურჯაანის გამგებელთან საძოვრების საკითხთან დაკავშირებით. თუკი ხელისუფლება არ მიიღებს ზომებს და არ დაგვიცავს, თავად დავიცავთ საკუთარ თავს. ხალხი უკიდურესად განრისხებულია: ჩვენ სხვა აღარაფერი დაგვრჩენია, გარდა ბრძოლისა, გულხელდაკრეფილები ვერ ვუყურებთ საკუთარი ოჯახების, შვილების შიმშილსა და გაჭირვებას. თუ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, მივიღებთ უკიდურეს ზომებს. ჩვენი პოზიცია ურყევია! დაუყოვნებლივ ვითხოვთ საძოვრების სოფლის საკუთრებაში დაბრუნებას!


რეზო ცერცვაძე: - მას შემდეგ, რაც „ასავალ-დასავალში" გამოქვეყნდა სტატიები ჩვენი სოფლის გასაჭირის შესახებ, ჩვენ დაგვიკავშირდა ყვარლის, ლაგოდეხისა და თელავის მოსახლეობა. მათ გვითხრეს, რომ კახეთის ყველა კუთხეში იგივე სიტუაციაა და მიწების მასობრივი, ჩალის ფასად გაყიდვა-დატაცება მიმდინარეობს. პრობლემა, რომელიც ჩვენს სოფელს აწუხებს, სცდება ერთი სოფლის საზღვრებს და გაცილებით მასშტაბურ სახეს იღებს. ეშინოდეთ ხალხის რისხვისა, რადგან მთელი კახეთის რეგიონი ფეხზე აპირებს დადგომას. თუკი ირაკლი ღარიბაშვილი არ დაგვეხმარება, დაპირებისამებრ, 18 თებერვალს ივანიშვილის სასახლის, კანცელარიისა და „თიბისი ბანკის" წინ 1000-მდე ძროხას ჩამოვრეკავთ. ხალხი გამოთქვამს უდიდეს სურვილს, რომ მხარში დაგვიდგნენ და საკუთარი სოფლების პრობლემებიც გააპროტესტონ. იგეგმება, რომ გზადაგზა სხვა სოფლებიდანაც შემოუერთდებიან ჩვენს მსვლელობას. საზოგადოება აღშფოთებულია ხელისუფლების მიერ სოფლის მცხოვრებლების მიმართ გამოჩენილი ამ გაუგონარი სისასტიკით. ძროხები რომ გავყიდოთ, რიღათი ვარჩინოთ ოჯახები? მე თქვენ გეტყვით, ფაბრიკა-ქარხნები აამუშავეს და ხალხი დაასაქმეს? სააკაშვილზე უარესს ნამდვილად აღარ ველოდით! დღეს ყველა ამ ხელისუფლებას ლანძღავს გაუმაძღარი ხაზარაძისნაირების ხელშემწყობისათვის! ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ყოველგვარი პროვოკაცია, რომელზეც შეიძლება წამოვიდნენ ნახირის თბილისისაკენ მსვლელობის პროცესში. ამიტომ შეგვაქვს განცხადება სახალხო დამცველის აპარატში - უზრუნველყონ ჩვენი უფლებების დაცვა. ასევე მოვუწოდებთ მასმედიას, ჩამობრძანდნენ და გააშუქონ ვაზისუბნელების და ჩვენი ძროხების მსვლელობა კანცელარიისა და „თიბისი ბანკის" შენობისაკენ, რათა სრულიად საქართველომ დაინახოს, როგორია უიმედოდ, ულუკმაპუროდ დარჩენილი, მდიდართა და ძალაუფლების მქონე ხელისუფალთა მიერ დაჩაგრული, განრისხებული გლეხების სახეები, რომლებიც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ და ერთ გოჯ მიწასაც არ დავუთმობთ მომხვდურებს!


P. S. ძვირფასო მკითხველო, „ასავალ-დასავალი" თვალყურს ადევნებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე 2015 წლის 30 იანვარს ჩაბარებული ვაზისუბნელების წერილის ბედს, სარეგისტრაციო ნომრით - 8407 და იმედს იტოვებს, რომ საკითხი გლეხებისა და მათი ოჯახების საკეთილდღეოდ გადაწყდება!



დანართი:


გია სოლომონიშვილი: სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბაშვილია. მათ იმედი აქვთ თავიანთი მოგვარის ირაკლი ღარიბაშვილის!



საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბნის მცხოვრებთა განცხადება


ბატონო პრემიერ-მინისტრო!


გამოვხატავთ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას, როგორც განათლებული, ახალგაზრდა ქართველი კაცისა და პატიოსანი ხელისუფლის მიმართ და გულისტკივილით მოგახსენებთ შედეგს: როგორც ცნობილია, წინა ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის დარგში გატარებული დამანგრეველი პოლიტიკის შედეგად სოფელი აღმოჩნდა უკიდურეს გაჭირვებაში - ხელოვნურად დაანგრიეს და ჩამოშალეს სასოფლო, რაიონული და ცენტრალური კოოპერაციული სისტემა, მოისპო ყველა ის სიკეთე, რასაც სოფლის გადარჩენა ერქვა; სწორედ ამ და სხვა უამრავ მიზეზთა გამო, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოვახერხეთ და შევცვალეთ ხელისუფლება, თუმცა, სიტუაციის გამოსწორების ნაცვლად უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით.


ბატონო პრემიერ-მინისტრო, შესაძლოა, თქვენ არა გაქვთ ინფორმაცია, მაგრამ გვინდა, გაცნობოთ, რომ 90-იან წლებში, როდესაც მიწის რეფორმა დაიწყო, სოფელ ვაზისუბანში მცხოვრებმა თითოეულმა ოჯახმა 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი დავთმეთ სოფლის საერთო საძოვრისათვის. აღნიშნული მიწის ნაკვეთი მოგვიანებით სახელმწიფოს საკუთრებაში დარეგისტრირდა საძოვრების სახით; ახლახან საძოვრებს წინასწარ გამიზნულად შეეცვალა სტატუსი და გახდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ხოლო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მაისის № 843 განკარგულებით ეს მიწები პირდაპირი მიყიდვის წესით, ჩალის ფასად გადაეცა შპს „ვაზისუბნის მამულებს", რომელიც ეკუთვნის მამუკა ხაზარაძესა და მის ნათესავს ბადრი ჯაფარიძეს. ამ განკარგულებით 2000-მდე ოჯახის საქონელი დარჩა საძოვრების გარეშე, ხოლო ჩვენ და ჩვენ შვილებს შიმშილით სიკვდილი გველოდება.


ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ხელისუფლების პირობებში ჩადენილია ენით აუწერელი უსამართლობა! არ შეიძლება, ერთი ადამიანის სიხარბესა და გაუმაძღრობას შეწიროთ სოფელ ვაზისუბნის 2000-მდე ოჯახის ინტერესი და ჩვენი ოჯახების მარჩენალი საქონელი დატოვოთ საძოვრების გარეშე. ჩვენ ეს ხელისუფლება იმისთვის არ აგვირჩევია, რომ შიმშილით დაგვხოცოს. ამ უსამართლობის გამო, ჩვენ იძულებულნი ვხდებით, პროტესტის ნიშნად, ამა წლის 18 თებერვალს, ჩვენი სოფლის საქონელი, დაახლოებით 1000 სული ძროხა, ჩამოვიყვანოთ თბილისში, მთავრობის კანცელარიის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახლისა და მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკის" წინ! თუ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არ ესმის ხალხის ხმა, მაშინ ხელისუფლებამ ისმინოს მშიერი ძროხების ბღავილი და იქნებ ისინი მაინც შეიწყალოს.


ბატონო პრემიერ-მინისტრო, იმედს ვიტოვებთ, რომ მთავრობა შეგნებულად შეიყვანეს შეცდომაში და არ იცოდით, რომ ზემოხსენებული საძოვრების გაყიდვა არ შეიძლებოდა.


ჩვენ მიერ არჩეული ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, მიმდინარე წლის 18 თებერვლამდე სოფელ ვაზისუბანს და მის მოსახლეობას დაუბრუნდეს უკანონოდ გასხვისებული საძოვრები.


ერთობლივ განცხადებას ხელს ვაწერთ სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობა

დანართი: 21 ფურცელი, 2015 წლის 30 იანვარი




მოამზადა მეგი საჯაიამ

გაზეთი „ასავალ-დასავალი"







 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016