reportiori.ge - „რია ნოვოსტი“: ბაქოში ვალუტის გაყიდვა შეწყდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 07:29
ეკონომიკა
„რია ნოვოსტი“: ბაქოში ვალუტის გაყიდვა შეწყდა
ავტორი:
24 თებერვალი, 2015. 13:30

 

 

 

აზერბაიჯანის დედაქალაქში მდებარე სავალუტო ჯიხურებსა და ბანკებში ვალუტის გაყიდვა შეწყდა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი" ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ბანკების ოფისებთან გრძელი რიგები დგას, თუმცა თავად ბანკები შექმნილ ვითარებაზე განმარტებებს არ აკეთებენ.


„ერთ ღამეში ნაციონალური ვალუტა მკვეთრად დაეცა, და ჩვენ ველოდებით, რომ მანათის კურსი ყოველ საათში შემცირდება, ამიტომაც უცხოური ვალუტის გაყიდვას ვწყვეტთ", - აცხადებენ ბაქოში მდებარე სავალუტო ჯიხურებში.


შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, ეროვნული ვალუტის მიმდინარე წლის 21 თებერვლის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1,05 პუნქტზე დაფიქსირდა, რაც 30%-ზე მეტ დევალვაციას ნიშნავს. მანათი დაეცა ყველა ვალუტასთან მიმართებაში, მაგალითად, ლარის კურსი აზერბაიჯანული ვალუტის მიმართ  33%-ით გამყარდა.


ოფიციალური ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დამატებითი სტიმულების შექმნის მიზნით ეროვნული ეკონომიკის დივერსიფიცირებისთვის, მისი კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებისთვის, ასევე ქვეყნის საერთაშორისო გადახდისუნარიანობის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.


გავრცელებული ინფორმაციით, მანათის კურსის კორექცია ასევე მიმართულია იმ ნეგატიური გავლენის ნეიტრალიზაციისკენ, რომელსაც ნაციონალური ეკონომიკის კონკურენტულ უპირატესობებზე ახდენს აზერბაიჯანის სავაჭრო პარტნიორების ეროვნული ვალუტების დევალვაცია.


ექსპერტების განცხადებით, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების რეალური მიზეზი ნავთობის დაბალი ფასებია. ენერგორესურსების ექსპორტი ქვეყნის შემოსავლების ერთერთი უმთავრესი წყაროა. ქვეყანამ ვალუტის კორექცია მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ის მეზობელ ქვეყნებში განხორციელდა.


აზერბაიჯანელი ჟურნალისტის რაუფ ორუჟევის თქმით, მოსახლეობაში პანიკა არ არის, რადგან პრეზიდენტმა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ განაცხადა, რომ მანათს ხელოვნურად აღარ გაამყარებდნენ. ამიტომ, როგორც ჟურნალისტმა „კომერსანტს" უთხრა, მოსახლეობა დევალვაციას მომზადებული შეხვდა. თუმცა სავალუტო პუნქტები ვალუტას აღარ გასცემენ, რადგან კურსის კიდევ უფრო დაცემის ეშინიათ.


რაც შეეხება ფასებს, ორუჟევის თქმით, სუპერმარკეტებმა ვალუტის გაუფასურებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და ფასები ასწიეს  იმის მიუხედავად, რომ საქონელი კურსის ვარდნამდე შეიძინეს.


იმის შესახებ, რომ დევალვაცია მოსალოდნელი იყო, „კომერსანტთან" საუბარში BakuPost-ის მთავარი რედაქტორი ქენან გულუზადეც საუბრობს.


მისი თქმით, ნავთობის მაღალი ფასების პირობებში მანათის კურსი დოლართან მიმართებაში დაახლოებით ერთი-ერთზე იყო. ნავთობის მაღალმა ღირებულებამ ნაციონალური  ვალუტის კურსი 20 %-მდე გაამყარა.


„ფასების ვარდნას უკუპროცესი უნდა გამოეწვია, თუმცა მოსალოდნელი იყო, რომ კურსის კორექტირების პროცესი დიდი ხნით, წლის ბოლომდე გაგრძელდებოდა. ცენტრალური ბანკი მოსახლეობას ამაში არწმუნებდა. თუმცა უცბად მეხი ჩამოვარდა. კურსის მკვეთრი ვარდნის მიზეზს გასაგებად არავინ ხსნის. საუბარია ექსპორტის რაღაც სტიმულირებაზე და ა.შ. საზოგადოება მთავრობისგან ახალ გადაწყვეტილებებს ელოდება. პანიკა არ არის და შექმნილ ვითარებას მე უფრო გაძლიერებული აჟიოტაჟის გამოვლინებას დავარქმევდი. მოსახლეობის ნაწილს კრედიტები გადააქვს, ზოგიერთებმა სავაჭრო დახლები დახურეს ფასების რეაგირების მოლოდინში",- აცხადებს ჟურნალისტი.  


მისი ინფორმაციით, ფასები თითქმის ყველა პროდუქტსა და სერვისზე გაიზარდა, გარდა იმ პროდუქციისა, რომელთა ღირებულებას მთავრობა არეგულირებს. ესენია პური, კომუნალური სფერო, ტრანსპორტი. წყალი, გაზი. ბენზინი და სხვა.


BakuPost-ის მთავარი რედაქტორის ინფორმაციით, მანათის 33%-იან გაუფასურებას ბაზარმა პროდუქციის 50%-იანი გაძვირებით უპასუხა. ამასთან ფასების ზრდა არა მხოლოდ იმპორტირებულ, არამედ ადგილობრივ პროდუქციაზეც ფიქსირდება. მანამდე აზერბაიჯანის ხელისუფლება ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენციით იყო შეშფოთებული.


ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებდა, რომ მთავრობამ და ცენტრალურმა ბანკმა არ უნდა დაუშვან მანათის „ზომაზე მეტად გაძვირება".


„აზერბაიჯანის ეკონომიკა ამიერიდან უნდა განვითარდეს როგორც ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა. ამიტომ განვითარების და ექსპორტის ხელშეწყობის საკითხი ახლა დღის წესრიგში დგას. მანათის კურსი აქ გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ შესაბამისი სტრუქტურები, მთავრობა, ცენტრალური ბანკი ყურადღებით უნდა მიუდგნენ ამ საკითხს, რათა არ დაუშვან მანათის ზომაზე მეტად გაუფასურება,"- ამბობდა ალიევი და დასძენდა, რომ მანათის გაძვირების გაგრძელება ქვეყნისთვის არასასურველია.




(წყარო: commersant.ge)


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016