სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო საკითხებში შტატგარეშე მრჩევლად დანიშვნამ ჩვენში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია... თუმცა, არანაკლები სკანდალი ამის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩის მიწვევას მოჰყვა!
სკანდალი კი, ე.წ. ოპოზიციამ ატეხა!
ნაცების წიოკის მიმოხილვით თავს ნამდვილად არ შეგაწყენთ, რადგან, ამ შემთხვევაში, ის უფრო საინტერესო იყო, რაც ნაცების მონათესავე ოპოზიციური ძალის - ალასანიას „თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებმა იკადრეს! კერძოდ, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ არა მხოლოდ უცოდინარია, არამედ ნაცივით უტიფარიც!
„როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის ელჩს იბარებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, ნიშნავს, რომ რაღაც პრობლემის გამო ქვეყანა პროტესტს გამოხატავს. სხვა შემთხვევაში ხდება ელჩის მიწვევა. საპროტესტო ნოტა სხვა რამეა, ის დაწერილი უნდა იყოს... ეს არის ძალიან უტაქტო საქციელი, მითუმეტეს, როცა ეს მედიისთვის ხდება ცნობილი და ორი დღეა, ამაზე მიმდინარეობს საუბარი. საგარეო საქმეთა სამინისტროში ბევრი პროფესიონალი დიპლომატი მუშაობს, რომლებმაც ეს ყველაფერი კარგად იციან, მაგრამ მათ, სამწუხაროდ, არ ჰყავთ ხელმძღვანელობა, რომელიც სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა..."
- აი, ეს განაცხადა საჯაროდ ამ ჩვენმა „დიპლომატიის კორიფე" მაია ფანჯიკიძემ.
დავიწყოთ იქიდან, რომ მაია ფანჯიკიძის მიერ დაწუნებული საგარეო უწყების ხელმძღვანელი არის თამარ ბერუჩაშვილი, რომელიც მაია ფანჯიკიძის მინისტრობისას, თუ მას დაავიწყდა, მისი მოადგილე ბრძანდებოდა.
ანუ, თუ თამარ ბერუჩაშვილმა, მაია ფანჯიკიძის მტკიცებით, ისიც კი არ იცის, როგორ მიიწვიოს თუ დაიბაროს უცხო ქვეყნის ელჩი, ეს მაია ფანჯიკიძის მიერ საკუთარ ბოსტანში ნასროლი კარგა მოზრდილი ქვაა!
თუ თამარ ბერუჩაშვილი ასეთი უცოდინარი იყო, მაშინ მაია ფანჯიკიძეს რატომ ჰყავდა ის მოადგილედ?! ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობიდან გადაყენების შემდეგ, თანამდებობიდან წასული მაია ფანჯიკიძე ასეთ უვიც მოადგილესთან ერთად, ხელიხელჩაკიდებული რატომ მიდიოდა ოპოზიციაში?!
ახლა, მეორე მომენტი:
მაია ფანჯიკიძე „უტაქტოს" უწოდებს უკრაინის ელჩის მიწვევას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და ერთი სიტყვითაც არ ახსენებს, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო უწყება ვალდებულიც კი იყო, მოესმინა უკრაინის ელჩისგან, რას ნიშნავდა პეტრო პოროშენკოს მრჩევლად (თუნდაც, შტატგარეშედ!) ქართველი სამართალდამცავების მიერ ბრალდებაწაყენებული სააკაშვილის გამწესება!
ეს ხომ ელემენტარულია, ქალბატონო ფანჯიკიძევ?!
საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა ჰკითხოს უკრაინის ოფიციალურ წარმომადგენელს, ბრალდებული სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა არის თუ არა საქართველოსადმი უკრაინის არამეგობრული დამოკიდებულების დემონსტრირება?!
საქართველოს საგარეო უწყებას უკრაინის ხელისუფლებისადმი პროტესტის გამოხატვა რომ ნდომოდა, ამას ალბათ, უკრაინის ელჩისათვის საპროტესტო ნოტის გადაცემითაც მოახერხებდა!
და მე თუ მკითხავთ, ასეც უნდა მოქცეულიყო!
მეტსაც ვიტყვი: მას შემდეგ, რაც უკრაინის პროკურატურამ უარით უპასუხა ქართულ პროკურატურას საერთაშორისო ძებნილი და უმძიმეს დანაშაულში მხილებული ზურაბ ადეიშვილის გადმოცემაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სულ ცოტა, უკრაინიდან ჩვენი ელჩი უნდა გამოეწვია, როგორც პასუხი უკრაინის ხელისუფლების არამეგობრულ და უპატივცემულო დამოკიდებულებაზე!
თუმცა, ამ ამბავში მთავარი ის არის, რომ თავად მაია ფანჯიკიძე და მთელი მისი პარტია, ირაკლი ალასანიას მხედართმთავრობით, მიხეილ სააკაშვილისა და მისი სანაცეთის გულშემატკივარია!
და ამას არც მალავს ალასანიას პარტიის „სახე" მაია ფანჯიკიძე:
„უკრაინა არის სუვერენული სახელმწიფო, რომელმაც გადაწყვიტა, ზოგიერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე მიიწვიოს უცხოელი ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსები და უბრალოდ, სპეციალისტები. ამაში ტრაგიკული არაფერია და ის ისტერიკა არ უნდა აეტეხა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ატეხა. სრულიად წყნარად უნდა შეხვედროდა ამას"...
- აი, ასე აფასებს ეს არსება ბრალდებულ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნას!
ანუ მაია ფანჯიკიძესა და მის თანაპარტიელებს, მათ მხედართმთავარ ალასანიასთან ერთად, ბოდიში და, სულ ფეხებზე ჰკიდიათ, აღსრულდება თუ არა მართლმსაჯულება საქართველოში! მათთვის მთავარი, თურმე, ის არის, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და მისი ხელისუფლება, ვისაც უნდა, იმას დანიშნავს თანამდებობაზე!
ამდენად, მაია ფანჯიკიძესა და მის მეგობრებს ნაკლებად აღელვებთ, რას ფიქრობს ქართველი ხალხი, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა სამართლიანობის აღდგენის უმთავრეს ნიშანსვეტად სწორედ სააკაშვილისა და მისი ბანდის ლიდერთა პასუხისგებაში მიცემას მიიჩნევს!
ჰოდა, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ძვირფასო მკითხველო, თავად განსაჯე, რა განსხვავებაა მაია ფანჯიკიძესა და ჩიორა თაქთაქიშვილს, ანდა, ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებსა" და სააკაშვილის ნაცებს შორის!
მე თუ მკითხავთ, არც არანაირი!
რბილად რომ ვთქვათ, უტაქტობა უკრაინის ელჩის საქართველოს საგარეო უწყებაში მიწვევა კი არა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად მაია ფანჯიკიძის დანიშვნა იყო!
გიორგი გიგაური
გაზეთი „ასავალ-დასავალი"