სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი მწველი მზერისაგან გიფარავს, თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში. წავა დედა და ჩამოიხსნება ფარდა შენსა და სიკვდილს შორის, რომელიც მგელივით წამოგვარდება, მოსვენებას დაგიკარგავს, სილაღეს ჩაგიკლავს და თან გეშინია, თან იმას ცდილობ, ახლა შენ აეფარო ბეჭებით შენს შვილებს, რომ დაიფარო ამ ამაზრზენი მზერისაგან. რაც ხანი მიდის, ძალღონეს გაცლის ეს დამთრგუნველი მზერა და ერთი წამითაც არა გცილდება, სულ თან დაგდევს და გულ-ღვიძლს გიწვავს ქვეშეცნეულად. შენ კი მაგრობ, მაგრამ თავისი მიაქვთ გარდასულ დღეებს, თანდათან მუხლებში ძალა გელევა, ახალგაზრდობის ოცნებები უფერულდება და გრძნობ, როგორ თანდათან იზრდება შენს არსებაში შიში, სიკვდილის მზერით თუ რაღაც გარდაუვალობის შეგრძნებით გაჯერებული შიში, რომელსაც არავის არ უმხელ და ვერც გაუმხელ, რადგან ერთადერთი ადამიანი, დედა, რომელსაც შეიძლება რომ გაუმხილო ეს შიში, წასულია ამ ქვეყნიდან, შენ კი მარტო ხარ და ხან დედისაგან გაკეთებულ საჭმელს ნატრულობ, როცა გშია, ხან დედისაგან მოქსოვილ ხელთათმანებს, ან წინდებს, როცა გცივა და შენ თავსაც კი არ უმხელ, ისე იძინებ იმ სურვილით, რომ იქნებ სიზმარში ნახო დედა, იქნებ სიზმარში მაინც განმეორდეს ის საოცარი იმედიანი მოფერება, ადამიანის სულიდან სიმარტოვესაც რომ აფრთხობს და არარაობის განცდასაც, სამაგიეროდ კი ხალისითა და იმედით გავსებს.