პოეტი, მწერალი, დრამატურგი თამაზ ივანეს ძე ჭილაძე 1931 წლის 5 მარტს ქ. სიღნაღში დაიბადა. 1938 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში შეიყვანეს. 1946 წლამდე იზრდებოდა ქ. ბათუმში. საშუალო სკოლა კი თბილისში დაამთავრა (ვაჟთა მე-7 სკოლა). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1954).
მუშაობდა ჟურნალ „ცისკარში" (1958-64), იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის რესპუბლიკური კომიტეტის პ/მგ მდივანი (1964-73), ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების" მთავარი რედაქტორი (1973-81), საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი (1981-87). 1991-იდან პროფესორია და დრამატურგიის კურსი მიჰყავს საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, 1997-იდან ჟურნალ „მნათობის" მთავარი რედაქტორია.
პირველი ლექსები გამოაქვეყნა ალმანახში „პირველი სხივი" (1951 წ.), ლექსების პირველი წიგნი - 1956 წ. მას შემდეგ მისი მრავალი წიგნი გამოქვეყნდა: პოეტური კრებულები - „ღია სარკმელი" (1958), „მზის საათი" (1962), „ივლისი" (1966), „მახსოვრობა"(1978), „ლექსები" (1987), „მზე დეკემბერში" (1999); პროზაული კრებულები - „გასეირნება პონის ეტლით", „შუადღე" (1963), „ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე" (რომანი, 1965), „თეთრი კვამლი" (1967), „აჰა, მიიწურა ზამთარი" (რომანი, 1967), „მდგმურები" (1971) და სხვა; პიესები: „ბუდე მეცხრე სართულზე", „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის'', „არაბეთის სურნელოვანი ბალახები", „ნადირობის სეზონი'", „ჭალას ჩიტი მომკვდარიყო" და სხვა; ესეები, ლიტერატურული წერილები: იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება'", „რუსთაველი,'' „წინასწარმეტყველი" (ილია), „აკაკი წერეთლის პოეზია", „ნიკოლოზ ბარათაშვილი", „ვაჟა-ფშაველა'', „გიორგი ლეონიძე", „გალაკტიონ ტაბიძე", „რობერტ სტურუა"...
მწერლის ნაწერები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათ შორის: ფრანგულად, ინგლისურად, უკრაინულად, ესპანურად, იტალიურად, ჩეხურად, სლოვაკურად, სერბიულად, უნგრულად, ბულგარულად, პოლონურად, თურქულად, სომხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად.
პიესები იდგმება თეატრებში, როგორც ჩვენში, აგრეთვე საზღვარგარეთ (ტელესპექტაკლების სახით). პიესებს სახელგანთქმული რეჟისორები დგამდნენ: რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, გიზო ჟორდანია, გიგა ლორთქიფანიძე, გოგი ჩაკვეტაძე, გოგა თავაძე. სოფიკო ჭიაურელმა დადგა „არაბეთის სურნელოვანი ბალახები".
დაჯილდოებულია „ივანე ჯავახიშვილის მედლით უნივერსიტეტის წინაშე დამსახურებისათვის." (1978). მიღებული აქვს რუსთაველის (1992წ), სახელმწიფო (1997წ), ალექსანდრე ყაზბეგის, აკაკი წერეთლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიები.
1996 წელს დასავლეთ გერმანიის რადიომაუწყებლობამ მიანიჭა პირველი პრემია პიესისათვის „სამოთხის კვარტეტი".
1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა 1999-2000 წლების „საერთაშორისო ადამიანის" წოდების ნომინანტად დაასახელა. 1982 წლიდან მწერლის სახელი შეტანილია მსოფლიოს გამოჩენილ პიროვნებათა დიდი ბრიტანეთის ენციკლოპედიურ ცნობარში, აგრეთვე ევროპის გამოჩენილ პიროვნებათა ცნობარში (ბელგია).