არ შემეძლო, არ დამეწერა და ამიტომაც გადავწყვიტე,
ვისაც ამის სურვილი გექნებათ, ყველამ მოვუსმინოთ
ბატონ ოთარ კობერიძეს.
ასეა, სიყვარულს სწავლაც ესაჭიროება და მოსმენაც...
შეხვედრა წარსულთან
... თბილისში, ძველ კინოსტუდიაში დავინახე ჩემი ოცნება, ჩემი ლია, ანგელოზური ნაკვთებით სახის... კინოსტუდიის პავილიონში ვიყავით ყველა. "ბაში-აჩუკიდან" ღამის სცენას ვიღებდით. ის სცენაა, სადაც თავადი ჩოლოყაშვილი ჯარს უყრიდა თავს. აქვე უნდა გადაგვეღო სცენა, როდესაც პირიმზისას აბდუშაჰილი მოჰყავს შესარიგებლად. ყველანი მზად ვიყავით. ცეცხლიც გუზგუზებდა, მაგრამ პირიმზისას როლის შემსრულებელი არ ჩანდა.
- ვის ველოდებით-მეთქი? - რეჟისორს ვკითხე.
- მთავარი როლის შემსრულებელსო. გავოცდი. მეგონა, მთავარი როლი ბაში-აჩუკი იყო.
არ გასულა დიდი დრო და ხმა შემომესმა, არა, ეს ხმა არ იყო, ეს რაღაც ჰანგს ჰგავდა... ყველამ იქით გავიხედეთ, უცებ გამოცურდა, დიახ, გამოცურდა და გაანათა იქაურობა, მე კი ამ საოცრებამ თვალთ დამიბნელა... იმ პირველ ღამესვე გულმა გული იცნო. გული ისეთი რამეა...
ხმას ვერ ვიღებდი, სიტყვა შემაშრა პირზე. ლია ჩემს წინ იდგა და თავისი ლამაზი, მშვენიერი თვალებით შემომცქეროდა.
-გამარჯობა, ბაჩუკი, - ხელი გამომიწოდა.
თრთოლვით ჩამოვართვი და მის ნაზ ხელს ჩემს ხელებში მივუჩინე ბინა, ხელს, რომლის ბადალი დედაჩემის გარდა, ვერსად ვიხილე.
მხოლოდ მე და ლია
1998 წლის 7 ოქტომბერს გამოფენაზე წავიდა. რომ დაბრუნდა, მითხრა, შეუძლოდ ვარო. დაწექი-მეთქი, წამალი მივეცი. თბილად დავახურე და დაიძინა. ბავშვები შინ არ იყვენენ, მარტონი დავრჩით და მოგვიანებით მეც მივუწექი გვერდით. მას რომ ჩაეძინა, მეც ჩამეძინა.
დილაადრიან კი, თითქოს რაღაც დამეცა თავში, ისეთი შეგრძნებით გამომეღვიძა. ვხედავ, ლიას ისევ სძინავს. ხელი დავადე, საბანი გადავუწიე, კარგად ისუნთქოს-მეთქი, მეგონა, ეძინა. შევხედე და...
აღარ სუნთქავდა უკვე...
რაც მაშინ დამემართა, ენით ვერ აღვწერ იმ დილის მეხდაცემას. გიჟივით გავხდი. ხელოვნური სუნთქვაც ჩავუტარე. სისულელეებს ვაკეთებდი...
დილის ექვსი საათი იყო, ჩავიკარი გულში... რამდენ საათს ვიყავი ასე, არ ვიცი. ჩვენი 43 წელი, მე და ლია... მხოლოდ მე და ლია...
ყველაფერს განიცდიდა, ყველაფერი გულთან მიჰქონდა, რამდენს ეხმარებდა, ისეთი მოღვაწე იყო...
კარზე ზარმა გამომაფხიზლა, 11 საათი დაწყებულიყო...
საფლავზე კვირაში ორ-სამჯერ დავდივარ, ველაპარაკები, მისი საუბარიც მესმის. ყველაფერს ვუყვები, ვეკითხები, ის კი მარიგებს, მეც ისე ვიქცევი, ყველაფერს ვფიცავ. მისი აზრი ბევრ რამეში მშველის. ის ისეთი საზრიანი გოგო იყო.... ჩემი ლია, ჩემი ლია...
ამომავალი მზე
...ლიას ერთგული ვიყავი მარადჟამს. კი, ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, მშვენიერი ქალბატონები, ბევრ მათგანს მეც თაყვანს ვცემდი, მაგრამ ლია განა მივიწყებული მყავდა?
ლია ელიავა ამომამვალი მზე იყო ჩემთვის, უსასრულო სინათლე, რომელიც მაგნიტივით მიზიდავდა და სახლში მიწვევდა. სხვა დანარჩენი კი...
რა ვქნა, უამრავი ქალი მყავდა, მსოფლიოს ბევრ საინტერესო, გამოჩენილ და სახელოვან მანდილოსანთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ ჩემი ნავსაყუდელი მხოლოდ ლია იყო. როდესაც შინ ვბრუნდებოდი, ჯან-ღონით სავსე შევაღებდი ოჯახის კარს და მუდამ სუფთა გულით ვიკრავდი გულში ჩემს ლიას.
მორწმუნე და ქალაქელი კაცი სხვანაირად ვერც მოვიქცეოდი.
ჰო, ეს ასე იყო, ასე...
მე და ლია მოქალაქეებს არ ვუწოდებით ჩვენს თავს, ჩვენ ქალაქელებს მივეკუთვნებით. ერთხელ ენგელსის ქუჩით მოვდიოდით, ერთ სახლთან შეჩერდა:
- ოთარ, აბა აიხედე, მეორე სართულზე ფანჯარასთან კარადა მოჩანსო? - მკითხა.
- მუქი ყავისფერი კარადა მოჩანს-მეთქი. ეს ჩვენი კარადააო... ცრემლი მოადგა. მკერდში ჩავიკარი.
ჰო, სწორედ იმ პირველ ღამეს, კინოსტუდიის პავლიონში, ცეცხლის პირას გადავუხსენით ერთმანეთს გული... საოცარი ღამე იყო...
იმ პირველ ღამეს დამიბნელა თვალი მისმა სილამაზემ, მერე, მრავალი წლის მერე კი - მზე, მაგრამ ჩვენ მაინც სულ ერთად ვართ. მე და ლია, ჩემი ლია...
ეს სიმართლეა, ჩემი სიმართლე...
19 მაისი. 2013 წ. მაია კახიძე