reportiori.ge - ირაკლი ნადარეიშვილი: აუცილებლად საგანგებოდ ჩავინიშნავ გამომცემლობა „სამშობლოს“ საქმეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:17
ინტერვიუ
ირაკლი ნადარეიშვილი: აუცილებლად საგანგებოდ ჩავინიშნავ გამომცემლობა „სამშობლოს“ საქმეს!
ავტორი:
10 მარტი, 2015. 15:15


 

პროკურორი, რომელმაც სააკაშვილის დაპატიმრება მოითხოვა, მიტაცებულ ქონებებს დააბრუნებს!


საქართველოს მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ახლად შექმნილი დეპარტამენტი ბატონ ირაკლი ნადარეიშვილს ჩააბარეს! ნადარეიშვილი ის პროკურორია, რომელმაც 2014 წლის ზაფხულში საქართველოს დამაქცევრის - მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება მოითხოვა. საინტერესოა, აღასრულებს თუ არა ახლად შექმნილი დეპარტამენტი საზოგადოების დაკვეთას და, საერთოდ, გამოცოცხლდება თუ არა პროკურატურა, სადაც 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე 52 ათასზე მეტი განცხადება შევიდა.


- ბატონო ირაკლი, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ სამსახურებრივ წინსვლას! ისე, მე თუ მკითხავთ, დიდ ხათაბალაში ხართ გახვეული და არ მეთანხმებით?


- დიდი მადლობა! რაც შეეხება ხათაბალაში გახვევას, თქვენი შეფასება, ალბათ, ცოტა გადაჭარბებულია, თუმცა, პასუხისმგებლობა მართლაც დიდია. როგორც ითქვა, ახლად შექმნილი დეპარტამენტის პროკურორები და გამომძიებლები შეირჩნენ იმ კრიტერიუმით, რომ პროკურატურაში შემოსულ არცერთ საჩივარ-განცხადებაში მათ მიმართ არანაირი პრეტენზია არ ფიქსირდება. საგანგებოდ გადამოწმდა საჩივრები და არსად ფიგურირებს იმ ოთხი პროკურორის, 10 გამომძიებლისა და 4 კოორდინატორის გვარ-სახელი, რომლებიც ჩემს დეპარტამენტში იმუშავებენ. ეს არის იმ ახალგაზრდების გუნდი, რომლებმაც 2012-2014 წლებში წარმატებით გაიარეს სტაჟირება და იმ დროს, რა საქმეების შესწავლასაც ჩვენი დეპარტამენტი გეგმავს, მათ არ უმუშავიათ; შესაბამისად, ისინი ვერც რაიმე დანაშაულს ჩაიდენდნენ.

 

- შეგიძლიათ, დამისახელოთ ახლად შექმნილ დეპარტამენტში დასაქმებული პროკურორების, გამომძიებლებისა და კოორდინატორების გვარები?


- ჯერჯერობით მათი ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ. პროკურატურის პრესცენტრი მათ გვარებს აუცილებლად დაასახელებს!


- ბატონო ირაკლი, ვინ იყო ინიციატორი რომ მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი შექმნილიყო?

 

- პირველ რიგში, ამის ინიციატორი იყო საზოგადოება. რა თქმა უნდა, დეპარტამენტი შეიქმნა საქართველოს მთავრობისა და პროკურატურის ხელმძვანელობის გადაწყვეტილებით.

 

- რომელი საქმეები იქნება პრიორიტეტული... რომელი საქმის შესწავლას დაიწყებთ პირველად?

 

- პრიორიტეტული იქნება ყველა ის საქმე, რომელიც უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება მოიცავს. შემდეგი პრიორიტეტი იქნება სასჯელაღსრულების სისტემასა და სამართალდამცავ სტრუქტურებში დასაქმებული საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულების განხილვა.

 

- ის პირები, რომლებიც მიტაცებულ ქონებას თავისი ნებით დააბრუნებენ, სასჯელისგან გათავისუფლდებიან?


- დიახ, გათავისუფლდებიან! თუ მათ მიმართ არ იარსებებს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში სავარაუდო ბრალდებები, ასეთ შემთხვევაში პროკურატურა გამოიყენებს დისკრეციის უფლებას და მათ მიმართ ამოქმედდება განრიდება და სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყება. თუმცა, ამისთვის აუცილებელი იქნება ორი კრიტერიუმი - უნდა ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ნებაყოფლობით აანაზღაურონ ზიანი.

 

- 2007 წლის 110 აგვისტოს, ღამის 2 საათზე, სააკაშვილის მანქურთებმა დაარბიეს გამომცემლობა „სამშობლო", საიდანაც გამოაძევეს ასზე მეტი რედაქცია, დალეწეს ტექნიკა, ავეჯი, გაანადგურეს წიგნები... დაუბრუნდება თუ არა „სამშობლო" მასმედიას?

 

- ვერ მოგატყუებთ, ამ საქმეს მე არ ვიცნობ... დღეს ვის ეკუთვნის გამომცემლობის შენობა?

 

- თავიდან ამბობდნენ, კოდუებმა იყიდესო... მერე თქვეს, ბენდუქიძემ დაისაკუთრაო... კაზინო „აჭარა-ბეთზეც" საუბრობდნენ... ახლა იქ თითქოს სასტუმრო „ინტერკონტინენტალს" ხსნიან...


- სავარაუდოდ, ეს საქმე გამოთხოვილი იქნება და მე აუცილებლად საგანგებოდ ჩავინიშნავ გამომცემლობა „სამშობლოს" საქმეს!


- ბატონო ირაკლი, აუცილებლად უნდა გკითხოთ იმ სახლის შესახებ, რომელიც ბათუმში მოქალაქე ბლადაძეს წაართვეს და მერე სააკაშვილმა 1 ლარად ეს სახლი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს აჩუქა. მცირეწლოვანი ბავშვები გამოყარეს მშობლიური სახლიდან, თანაც პაპუაშვილს ახლა ამ სახლის გაყიდვა უნდა თურმე... დაინტერესდება თქვენი დეპარტამენტი ამ საქმით?

 

- ორ დღეში ყოვლად წარმოუდგენელია ყველა ამ საქმეს გავეცნო; დეპარტამენტი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია და ასეთ თემებზე მე რომ კონკრეტული პასუხი გავცე, ეს იქნება ჩემი მხრიდან არაკომპეტენტურობისა და არაპროფესიონალიზმის გამოვლინება. საქმე საინტერესოა და ჩავინიშნავ, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ მაინცდამაინც ეს იქნება პირველი საქმე. საქმეების განხილვისას ნუმერაციის, ანუ რიგითობის პრინციპი არ იარსებებს! ჩვენ შევეცდებით, შედეგები მოკლე ხანში დავდოთ და პირველად ის საქმე განვიხილოთ, რომელზეც ყველაზე ადრე დამთავრდება მტკიცებულებების შეგროვება. ყველა საქმეზე პარალელურ რეჟიმში დაიწყება მუშაობა და მტკიცებულებების მოპოვების სიმარტივის მიხედვით რომელი საქმეც დაწინაურდება, პირველად ის განიხილება.

 

- სააკაშვილის რეჟიმმა „განაკულაკა" და ჩაიჯიბა „ცეკავშირისა" და პროფკავშირის ქონება. ეს ხალხი ჩივის, მილიარდებზეა ლაპარაკი, რომელიც უკანონოდ მიითვისეს და ამ მიტაცებულ ქონებებს ვინ დააბრუნებს?

 

- ჩვენს დეპარტამენტს ორმაგი დატვირთვით უწევს მუშაობა. პირველ რიგში, უნდა მოხდეს მოპოვებული ქონების კანონიერების დეტალური შესწავლა, ხოლო ამის შემდეგ უნდა შევისწავლოთ ამ ქონების უკანონო გზით ჩამორთმევის ფაქტი. თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია საინტერესოა, ფასეულია, მაგრამ ამ ეტაპზე ვერცერთ საქმეზე ამომწურავ პასუხს ვერ გაგცემთ.

 

- რა კრიტრეიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საქმე,რომ თქვენს დეპარტამენტში მოხვდეს?

 

- ამისთვის საჭიროა შემდეგი პირობები - ან ქონების უკანონოდ ჩამორთმევაზე უნდა იყოს ლაპარაკი, ან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულთან უნდა გვქონდეს საქმე.

 

- ბატონო ირაკლი, გამოდის, რომ სააკაშვილის, მერაბიშვილის, ახალაიების, ქარდავების, ადეიშვილისა და რეჟიმის სხვა რაიხსფიურერების საქმეები თქვენს დეპარტამენტი გადმოინაცვლებს?


- არა, ეს საქმეები დარჩება იქ, სადაც მათი გამოძიება დაიწყო, მაგრამ იმ 10 ათასზე მეტ საქმეს,რომელიც გამოსაკვლევად ჩვენს დეპარტამენტს ექვემდებარება, დაემატება ახალი საქმეები. ძალიან შრომატევადი სამუშწაოა...

 

- პროკურატურაში ამ ახლი დეპარტამენტის შექმნის იდეა იმ ამერიკელ მრჩევლებს ხომ არ ეკუთვნით, რომლებიც უწყებაში მოიწვიეთ?


- კიდევ ერთხელ ვიმეორებ - სპეციალიზებული დეპარტამენტის შექმნის იდეა ეკუთვნის ქართველ ხალხს, რაც შეეხება კონსულტაციებს, ის ჩვენ ყველასთან გავიარეთ და საბოლოო გადაწყვეტილებამდე ისე მივედით!


- რამდენად ექნება თქვენს დეპარტამენტს კომუნიკაცია საზოგადოებასთან?

 

- პრესითა და ტელევიზიით აუცილებლად გამოვალთ და საზოგადოებას პერმანენტულად მივაწოდებთ ინფორმაციას მიღწეული შედეგების შესახებ!

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016