კომპოზიტორი, ანსამბლ „ივერიის" სამხატვრო ხელმძღვანელი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ბასილაია 1942 წლის 11 მარტს, თბილისში დაიბადა. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (კონტრაბასის კლასი, ხელმძღვანელი ნ. სავჩენკო). 1963 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში პიანისტ-აკომპანიატორად, 1968 წლიდან ანსამბლ „ივერიის" ხელმძღვანელად და სოლისტად (ფორტეპიანო), 1990 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
ბასილაია ძირითადად საესტრადო ჟანრში მუშაობდა. იგი ავტორია მრავალი საესტრადო სიმღერისა, რომელთაგან აღსანიშნავია „თეთრი ფიფქები" (ჯ. ჩარკვიანის ლექსზე), „მოგონებანი" (კ. კვეიძის ლექსზე), „სიყვარულის ზღაპარი", „გულო, ჩადექ საგულესა", „ახალგაზრდული" (მ. ფოცხიშვილის ლექსებზე), „სიმღერა საქართველოზე" (ლექსი ნ. მალაზონიასი) და სხვა.
ანსამბლ „ივერიისათვის" დაწერა მიუზიკლები: „ჩხიკვთა ქორწილი" (1979), „არგონავტები" (1980), „შლაგერი, შლაგერი" (1985), „თოვლის ბებოს ზღაპარი" (1986), „ფიროსმანი" და სხვა. ამავე ანსამბლისათვის მან არაერთი ქართული ხალხური სიმღერა დაამუშავა. ანსამბლთან ერთად კონცერტები გამართა ყოფილი სსრკ და საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებში (პოლონეთი, ბოლივია, ჩეხოსლოვაკია, გერმანია, კუბა, მექსიკა, პორტუგალია).
საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა 1987 წელს. 2002 წელს კი მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. იყო კომპოზიტორთა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრი.
ალექსანდრე ბასილაია გარდაიცვალა 2009 წელს გერმანიაში, სადაც მკურნალობის კურს გადიოდა. დაავადებული იყო ფილტვის კიბოთი.
დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.