2015 წლის ევროფესტივალზე საქართველოს საკონკურსო სიმღერის Warrior ვიდეორგოლის პრეზენტაცია 11 მარტს კაფე Innova-ში გაიმართა.
სიმღერის Warrior ვიდეორგოლი სტუდია BigCAKE-მა გადაიღო. კლიპის რეჟისორია სტუდიის ერთ-ერთი წევრი დავით გოგოხია.
პრეზენტაციას, სხვა ცნობილ სტუმრებთან ერთად, შვედი ქორეოგრაფი და რეჟისორი საშა ჟან ბაპტისტი დაესწრო. საშა ჟან ბაპტისტი ევროფესტივალის ქართველი მონაწილის რეჟისორია.
ვიდეორგოლის გადაღებები საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კლიპის მონაწილეების კოსტიუმებზე დიზაინერმა ლაშა ჯოხაძემ იმუშავა.
ნინა სუბლატი საქართველოს 2015 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს, სიმღერით Warrior. ნინა სუბლატი კონკურსის პირველ ნახევარფინალურ საღამოზე 19 მაისს იმღერებს.
საიუბილეო, ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-60 კონკურსს ვენა, ავსტრია მასპინძლობს. კონკურსის ნახევარფინალები 19 და 21 , ხოლო ფინალი 23 მაისს ჩატარდება.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)