ხელოვნების სასახლეში დღეს, გამოფენა - „ფიროსმანი მირზაანის მუზეუმის კოლექციიდან“ გაიხსნება.
გამოფენა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ხელოვნების სასახლის ერთობლივი პროექტია.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დღესვე, რამდენიმე წლიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და და ხელოვნების სასახლეს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ნიკო ფიროსმანიშვილის მირზაანის სახლ-მუზეუმიდან ხელოვნების სასახლეში ფიროსმანის 15 ორიგინალია გადმოტანილი.
მირზაანის აღნიშნული კოლექცია, თბილისში 1978 წლის შემდეგ პირველად გამოიფინება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ნიკალას ორიგინალებთან ერთად, პირველად ესპანელი მხატვრისა და სკულპტორის პაბლო პიკასოს მიერ 1972 წელს შექმნილი ფიროსმანის უნიკალური გრაფიკული პორტრეტი იქნება წარმოდგენილი.
გარდა ამისა, ხელოვნების სასახლეში ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული ფიროსმანის პერსონალური გამოფენების აფიშებიც იქნება.