reportiori.ge - დავით მაღრაძე: როგორ შეიძლება „ნაციონალებმა“ მთავრობის გადადგომა რუსთაველის გამზირზე მოითხოვონ, სადაც მათ უდანაშაულო ადამიანები დახოცეს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 19:25
ინტერვიუ
დავით მაღრაძე: როგორ შეიძლება „ნაციონალებმა“ მთავრობის გადადგომა რუსთაველის გამზირზე მოითხოვონ, სადაც მათ უდანაშაულო ადამიანები დახოცეს...
ავტორი:
18 მარტი, 2015. 13:45


 

გვესაუბრება პოეტი დავით მაღრაძე:


- ბატონო დავით, როგორ ფიქრობთ, რა ექსცესებია მოსალოდნელი, რამ განაპირობა „ნაცმოძრაობის" ასეთი თამამი მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომის შესახებ?


- მოგესალმებით, მიიღეთ ჩემი დიდი პატივისცემა „საერთო გაზეთის" რედაქტორისა და  კოლექტივის მიმართ. მნიშვნელოვანია ერთი გარემოება: „ნაცმოძრაობის" 9 წლიანი რეჟიმი - ეს იყო სინგაპურიზაცია რუსეთთან ომით, რის საპირწონედაც ივანიშვილმა, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, ევროინტეგრაცია, რუსეთთან ომის გარეშე, შემოგვთავაზა. „ნაციონალები" ჩვენი ცხოვრების გზაზე ძალიან სამწუხარო ისტორიაა, რომელიც შემთხვევითობამ ხელისუფლების სათავეში მოახვედრა. ქართველმა ხალხმა მათ სამუდამო უარი უთხრა, ის ტენდენციები დაგმო, რითაც ისინი სუნთქავენ და ცხოვრობენ. რაც შეეხება ახლანდელ ხელისუფლებას, მას ნაკლიც აქვს და ღირსებაც, მაგრამ იგი, ხალხის წიაღში აღმოცენდა, „ნაცმოძრაობა" კი სხვა ქვეყანაში მომზადებული პროექტია.


 ამიტომ, ხელისუფლების ნაკლზე საუბარი, მისი გადადგომა „ნაციონალების" საქმე არაა. გაგახსენებთ, როგორ მოხვდნენ „ნაციონალები" პარლამენტში - არჩევნების დროს, ხაშურში, სპეც.რაზმმა ბიულეტენების ურნა გაიტაცა, სასულიერო პირები ურნის წასართმევად გამოეკიდნენ, თუმცა, ვერ დაეწიენ. აი, იმ ურნის ხალხი ზის ახლა პარლამენტში „ნაცმოძრაობის" ეგიდით. კი, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს გულწრფელად აქვს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების განცდა. ისტორიას მიბარებულ სექტანტურ მოძრაობას კი სურს გულწრფელი ქართველის უკმაყოფილებით ისარგებლოს. თანაც, ვიცით, რომ „ნაციონალების" მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის  ხელისუფლებაში გადაჯგუფდა, საიდანაც აქ დარჩენილ თავიანთ  ნაშთებს კოორდინაციას უწევენ. როგორც აღვნიშნე, ნაცები სხვა ქვეყნის პროექტია. ეს ხალხი ცდილობს აშშ დაარწმუნოს, რომ რუსეთის წინააღმდეგნი არიან და მათ მის დისკრედიტაციაში მოეხმარებიან, სინამდვილეში კი რუსეთის აქ შემოყვანა სურთ.


მათი მიზანია ხელისუფლების მიმართ საპროტესტო კამპანია იყოს, ჩამოიშალოს ქვეყანა, გაუფასურდეს ლარი და ა.შ. მათი წადილია, რუსეთთან როგორმე მეორე ფრონტი გახსნან, რაც საქართველოს სიკეთეს არა, მაგრამ ომს და უბედურებას ნამდვილად უქადის. მაგრამ, მათ საქართველოს ბედ-იღბალი აბსოლუტურად არ ადარდებთ, რადგან პროექტის ნაწილნი არიან. ამიტომ პროექტს ერთგულებენ და არა ქვეყნას.

 

- რა განაპირობებს „ნაციონალების" ასეთ კომფორტში ყოფნას? ისინი ლამისაა „ტელე-ზვეზდებადაც" იქცნენ...


- რაც შეეხება მედიას, მისი დიდი ნაწილი ხელს უწყობს მოსახლეობაში პანიკის დათესვას, ცდილობს ისეთი შთაბეჭდილება შექმნას, რომ ადამიანები ფანჯრებს მიაწყდნენ, თითქოს გარეთ წარღვნა იწყება, ცა გაიხსნა, ცეცხლის ზღვა წამოვიდა და შემდეგი გაჩერება ნოეს კიდობანია. ამ სურათს ისტერიული გამომეტყველებით ხატავენ. საქართველოზე, დღეს, საუბრობენ ისტორიკოსები და ისტერიკოსები. ესენი მედიაში დაქირავებული ისტერიკოსები არიან. მათ ჩავლილი მატარებლის მიმართ რომელთანაც მშვენივრად თანამშრომლობდნენ და დიდ პატივშიც იყვნენ, ალბათ, დაინტერესებაც აქვთ, ანგარებაც და თანაგრძნობაც.


ჩემი აზრით, სწორი იყო, როცა ხელისუფლებამ პიარზე უარი თქვა, მაგრამ პიარი და კომუნიკაცია ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ მოსახლეობასთან კომუნიკაცია ვერ შეძლო. ხელისუფლებიდან ისეთი არავინ მოიძებნა ვინც ხალხს პერმანენტულად აუხსნის, თუ რომელ დარგში რა მიღწევა გვაქვს, სად არის შეფერხება და რის გამო, რა კეთდება სირთულის დასაძლევად და ა.შ.

 

-  როგორც აღნიშნეთ „ნაციონალების" გაყოყოჩებას მასმედიაც უწყობს ხელს. ნაცებმა, შუა რუსთაველზე, ჯერ აქცია - არა ოკუპაციას, მოგვიწყვე, ახლა კი მთავრობის გადადგომას ითხოვენ.


- „ნაციონალები" არამარტო გაყოყოჩდნენ, არამედ გამოთაყვანდნენ. ივანიშვილს ედავებიან, ქართველ ხალხზე გავლენა რატომ გქვსო. გადახედონ, რაც ივანიშვილს საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის აქვს გაკეთებული 500-ზე მეტი ეკლესია-მონასტრის აღდგენით დაწყებული და მერე, საკუთარ ბიოგრაფიებს ჩახედონ. საერთოდ ასეა, უნიჭო ადამიანი ნიჭიერ კაცს თავის უნიჭობას ვერ პატიობს და მის უნიჭობას ნიჭიერს აბრალებს. საზოგადოება ყველაფერს ხედავს, საქართველოს მოქალაქე ადვილად მოსატყუებელი აღარ არის. დაიყვირეს, ოკუპაციას არაო და რა გაკეთდა მერე ამით, წინ წავიწიეთ? რა ლოზუნგებით დაეხეტებიან, მაგ დროს ხელისუფლებაში არ იყვნენ? შეწირვოდნენ ქვეყანას თუ მაგარი ბიჭები იყვნენ, რომ გვანუგეშეს - რაც მთავარია, ჩვენ გადავრჩით და აწი, თქვენ ჩანგლებით დაიცავით თავიო. ვინმე ამბობს, ოკუპაციას კიო? ადამიანებს აკომპლექსებენ, ეუბნებიან _ აბა, თქვით, ხომ გინდათ ნატოში, აბა, გაიმეორეთ, აბა, ხმამაღლა თქვითო. ეს იცით, რას მაგონებს, ადრე ქართულ სუფრაზე სადღეგრძელოს რომ იტყოდნენ, დაიღრიალებდნენ გაუმარ-ჯოს, თამადა დაიძახებდა - არ ვარგა, თავიდანო და ასე მეორდებოდა რამდენჯერმე, სანამ თამადის მოსაწონად არ დაიღრიალებდნენ. არა ოკუპაციასო რომ ღრიალებდნენ, ხომ არ დაავიწყდათ მანამდე სარკოს ბღავილით რომ გასკდნენ რუსთაველზე, ესაა მათი არა ოკუპაციას? აგერ დგანან გორში, ოკუპაციასთან მებრძოლ რაინდებს მე მივასწავლო მათი ადგილსამყოფელი? რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა 2008 წლის 27 ნოემბერს გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის კულტურის მინისტრს წერილი გაუგზავნა - ნება მოგვეცით, ქართული ანსამბლები ჩამოვიყვანოთ და გიცეკვოთო. რუსეთთან მებრძოლი ჯიგიტები, იქ საცეკვაოდ გარბოდნენ. აი, რა იყო ნაცების რაინდული პასუხი აგვისტოს ომზე _ ვიმღეროთ და ვიცეკვოოთ. როგორც სიკო და ნიკო, სააკაშვილი და ვაშაძე, ანუ გრიშა და მიშა, საცეკვაოდ პუტინთან გარბოდნენ. რა თქმა უნდა, რუსეთთან კულტურული ურთიერთობების მომხრე ვარ, მაგრამ როცა ნაცების ელიტა, ომიდან სამი თვის თავზე, რუსეთს სიკო და ნიკოსავით გრიშას და მიშას პირით მიმართავს თქვენთან გვამღერეთ და გვაცეკვეთოს, ამის წინააღმდეგი ვარ.


დავუბრუნდეთ მთავარ არსს - 21 მარტს დაგეგმილ აქციას. დიახ, მეც გავიგე, რომ  ამ დღეს მეცოცხეებს განზრახული აქვთ აქციის ჩატარება, სადაც მათ ლიბერტარიანელების ნიღაბს ამოფარებული ცოცხისტარიანი ენ-ჯე-ოები დაუჭერენ მხარს. შემომაქვს იდეა - შედგეს სახალხო პერფორმანსი და მათ საპარივცემულოდ დედაქალაქის აივნებიდან ცოცხები გადმოვფინოთ, რათა არ დაივიწყონ, ვისი გორისანი არიან! როგორ შეიძლება „ნაციონალებმა" მთავრობის გადადგომა, 21 მარტს, იმ საკრალურ ადგილას, რუსთაველის გამზირზე მოითხოვონ, სადაც ხალხი დახოცეს! როგორ ბედავენ კვინტრაძის დაღვრილ სისხლზე საპროტესტო აქციის გამართვას. ვინ მისცა მათ ამის უფლება? ეს იგივეა სერგო ორჯონიკიძე ტაბახმელასა და კოჯორში ასულიყო და იუნკერების დახოცვის ადგილას მიტინგი გაემართა! რუსთაველის გამზირი ამ ნაძირალებს არ მიიღებს!

 

- დესტაბილიზაციის, არეულობის მოწყობის შემცველი საჯარო მოწოდებები, თუ არ მეშლება, კანონით ისჯება. ასეთი მუქარები ნაციონალური არხებიდან მრავლად ისმის ყოფილი პრეზიდენტის მიერ. რატომ არ რეაგირებს შესაბამისი უწყებები ამაზე სათანადოდ?


- სააკაშვილი პროექტია, რომელსაც იყენებენ. ადრეც ასე იყო. ვინ იყო ლევ ტროცკი? იგი, დასავლეთისგან დაფინანსებული აშშ-ს თვითმფრინავით ჩამოფრინდა პეტერბურგში, რომელსაც რევოლუციონერებთან ერთად უნდა განეხორციელებინა შტურმი ზეცისკენ და ოჯახისკენ. ჩვენი „ნაციონალებიც", ტროცკისტებივით აქეთ-იქით სხვადასხვა ქვეყნებში დაჰყავთ. რა უნდა ასწავლონ მათ უკრაინელებს, როგორ უნდა წაართვან ქონება საკუთარ ხალხს და თვითონ გადაიფორმონ? მეტი გამოცდილება ხომ არ აქვთ. ან როგორ უნდა გაიქცნენ ომიდან, ეს უნდა ასწავლონ? უკრაინელი ხალხის მიმართ დიდი თანაგრძნობა მაქვს. საქართველოდან ისეთი ხალხი ჩავიდნენ, ვიზიარებ მათ მდგომარეობას, მიიღონ ჩემი გულწრფელი სამძიმარი. მათზე უარესი ხელმძღვანელები, დედამიწაზე, სხვა არ არსებობენ.


 უკრაინელი ხალხი თავისუფლებისთვის იბრძვის, ეს კი ძალისძალად მოხვეული პროექტია. ეს, ერთხელ, უკვე ნაცადი და ჩავარდნილი პროექტია, რასაც ვეღარც უკრაინაში გააცოცხლებენ და ვეღარც კოსოვოში. პროექტი გარდაიცვალა.

 

- როცა სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობთ, რეალურად, კანონის უზენაესობაზე ხომ არ უნდა გაგვეკეთებინა აქცენტი?


- საქართველოში უმძიმესი დანაშაულობებია ჩადენილი, რაც უნდა გაირკვეს და სამართლიანობა აღდგეს. ქილერის სამსახურში მოწყობა დიდსულოვნება არაა, ეს დანაშაულია. ქილერის დაწინაურება მიტევება და სულგრძელობა არაა, ყველაფერს თავის სახელი ჰქვია. სამართლიანობა უნდა აღდგეს, ოღონდ იმ ხალხს მივმართავ, რომელთაც ეს ბრძოლები ერთად გამოვიარეთ და იმათაც, რომელნიც სისხლის სამართლის ბრალეულობაში გარეულნი არ არიან - 9 წლიან რეჟიმს გავუძელით. ისე ნუ ვიზამთ, რომ ჩვენ შთამომავლობას ერთმანეთისკენ სავალ ბილიკებზე გადავეღობოთ. ეს სავალი გზები, ბილიკები შთამომავლობას თავისუფალი უნდა დარჩეს. ეს უნდა შევძლოთ. ამას, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვეუბნები.

 

- როგორ ფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობა" როგორც პოლიტიკური პარტია, უნდა აიკრძალოს თუ არა?


- როცა კანონმდებლები საქმეს თავს ვერ ართმევენ, მერე ამას ხალხი აკეთებს, რომელიც, რეალურად, ბევრად უფრო მაღალი ინსტანციაა. სხვათა შორის, ხალხმა, საქართველოს ისტორიაში, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. ქართული საზოგადოება პროცესის ნათლიაა. მათ დაარქვეს თავის დროზე სახელი ავ-გიორგისაც და გიორგი ბრწყინვალესაც.

 

- დასავლეთის, ევროპის მაღალჩინოსნები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ „ნაციონალებს" პოლიტიკური ნიშნით ვდევნით. მათ გათავისუფლებას, ახლახან, საქართველოში ვიზიტისას ფრანსუა ნორლანდიც „დაგვპირდა". რას ნიშნავს ეს?


- თუ ამდენი შეუძლიათ, მაშინ ჯერ ლუგანსკი და დონბასი გაათავისუფლონ, ეს უფრო რთულია. ან თუნდაც, აფხაზეთი და ცხინვალი. მაგრამ ამ მონდომებას ვერ ვამჩნევ. მერაბიშვილის მეტი არავინ ადარდებთ?  იგი, სხვა სახელმწიფოს ჩინოვნიკისგან ვერ გათავისუფლდება. იმ კაცს ათავისუფლებენ, რომელიც შს მინისტრის პოსტიდან თავისი კრიმინალი ხელქვეითებისგან პირდაპირ ორ გვამს ითხოვს? მათ, ბევრად მეტი პრობლემები დაუგროვდათ. კი, მესმის მათი პროექტის ნაწილს ციხე დაემუქრა და განიცდინ. მინდა ერთგული ვიყო იმისა, რაც ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში წერია - ადამიანს ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება აქვს. საბოლოო ჯამში, იმედია, ამერიკა ჰუმანიზმიდან გამომდინარე პრინციპებით იმოქმედებს და კრიმინალებს თავზე არავის დაასვამს.

 

- გაზაფხულზე დაანონსებული არეულობა, შეიძლება რეალობად იქცეს. რა ზომების მიღება მართებს ხელისუფლებას?


- არეულობის მცდელობა არის. ჩვენ, მივეჩვიეთ რომ ვიღაც რაღაცას ამბობს და მერე ამაზე კომენტარები უნდა ვაკეთოთ. მე კომენტატორი კი არა, პოეტი ვარ, ამიტომ ჩემს აზრს მოგახსენებთ: არ გამოვრიცხავ, ეს საპროტესტო აქცია, მიტინგის პროვოცირება ხელისუფლების, მთავრობის გარკვეულ ძალებსაც აწყობდეთ, რათა საქართველოს მოსახლეობა სავალალო არჩევანის წინაშე დააყენონ, ანუ უნიჭობასა და გუშინდელ უბედურებას შორის. ჩვენი არჩევანი არცერთი არ იქნება, არამედ არჩევანი არსებულსა და უკეთესს შორის გაკეთდება. საზოგადოება ხელისუფლებაში განახლებას ელის, მათ, ეს ხალხი, ხელისუფლებიდან მეცოცხეებთან ერთად ცოცხით უნდა გახვეტონ. ხელისუფლების გასაგონად მინდა ვთქვა: ნება იბოძონ და ყველა უკანონობა აღკვეთონ, თორემ „ნაციონალების" მიტინგები მოენატრებათ. ხელისუფლება უფრო ეფექტური უნდა იყოს, ნაკლები პრემია აიღოს, ხალხთან მეტი კომუნიკაცია იქონიოს. ამ შეცდომებს საზოგადოება აცნობიერებს და შეეცდება სამომავლოდ, ნაცების გარეშე, უკეთესი ხელისუფლება დაიქირაოს. მაგრამ, სანამ ეს მოხდება, ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გააკეთოს თავის გასაკეთებელი. აქვე, ერთსაც დავსძენ - „ნაციონალების" აწრიალება, ასეთი ისტერიკა პროკურატურის გააქტიურებამ გამოიწვია. პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პროკურატურა პროკურატურას ემსგავსება და შსს შსს-ს. ბუნებრივია, ეს პროცესი კრიმინალთა ისტერიკას იწვევს.

 

თამარ შველიძე

გაზეთი „საერთო გაზეთი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016