კინერეჟისორი, მსახიობი თეიმურაზ გელას ძე ბაბლუანი 1948 წლის 20 მარტს, ლენტეხის რაიონ სოფელ ჩოლურში დაიბადა.
სწავლობდა თბილისისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. 1979 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძისა და ირაკლი კვირიკაძის სახელოსნო). არის „ადამ და ევას“ სამხატვრო ხელმძღვანელი.
როგორც კინომსახიობმა, შეასრულა მალხაზის („ღიმილის ბიჭები“, 1969), არწივის მომთვინიერებლის („მშობლიურო ჩემო მიწავ“, 1950), მურტალოს (სატელევიზიო ფილმი „კუკარაჩა“) როლები.
თავისივე სცენარით გადაიღო მხატვრული ფილმები: „მოტაცება“ (1975), „ბეღურების გადაფრენა“ (1979; სპეციალური პრიზი კიევის ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა XI საკავშირო კინოფესტივალზე, 1980), სადაც როგორც რეჟისორი საინტერესო მხატვრად მოგვევლინა. ფილმი ეძღვნება ვაჟკაცობას, პატიოსნებას, გარემო სამყაროსთან ურთიერთობას და განმსჭვალულია ადამიანებისადმი რწმენითა და სიყვარულით; „ძმა“ (1981; პრიზი და დიპლომი ტალინის XV საკავშირო კინოფესტივალზე. 1982). ფილმში სოციალური კონფლიქტების ფონზე აქტუალური ზნეობრივი პრობლემების გაშუქებით რეჟისორი მოგვითხრობს მთავარი გმირის რთულ ბედზე; „უძინართა მზე“ (1990; მთავარი პრიზი სოჭში კინოფესტივალზე („კინოტავარ-92“); „გრან-პრი“ მოსკოვის ფესტივალზე („ინტერფესტ-92“); მთავარი პრიზი და დიპლომი თბილისში ქართული ფილმების I რესპუბლიკურ კინოფესტივალზე („ოქროს არწივი“) - სამივე 1992; „ვერცხლის დათვი“ ბერლინის 43-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე (1993); რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1995).
„რეპორტიორი“ ულოცავს ბატონ თემურს დაბადების დღეს, დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უსურვებს.