რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს პირველ პირებს შორის შეხვედრა მხოლოდ ხელის ჩამორთმევის დონეზე არ უნდა მოხდეს. რუსული მხარის პირობა ასეთია - ქართულმა მხარემ უნდა აღიაროს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არა რუსეთის, არამედ თავად აფხაზების და ოსების მიერ არის ოკუპირებული.
„ჩვენ არ შეგვიწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობები ქვეყნებს შორის. დიპლომატიური ურთიერთობები რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, სასაუბროც ბევრი გვექნებოდა და მაღალ დონეზე შეხვედრის პერსპექტივაც იარსებებდა.
პრეზიდენტების შეხვედრა ძალიან კარგად უნდა იყოს მომზადებული. ვფიქრობ, არც რუსეთის და არც საქართველოს პრეზიდენტი არ დათანხმდება ისეთ შეხვედრას, რომლის მიზანიც მხოლოდ ხელის ჩამორთმევა იქნება. თუ იქნება კონკრეტულ თემებზე და დღის წესრიგზე საუბარი, მე პირადად წინააღმდეგობას ვერ ვხედავ, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს. ვიდრე საქართველოში იფიქრებენ, უწოდებენ და კვალიფიკაციას გააკეთებენ, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, მანამდე ამ ჩიხიდან ვერ გამოვალთ. თუ დავსვამთ კითხვას, ვის მიერ არის ოკუპირებული, პასუხი იქნება მხოლოდ ერთი - ოკუპირებულია ოსების და აფხაზების მიერ. სტატუსი ამ მოსახლეობის არჩევანია და კავშირი არ აქვს რუსეთთან. საქართველოს ხელისუფლებას უნდა ეყოს ვაჟკაცობა, თქვას, რომ ამ თემების განხილვა მოხდეს ორმხრივ ფორმატში, თბილისსა და სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს შორის. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, გაჩნდეს დამატებითი გადაწყვეტილებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დაბლოკილი თემა იქნება",- განაცხადა კონსტანტინ კოსაჩოვმა „მოამბესთან" საუბარში.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)