ექსპერტების დასკვნა ერთმნიშვნელოვანია - სააკაშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებს პროკურატურა ბრალს უკვე მალე წაუყენებს და ეს ბრალი დასავლეთის სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი. ამის თქმის საფუძველს მათ შაბათს პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება აძლევთ. ექსპერტების განმარტებით, ავტორიტეტული უცხოელი პროკურორების რეკომენდაცია სწორედ იმას ნიშნავს, რომ ქართულ მხარეს უკვე აქვს საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია:
„პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფმა საქმეზე მთავარი პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების რამდენიმეთვიანი შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ 2007-2012 წლებში საქართველოს მთავრობის ქმედებები, რომლებიც მიმართული იყო სამთავრობო ინსტიტუტების გამოყენებით არკადი პატარკაციშვილისა და მისი ოჯახის კუთვნილი ქონების უკანონოდ ჩამორთმევისკენ, ასევე, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები, რა დროსაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მოხდა ძალის გამოყენება, დასკვნის მიხედვით, აღნიშნული საკმარისია ბრალდების მხარდაჭერისთვის და სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა გაგრძელდეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ზურაბ ადეიშვილისა და თბილისის ყოილი მერის გიორგი უგულავას წინააღმდეგ სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის".
„იმედის" დარბევის თემაზე დაიკითხა ყველა, მათ შორის, ვალერი გელბახიანი, გიორგი თარგამაძე, დიანა ტრაპაიძე... ახალმა ხელისუფლებამ, თეა წულუკიანის ინიციატივით, სტრასბურგიდანაც გამოითხოვა საქმე. გიორგი ახვლედიანის განმარტებით, საქმე მან ადვოკატ ლია მუხაშავრიას დახმარებით შეიტანა. თუმცა, თეა წულუკიანმა, როგორც იუსტიციის მინისტრმა, ჩათვალა, რომ „იმედის" დარბევის თემას ახალი ხელისუფლება გამოიძიებდა. ამიტომაც ეს საქმე თბილისში დაბრუნდა.
მაშინ ჟურნალისტი და ახლა პოლიტიკოსი გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო პროკურორების რეკომენდაცია ძალიან სერიოზული განცხადებაა:
- ამით ნაციონალების კნავილი, რომ თითქოს მათი წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, უნდა დასრულდეს. ამ განცხადებიდან ცხადი ხდება, რომ საქართველოში სამართიანობის აღდგენის პროცესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობით მიმდინარეობს და არანაირი შერჩევით სამართალსა და პოლიტიკურ დევნას არ აქვს ადგილი.
ვალერი გელბახიანის განმარტებით, ამ საქმეში დაზარალებულად მხოლოდ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი არ უნდა გამოცხადდეს: „ყველაზე მეტად მისი თანამოაზრეები დაზარალდნენ, არანაკლებად თავზარალდით ჩვენც და გამოძიება ამ მიმართულებითაც უნდა წარიმართოს", - განმარტავს გელბახიანი. მისი თქმით, ძიების მასალები მთლიანად დაკარგულია, ანუ საქმე, რომელიც სააკაშვილის დროს აღიძრა, აღარ არსებობს. თავად პროკურატურამ რამდენიმე ხნის წინათ დაკითხა მხოლოდ „იმედის" დარბევის კუთხით. ყოფილი დეპუტატი გამოძიებას ურჩევს, მთლიანი პროცესით დაინტერესდეს.
ლევან ალაფიშვილის განცხადებით, თუკი საკმარისი მტკიცებულებები იქნება უზრუნველყოფილი, გამოძიებას სრული პასუხი ექნება. და რადგანაც მრჩევლების რეკომენდაცია გამოძიების გაგრძელებას დასაშვებად მიიჩნევს, გამოდის, რომ გარკვეული მტკიცებულებები უნდა წარადგინოს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ის შეძლებს, მაღალი რანგის პირების, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება და დადასტურდება, ბრალი წაუყენოს ან დაუმძიმოს.
გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ განცხადებაში ჩამოთვლილი პირები სხვადასხვა საქმეში სხვადასხვა ფორმითა და დოზით მონაწილეობდნენ ბადრი პატარკაციშვილის გაკოტრებაში.
საერთაშორისო ჯგუფი 2014 წლის ივლისში მთავარი პროკურორის ინიციატივით შეიქმნა იმ მიზნით, რომ აქტიურად შეესწავლა მთავარი პროკურატურის მიერ მიწოდებული მასალები, რომლებიც მოიცავდა მოწმეთა ჩვენებებს, ექსპერტიზის დაკვნებს, სასამართლო ოქმებს, საქართველოს კანონმდებლობასა და შესაბამის მასალებს. პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფში გაწევრიანებული არიან: სერ ჯოფრი ნაისი (გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ადვოკატი), მოშე ლადორი - ისრაელის სახელმწიფოს ყოფილი მთავარი პროკურორი და პოლ კოფი - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი.
ქეთი ხატიაშვილი
გაზეთი „პრაიმტაიმი"