reportiori.ge - სკანდალური სია – როგორ ატერორებდა სააკაშვილის რეჟიმი ქართულ ბიზნესს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:41
მთავარი თემა
სკანდალური სია – როგორ ატერორებდა სააკაშვილის რეჟიმი ქართულ ბიზნესს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს
ავტორი:
24 მარტი, 2015. 19:37




რამდენიმე დღის წინათ საინფორმაციო სააგენტო SMO.ge-მ („სამეგრელოს მედიაორგანიზაცია") ექსკლუზიური მასალა გამოაქვეყნა სათაურით: „სკანდალური სია - ვის წაართვა ნაციონალურმა მოძრაობამ ქონება?!"


მასალა ეხება 2008 წლის აგვისტომდე და მის შემდეგ პერიოდში სხვადასხვა ბიზნსორგანიზაციების მიერ სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემულ ქონებას.


როგორც საინფორაციო სააგენტო წერს, მას ეს სია სანდო წყარომ მიაწოდა და ინფორმაცია ზუსტია.


ძვირფასო მკითხველო, მართლაც არავისთვის არ არის ახალი ამბავი, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს ქართველ ბიზნესმენებს, ცალ-ცალკე თუ ჯგუფურად, რატომღაც „სურვილი უჩნდებოდათ", რომ საკუთარ ნაშრომ-ნაოფლარი და წლობით ნაგროვები ქონება, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც, სახელმწიფოსთვის ეჩუქებინათ.


იყო შემთხვევები, როცა ქართველ ბიზნესმენებს ასეთი „სურვილი" ღამის 3-4 საათზე წამოუვლიდათ, საწოლიდან დგებოდნენ, მოძებნიდნენ შესაბამის ნოტარიუსს, რომელსაც ასევე ღამის 3-4 საათზე უჩნდებოდა მუშაობის „სურვილი" და თავიანთ ქონებას სახელმწიფოზე უსასყიდლოდ გადააფორმებდნენ.


დიახ, ასეთი „კრუგლოსუტოჩნი" იყო ქართული ბიზნესისა და სააკაშვილის რეჟიმის „მეგობრობა".

ამიტომაც, საინფორმაციო სააგენტო SMO.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ სიაში, პირადად ჩემთვის, უცნაური და დაუჯერებელი არაფერი ყოფილა. თუმცა, მაინც დავუკავშირდი ხსენებული სააგენტოს ხელმძღვანელს, ჟურნალისტ მალხაზ ბასილაიას და ვკითხე, რამდენად სანდოა წყარო, რომელმაც მას ეს ინფორმაცია და სკანდალური სია მიაწოდა?


როგორც მალხაზ ბასილაიამ მითხრა, მისი წყარო აბსოლუტურად სანდოა. მეტიც, ჟურნალისტს ეს მასალა საკმაოდ დიდი ხნის წინათ მიაწოდეს, მაგრამ სანამ რამდენიმე წყაროსთან არ გადაამოწმა და ინფორმაციის სიზუსტეში ბოლომდე არ დარწმუნდა, მანამდე გამოქვეყნებისაგან თავს იკავებდა.


მოკლედ, აი, რა ირკვევა საინფორმაციო სააგენტო SMO.ge-ს მიერ გამოქვეყნებული მასალის მიხედვით:


სხვადასხვა სამინისტროში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2008 წლის განმავლობაში სახელმწიფოს იურიდიული პირებისგან ჩუქების წესით გადაეცა 21 432 456 ლარის უძრავ-მოძრავი ქონება. მათი უდიდესი ნაწილი, 18 754 451 ლარის ქონება - ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაეცა. ფინანსთა სამინისტრომ 25 922 ლარის ქონება მიიღო, განათლების სამინისტრომ - 13 632 ლარის, თავდაცვის სამინისტრომ - 85 000 ლარის, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ - 2 275 444 ლარის ქონება, ხოლო ენერგეტიკის სამინისტრომ 278 726 ლარის ქონება.


2008 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, ბიზნესორგანიზაციების მიერ სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემული, ანუ ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ შეადგინა 4 773 438 და 1 214 868 აშშ დოლარი.


აქედან 4 171 677 ლარისა და 902 643 აშშ დოლარის ღირებულებისა იყო 142 ერთეული ავტომანქანა, რომელიც ბიზნესმენებმა სახელმწიფოს აჩუქეს.


ამ კუთხით სახელმწიფოს მიმართ ყველაზე გულუხვი და ხელგაშლილი კომპანია „გუდვილი" აღმოჩნდა, რომელმაც 2008 წლის 12 ნოემბერს სახელმწიფოს, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს, 49 ერთეული ავტომანქანა უსასყიდლოდ გადასცა. „გუდვილის" მიერ სახელმწიფოსთვის გაკეთებული საჩუქრის ღირებულებამ  1 675 717 ლარი შეადგინა.


საინფორმაციო სააგენტო SMO.ge-ს მიერ გავრცელებული ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ „გუდვილის" მეპატრონეს გოგი შევარდნაძეს დავუკავშირდით და ვკითხეთ, 2008 წელს მისმა კომპანიამ მართლა აჩუქა თუ არა სახელმწიფოს 49 ერთეული ავტომანქანა?


ბატონმა გოგი შევარდნაძემ დაგვიდასტურა, რომ ეს მართლაც ასე მოხდა და მას ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც გააჩნია.


- თუ ასეა, ბატონო გოგი, მაშინ აღარც გკითხავთ, რატომ გაგიჩნდათ სურვილი, სახელმწიფოსათვის ასეთი საჩუქარი გაგეკეთებინათ? - ვუთხარი „გუდვილის" მფლობელს.


ამაზე ბატონ გოგი შევარდნაძეს გაეცინა.

გამეცინა მეც.

ყველაფერი გასაგები და დღესავით ნათელია.



2008 წელს 31 ერთეული ავტომანქანა ეკონომიკის სამინისტროსათვის უსასიყიდლოდ აქვს გადაცემული „ტოიოტა ცენტრს". მათ შორის,  ერთი ავტომანქანა, 86 098 ლარის ღირებულებით, 6 ნოემბერს, ხოლო 30 ავტომანქანა, რომელთა საერთო ღირებულებამაც 1 039 104 ლარი შეადგინა - 4 დეკემბერს.


ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ ასევე დავუკავშირდით „ტოიოტა ცენტრი თბილისის" ხელმძღვანელს ირაკლი გურჩიანს, რომელმაც ასევე დაგვიდასტურა, რომ მისმა კომპანიამ 2008 წელს ეკონომიკის სამინისტროს მართლა  გაუფორმა 31 ერთეული ავტომანქანის ნაჩუქრობა, თუმცა, აქ საქმე ცოტა სხვაგვარად ყოფილა.

კერძოდ, როგორც ბატონმა ირაკლი გურჩიანმა გვითხრა, ეს 31 ერთეული ავტომანქანა „ტოიოტა ცენტრი თბილისში" თურქმა ბიზნესმენებმა ხელზე გადახდით, ანუ ე.წ. ქეში ფულით შეიძინეს, თუმცა, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არ სურდათ, რომ მანქანების სახელმწიფოსათვის მჩუქებლებად თურქი  ბიზნესმენები დაფიქსირებულიყვნენ, ამიტომ, მათ მიერ ნაყიდი მანქანების ეკონომიკის სამინისტროსათვის მჩუქებლად, „ტოიოტა ცენტრი თბილისი" დაფიქსირდა.


ძვირფასო მკითხველო, ბუნებრივია, გაგიჩნდებათ კითხვა - თურქ ბიზნესმენებს რატომ უნდა მოსურვებოდათ უცხო სახელმწიფოსათვის, ამ შემთხვევაში, საქართველოსათვის, 31 ერთეული ავტომანქანის ჩუქება?


ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ სააკაშვილის რეჟიმმა თურქი ბიზნესმენები „გაწეწა" და რადგან შემდეგ არ გაჩენილიყო ზუსტად იგივე კითხვა, რაც ჩვენ ზემოთ დავსვით - რატომ გაუკეთეს უცხოელმა ბიზნესმენებმა ასეთი საჩუქარი საქართველოს სახელმწიფოს? - სააკაშვილის ხელისუფლებამ არჩია, ქონების მჩუქებლად „ტოიოტა ცენტრი თბილისი"  დაფიქსირებულიყო.


მოკლედ, სააკაშვილის რეჟიმი არამარტო ქართველ, არამედ უცხოელ ბიზნესმენებსაც არ ინდობდა.


სხვათაშორის, ამ ორიოდე წლის წინათ „ასავალ-დასავალში" გამოქვენდა ჩემი ინტერვიუ თურქ ბიზნესმენ ადნარ აქიართან, რომელმაც მოყვა, 2006 წელს, მაშინდელმა ფინანსური პოლიციის უფროსმა დავით კეზერაშვილმა, მას და მის პარტნიორებს, მუქარის ძალით, როგორ შეაძენინა რამდენიმე ერთეული ძვირადღირებული ავტომანქანა.


დავუბრუნდეთ საინფორმაციო სააგენტო SMO.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალას:


2008 წლის 26 სექტემბერს, შპს „დიონისე გ.ს."-მ სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა 21 ერთეული ავტომანქანა, რომლთა საერთო ღირებულებამაც 506 100 აშშ დოლარი შეადგინა.


ამავე კომპანიამ რამდენიმე თვის შემდეგ, კერძოდ, 2008 წლის 4 დეკემბერს, სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა კიდევ ერთი ავტომანქანა, რომლის  ღირებულებაც 65 500 აშშ დოლარი იყო


2008 წლის 17 ოქტომბერს შპს „ერთგულებამ" ეკონომიკის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა 12 ერთეული ავტომანქანა,  რომელთა საერთო ღირებულება 415 197 ლარს შეადგენდა.


თუმცა, მხოლოდ ავტომანქანები არ არის ერთადერთი საჩუქარი, რასაც ბიზნესი სააკაშვილის დროს სახელმწიფოს უსასყიდლოდ უკეთებდა. SMO.ge-ს მიერ გამოქვეყნებული მასალის თანახმად, 2008 წელს სახელმწიფოსათვის არაერთი ბიზნესწილის გადაფორმების ფაქტი იკვეთება.


ასე, მაგალითად, 2008 წლის 5 აგვისტოს, მაშინ, როცა საქართველოს ცარგვალი საომრად იქუფრებოდა და ცხინვალში უკვე ტყვიების ზუზუნი ისმოდა, კომპანია „ჯეოსელმა" ეკონომიკის სამინისტროს 2,5-პროცენტიანი წილი გადაუფორმა, რომლის ღირებულებაც 250 025 აშშ დოლარს შეადგენდა.


2008 წლის 3 ოქტომბერს სააქციო საზოგადოება „თელეთის ნავთობის კომპანიის" ოთხი შვილობილი ორგანიზაციის - შპს „საქართველოს გაზსაცავების კომპანიის", შპს „ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია - ნინოწმინდას", შპს „ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია - ნორიოს" და შპს „ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია - ნაზვრევის" 50%-იანი წილები ეკონომიკის სამინისტროზე გადაფორმდა.


2008 წლის 6 აგვისტოს სს „თელეთის ნავთობის კომპანიამ" ეკონომიკის სამინისტროს 199 981 ლარის ღირებულების მოძრავი ქონება აჩუქა.


კვლევის შედეგად ასევე დადგენილია, რომ როგორც სს „თელეთის ნავთობის კომპანია", ასევე მისი შვილობილი ოთხივე ორგანიზაცია, დღეის მდგომარეობით, ლიკვიდირებულია და აღარ ფუნქციონირებს.

2008 წლის 13 აგვისტოს შპს „APS"-მა ფინანსთა სამინისტროს საჩუქრად გადასცა 25 922 ლარის ქონება.


2008 წლის 20 აგვისტოს შპს „მიკრომედია XXI"-მ, რომლიც დღეისთვის ლიკვიდირებულია და აღარ არსებობს, ეკონომიკის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა 323 993 ლარის ღირებულების საოფისე ტექნიკა და ინვენტარი.


2008 წლის 25 აგვისტოს შპს „მაგნუმმა" ეკონომიკის სამინისტროს ჩუქების წესით გადასცა 11 ერთეული, ხოლო იმავე წლის 17 ოქტომბერს - 2 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი), რომელთა საერთო ღირებულებამაც  11 180 ლარი შეადგინა.


ძვირფასო მკითხველო, ყოველივე ეს, რაც წინამდებარე წერილში ზემოთ ჩამოგითვალეთ, მხოლოდ ერთი წლის - 2008 წლის განმავლობაშია მომხდარი და თავად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, იმ 9 წლის განმავლობაში, რაც ქვეყანას სააკაშვილის რეჟიმი განაგებდა, რამდენ ასეთ ფაქტს ექნებოდა ადგილი, ანუ რამდენი ბიზნესკომპანია რამდენ „საჩუქარს" გაუკეთებდა სახელმწიფოს.


ანუ ის ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოგითვალეთ, 9 წელზე გადაამრავლეთ და თქვენს წინაშე სააკაშვილის რეჟიმის მიერ ბიზნესის დატერორების არნახული მასშტაბები გადაიშლება!


და რაც ყველაზე მთავარი და საყურადღებოა - ბიზნესმენის მიერ სახელმწიფოსთვის ქონების ჩუქების ფაქტები ფიქსირდება 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში და მის შემდგომ თვეებში, ანუ, როცა ჩვენი ჯარისკაცები სამშობლოს დასაცავად სამაჩაბლოს მიწაზე სიცოცხლეს ტოვებდნენ, ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ანექსია ხდებოდა და საქართველო სისხლის ცრემლებით ტიროდა, სააკაშვილის რეჟიმი სწორედ იმ დღეებში ბიზნესის დატერორებითა და ქონებების წართმევით იყო დაკავებული!


დიახ, 2008 წელს, ომის პერიოდში, როცა ქვეყანაში ეკონომიკურმა კრიზისმა დაისადგურა და სოციალური გაჭირვება ძალიან გაღრმავდა, წარმოუდგენელია, ქართული ბიზნესი ასეთი უანგარო გულუხვობის ხასიათზე დამდგარიყო და სახელმწიფოსათვის მილიონობით ქონება უსასყიდლოდ გადაეცა!


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამ ფაქტებზე დაუყოვნებლივ უნდა აღძრას სისხლის სამართლის საქმე!


მხოლოდ ის, რომ დღეს ბიზნესი სახელმწიფო ტერორისაგან გათავისუფლებულია, საკმარისი არ არის!


საჭიროა, სააკაშვილის რეჟიმის მიერ დატერორებული ბიზნესი საკუთარ უფლებებში აღდგეს და ის, რაც ნაციონალებმა წაჰგვარეს და წაჰგლიჯეს, უკან დაიბრუნოს!


დიახ, „ნაციონალურ მოძრაობას" ამაზე პასუხი უნდა მოეთხოვოს!


სამართლიანობის აღდგენა სამართლიანობის აღდგენას უნდა ჰგავდეს და არა ფარსსა და კომედიას!


სხვანაირად ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო არ გვექნება!


სხვანაირად ჩვენ არა სახელმწიფოში, არამედ ბალაგანში ვიცხოვრებთ!




 





ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"







 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016