reportiori.ge - მე კი მგონია, რომ შეუძლიათ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:40
სპორტი
მე კი მგონია, რომ შეუძლიათ...
26 მარტი, 2015. 12:49



საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა „მიხეილ მესხზე" მალტელები დაამარცხა 2:0. აღარც მახსოვს ბოლოს როდის მოვიგეთ ამ ანგარიშით. მოგება თავისთავად კარგია, თუმცა ახლა ამაზე არ გავამახვილებ ყურადღებას და არც შეხვედრის პერიპეტიებს აღწერას შევუდგები, რადგან ფეხბურთის მოყვარულებმა ყველაფერი თავად ნახეს, ხოლო ვისაც სპორტის ეს სახეობა არ აინტერესებს, მათთვის ჩემი მოსაზრებებიც სულერთია.


მთავარი გუშინ ჩემთვის (არა მარტო) ახალი მწვრთნელის დებიუტი და სიახლეები იყო. ზოგი რამ მომეწონა, ზოგი არა. დავიწყებ პირველით:


1. სამი ცენტრალური მცველით თამაში უკვე ახალი ხილი არ არის, კარგია,რომ სამი მაღალი კლასის შემსრულებელი გვყავს, მალტის ნაკრები საზომად ვერ გამოდგება, თუმცა სავარაუდოდ, ამ ტრიოს შეუძლია თავი კარგად დაიცვას.


2. სასიამოვნო იყო ნავოლოვსკის თამაშის ყურება, მისი ენერგია და ფლანგური გარღვევები ნამდვილად აკლდა გუნდს.


3. კახა მახარაძეს დრო დასჭირდება გუნდში რომ ჩაეწეროს, მომავალში სავარაუდოდ უკეთ მოახერხებს ჩვენი ნაკრებისთვის აქილევის ქუსლად ქცეული პრობლემების მოგვარებას. ბურთის ამოტანას და შენარჩუნებას ვგულისხმობ. გუშინ ამ კომპონენტში საყრდენები შედარებით უკეთ გამოიყურებოდნენ.


4. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყაზაიშვილის სახით კარგი ფეხბურთელი გვეზრდება. ვფიქრობ, ეს ყმაწვილი ძირითადში თამაშს იმსახურებს.


5. ყენიას შემოსვლის შემდეგ გუნდი ბურთს უკეთ აკონტროლებდა, გაჩნდა კრეატივი, მოულოდნელი სვლები და ხიფათმაც ერთი-ორად იმატა.


6. მჭედლიძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე და ის გუნდისთვის დიდი ძალაა.


7. როგორც ყოველთვის პროდუქტიული იყო კანკავა, ბევრი იშრომა, გოლიც გაიტანა (მართალია ხელით, მაგრამ...) და საგოლე პასიც შეასრულა.


იყო კიდევ პატარ-პატარა სასიამოვნო მომენტები: მეკარეების საიმედო თამაში, ოქრიაშვილისა და ჭანტურიას ინდივიდუალური გაელვებები. ახლა იმაზე, რა არ მომეწონა:


1. მარჯვენა ფლანგი ბევრად ინერტული იყო, ჭანტურია და განსაკუთრებით კობახიძე ბევრს ვერაფერს ქმნიდნენ, საერთოდაც ამ უკანასკნელის შესაძლებლობებზე დიდი წარმოდგენის არ ვარ და ეს ამ თამაშშიც გამოჩნდა. ნაკრებში ყველაზე სუსტი წერტილი სწორედ მარჯვენა ფლანგია.


2. ოქრიაშვილის შესაძლებლობები უკვე ეჭვს აღარ იწვევს, მაგრამ ეს ყმაწვილი ძალიან ერთობა ინდივიდუალური თამაშით, ცხადაძეს მოუწევს მასთან ბევრი მუშაობა, რათა ამ ბიჭის უდავოდ დიდი შესაძლებლობები გუნდურ ინტერესებს მოხმარდეს და ასე უაზროდ არ იფლანგებოდეს.


3. გუნდი ჯერ ვერ გამოვიდა „შეშინებულის" სინდრომიდან, მუდმივად ბურთის უკან გორება სწორედ ამის მაჩვენებელია. ვერ პოულობენ სწორ გაგრძელებას მოწინააღმდეგის კარისკენ, ფეხბურთელები ცოტას მოძრაობენ და არ იხსნებიან.


4. ფეხბურთი არ არის სასიარულო სპორტი, ეს სირბილია (ბურთით) და თან რაც შეიძლება სწრაფი სირბილი, ჩვენ კი ჯერ დავდივართ მოედანზე. ასეთი ნელი ტემპი თანამედროვე ფეხბურთში მიუღებელია.


5. გასაგებია, რომ ორი ვარჯიშით გუნდის სათამაშო ტაქტიკის შეცვლა შეუძლებელია და ამას ცხადაძეს ვერც მოვთხოვ, მაგრამ სტანდარტულების შესრულებისას ჩვენი ფეხბურთელების პოტენციალის გამოყენება უკეთ შეიძლებოდა (მართალია, პირველი გოლი სტანდარტულიდან გავიდა, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, მარადონა რომ ღმერთის ხელს უწოდებდა).


სასიამოვნო იყო, რომ გუნდი უპრობლემოდ გადაეწყო ერთი სქემიდან მეორეზე და შემდეგ მესამეზე, თუმცა კიდევ გავმეორდები, მალტის ნაკრები საზომად არ გამოდგება. სამ დღეში გერმნია გვესტუმრება და იქ უკეთ გამოჩნდება რა შეგვიძლია. არავინ იფიქროს მაინცდამაინც მოგებას ვითხოვდე, უბრალოდ, ძლიერ გუნდთან უკეთ დავინახავთ რა მიმართულებით უნდა იმუშაონ მწვრთნელებმა და რეალურად რა შეუძლიათ ფეხბურთელებს. მე კი მგონია, რომ შეუძლიათ...



 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016