reportiori.ge - ამბავი ნაციონალური სინეხვისა, ანუ აირწინაღები ჩქარა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:47
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ამბავი ნაციონალური სინეხვისა, ანუ აირწინაღები ჩქარა!
15 ოქტომბერი, 2013. 20:12

„შაირ სიტყვითა მესტვირემ ღმერთი მაღალი ახსენა“ და არსენა ოძელაშვილს გამარჯვება უსურვა.

ჩვენმა მოშაირე-მეციტატე მაღალმა მიშამ კი მორიგი სიცრუისა და ტყუილის ვირტუალური კერძით კვლავ გააძღო და დააპურა სიღარიბის გარეშე დარჩენილი საქართველო.

მისი სტვირი ეგრე უსტვენს.

ამას წინათ, – ობამას შეხვდაო – აშშ პრეზიდენტს! გაიხარა და აჭიკჭიკდა, აჩიორდა და აიქოჩრა პრეზიდენტის „ფეისბუქი“ და ამ „მოვლენის“ ამსახველი ისეთი ტელესიუჟეტი შემოგვთავაზეს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე, რომ მიშაც დაეჭვდაო, ამბობენ...

სად შეხვდა სააკაშვილი ობამას?

გაეროს დერეფანში, იქ, სადაც ტრიბუნიდან სიტყვის წარმოთქმის შემდეგ გადიან ორატორები – სახელმწიფოთა ლიდერები. გამარჯობა-გაგიმარჯოს! ჰავ არ იუ? – ზრდილობიანი მოკითხვა. სხვა არაფერი. რადგან დერეფანში მუსაიფის გამართვა აქ მოვეტონად ითვლება.

ყოველი წუთი დათვლილია.

ამ ორი პრეზიდენტის ასეთი შემთხვევითი შეხვედრა მოვლენად მოგვასაღეს. არადა, იყო ნასხლეტი „სიცრუით ძალადობისა“, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების მთავარი მეთოდი და პიარიარაღი იყო ყოველთვის.

„მიხეილ სააკაშვილი: მე ჩემს საპრეზიდენტო ვადას ვამთავრებ და თქვენთვის დიდი მადლობა მინდოდა გადამეხადა იმ თანამშროლობისათვის, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის შედგა.

ბარაკ ობამა: თქვენ ძალიან მნიშვნელოვან მემკვიდრეობას ტოვებთ დემოკრატიული, რეფორმირებული საქართველოს სახით. რა გეგმები გაქვთ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ?

მიხეილ სააკაშვილი: პოლიტიკის გარდა ჩემი მომავალი გეგმები საგანმანათლებლო სისტემასაც უკავშირდება, თბილისში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნას ვგეგმავ.

ბარაკ ობამა: ეს ძალიან კარგი იდეაა, მივესალმები.

მიხეილ სააკაშვილი: დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ რუსეთში ვიზიტისას პრინციპული პოზიცია დაიკავეთ. ახლა ძალიან სარისკო პერიოდში ვართ, საბოლოოდ სიტუაცია აუცილებლად გამოსწორდება, მაგრამ თქვენივე სიტყვების პერეფრაზი რომ გავაკეთო, გაუმჯობესებამდე შეიძლება ძალიან გაუარესდეს.

ასევე, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც საქართველოსთვის გააკეთეთ და გთხოვთ, ყურადღება არ მოადუნოთ“, – დაუბარა ანდერძად.

ნებისმიერი დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა,რომ ამ შეხვედრის ამსახველი სიუჟეტის ვიდეორგოლი, ანუ ვიდეოკადრები არა და არ ჰყოფნიდა პრეზიდენტების ვითომდა საუბრის ვერბალურ ქრონომეტრაჟს, ანუ ვერ ფარავდა ტექსტს: ერთი და იგივე მოკლე კადრი რამდენჯერმე გამეორდა, უხეშად და უნიჭოდ დამონტაჟებული.

მაშასადამე, საუბრის (რომელიც არ შემდგარა) ტექსტი შემდეგაა დაწერილი და აქ წარმოდგენილი შეფასებები დაინტერესებული მხარის მიერ შემდეგაა მოგონილი.

წავა ახლა ვინმე და ჰკითხავს ობამას, მართლა თქვი, რომ სააკაშვილმა დემოკრატიული საქართველო დაგვიტოვაო?

არავინ წავა.

თუ ელჩი ნორლანდი გაგვეგზავნება სიმართლის გასარკვევად?

არა, არ გაგვეგზავნება.

თუ მიშა აღიარებს – ვიხუმრეო?

არ აღიარებს.

და დავრჩებით ასე მოტყუებულები.

რას ჰგავს, იცით, „ფეისბუქის“ მიერ შემოთავაზებული ტექსტი? ჰგავს იმ პრიმიტიული ინტერვიუების უნიჭო და დაშტამპულ შეკითხვებს, რომლებსაც კალამმოცვეთილი შემთხვევითი რეპორტიორები თავიანთ რესპონდენტებს უსვამდნენ გასულ სოციალისტურ საუკუნეში:

– გამარჯობა (სახელი და გვარი), შენ, სოციალისტური შრომის გმირო და უმაღლესი საბჭოს დეპუტატო, რომელიც შესანიშნავად უთავსებ ჩაის მკრეფავთა მერგოლურობას სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეოთხე კურსზე სწავლას, ოჯახის მოვლას და საზოგადოებრივ ცხოვრებას, რას აპირებ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ?

იყო არაბუნებრივი და ყალბი, დავიწყებული სოცრეალიზმის პათოსი, რომელიც ბუნებრივად გადადის მლიქვნელობის მეოთხე სტადიაში კაპიტალისტურ ნიადაგზე. კერძოდ, ისე შეწუხებული ყოფილა ობამა მსოფლიო პოლიტიკის დაობლებით მიშას წასვლის გამო, რომ არ მოეშვა, სანამ სააკაშვილმა არ გაუმხილა, პრეზიდენტის ბიბლიოთეკის დაარსებას ვაპირებო.

ალბათ იმ დანარჩენი საზეპიროების ასათვისებლად, რომლებსაც თავისი წიგნთსაცავის წიგნებში ამოიკითხავს და რომელთა შემოქმედებითი დეკლამაციით კიდევ ბევრჯერ „გაგვახარებს“.

ხოლო სააკაშვილისეული შეფასება, რომ ობამამ მოსკოვში პრინციპული პოზიცია დაიკავა და მიშა ამიტომ მადლობელია მისი, არც მეტი, არც ნაკლები, – თავხედობის ნიმუშია!

დამწყებმა დიპლომატმაც კი იცის, რომ ქლესა სიტყვების პირში მიხლა არა და არ ჯდება ზრდილობის ტრადიციულ ჩარჩოებში. აბსოლუტურად მიუღებელია მით უფრო მაშინ, როცა ნაკლები შესაძლებლობის მქონე პირი თავს უფლებას აძლევს შეაფასოს მეტრის ქცევა და საქმე, რომელსაც ისე სჭირდება ასეთი შექება, როგორც სახედარს სურნელოვანი პიტნა.

სურნელება, ოღონდ უარყოფითი ნიშნით, მაშინ დატრიალდა, როცა ირაკლი კაკაბაძემ ორგანული სასუქი, ანუ ფუნა, იგივე ნეხვი, საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუშინა. ხოლო იფეთქა ამ ბომბებმა „რუსთავი-2“-ის სტუდიაში, როცა მიშას ამ ტელევიზიამ „სიცრუით ძალადობის“ განუმეორებელი გამპიარებლების – პაიჭაძისა და კვესიტაძის კოლექტიური რეანიმატორის არცთუ კეთილშობილური როლი იკისრა.

ფუნის ტყორცნის პერფომანსის ქუჩაში წარმოდგენა ირაკლი კაკაბაძემ ინგლისურ ენაში სიყალბის აღმნიშვნელი სინონიმურობით ახსნა – ნეხვობით, რომლის გაჩიჩქვნას შეიძლება ეპიდემიოლოგიური კატასტროფა მოჰყვეს, განსაკუთრებით, ისეთი მგრძნობიარე ორგანიზმის, როგორიც საზოგადოებრივი მაუწყებელია.

კარგი ყეენობა გამოუვიდა, მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ იყო ორიგინალური, რადგან ფუნა, როგორც თვალსაჩინოების მაგალითი და საშუალება, ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში იყო გამოყენებული პოლიტიკურ ძალთა განლაგებაში უბირი მასების გასარკვევად: ურმის თვალი ფუნას რომ გადაუვლის და ორად გაყოფს, უმეტესი ნაწილი ბოლშევიკებია, უმცირესი – მენშევიკებიო.

მარტივად და გასაგებად.

ჩაიარა იმ ურემმა. ნაცუმრავლესობის ნაწილიც მოვიცილეთ. მაგრამ დარჩენილი უმცირესობა ჯერ ისევ აფრქვევს იმ ძველი თვალსაჩინოების სურნელს.

 

აირწინაღები ჩქარა!

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016