ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის არტურ გაგულიას თქმით, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი არღვევს სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს თავისუფალი გადაადგილების შესახებ და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. მისი განმარტებით, ევროკავშირმა ერთი წლის წინ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ამ კანონის ლიბერალიზაციის შესახებ.
„როგორც ჩანს, ევროპაში კარგად ესმით, რომ კანონი იურიდიულად შეუმდგარია და ვნებს რეგიონში ჰუმანიტარულ ვითარებას. ეს კი ნიშნავს, რომ მომავალში ასეთი მოწოდებები სულ უფრო ხშირად გაჟღერდება", - განაცხადა გაგულიამ და აღნიშნა, რომ აუცილებელია, საქართველომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი გაამარტივოს, რადგან ის თავად საქართველოს უქმნის დაბრკოლებებს აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობაში.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)