reportiori.ge - გიორგი ვოლსკი: ვდუმვართ! საეჭვოდ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 07:02
ინტერვიუ
გიორგი ვოლსკი: ვდუმვართ! საეჭვოდ!
05 აპრილი, 2015. 03:11



რას ფიქრობს გიორგი ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივ რეჟიმად აღიარების თაობაზე, იმ 60-მდე  მოქმედ მოსამართლეზე,  რომლებიც „ნაცრეჟიმის" ცნობილი „გამპრავებლები" და „შემსრულებლები" არიან, მაჟორიტარული ინსტიტუტის გაუქმების თაობაზე და სხვა აქტუალურ თემებზე?

 

„რეპორტიორს" ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ესაუბრა:

 



- ქართველ საზოგადოებას, სამწუხაროდ, შეჯახება უწევს ხმაურიან  და ძალიან სერიოზულ დანაშაულებთან. დანაშაულის გახსნის და კრიმინალთან ბრძოლის სტატისტიკაზე რომ დავიწყო ახლა საუბარი, ეს ნაკლებად დამამშვიდებელი იქნება ახალდაღუპული ხარძიანის ოჯახისთვის. თუმცა, თუ დანაშაულის გახსნის და კრიმინალთან ბრძოლის სტატისტიკაზე ვისაუბრებთ, ეს  არათუ დამაკმაყოფილებელია, არამედ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, საქართველო საკმაოდ წინაც არის წასული, მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა ადასტურებს იმას, რომ მისაღებია საგანგებო ზომები და საგანგებო გეგმაა შესამუშავებელი ასეთი ტიპის დანაშაულებთან საბრძოლველად, რომელსაც მოჰყვება საგანგებო სასაჯელიც. ყველაფერი განსაზღვრულია სისხლის სამართლის კოდექსით და სასჯელთან დაკავშირებით რაიმე საგანგებო ზომების მიღება არაა საჭირო, უბრალოდ, ეს არ მოვა თანხვედრაში სამართლის სტანდარტებთან, მაგრამ საზოგადოების განწყობაც უნდა იყოს უფრო კრიტიკული დანაშაულის მიმართ.


- საზოგადოების კრიტიკულ განწყობაზე საუბრობთ, მაგრამ ამის პარალელურად, დღე ისე არ გავა, რომ არ მივიღოთ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან, რომ ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებაში, საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებში მონაწილე პირები, ცნობილი „ზონდერები"... ხომ არ ჯობს, ჯერ თვითონ ხელისუფლებაში გქონდეთ ამ ყველაფრის მიმართ კრიტიკული განწყობა, როგორც ზემოთ აღნიშნეთ...

 

- ერთს გეტყვით, იმ დანაშაულებთან ერთად, რაც ჩადენილი იყო სააკაშვილის ხელისუფლების მიერ, არის იმ ტიპის დანაშაული, რომელიც არ ექვემდებარება კოდექსს. ძალოვან და საგანმანათლებლო სისტემაში მასობრივად ხდებოდა  ადამიანების ჩაბმა უკანონო პოლიტიკურ აქტივობებში. უამრავი პროფესიონალი ადამიანი გაემიჯნა საზოგადოების ძირითად ნაწილს სწორედ იმ ქმედებების გამო, რასაც მისგან მოითხოვდა ხელისუფლება.  ხელისუფლებამ გარყვნა და ცუდ გზაზე დააყენა უამრავი პერსპექტიული ადამიანი. სახელმწიფოს ისეთ პატარა საზოგადოებასთან მიმართებაში, როგორიც ჩვენ ვართ, ევალება, დამნაშავე გამიჯნოს ადამიანებისაგან, რომლებიც უნებლიეთ ასრულებდენ სხვადასხვა  დავალებებს. ის ადაიანები, რომლებიც ჩართულები იყვნენ კორუფციულ სქემებში, დანაშაულებში, უკანონო განაჩენების გამოტანაში, ეს ადამიანები, თავისთავად უნდა ჩამოშორდნენ მართვის ყველანაირ სადავეებს.


- არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა - „თავისუფალმა საქართველომ", „რეფორმატორებმა" და „ქრისტიან-დემოკრატებმა" „2004-2012 წლებში საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად აღიარებისა და ლუსტრაციის შესახებ" კანონპროექტი შეიმუშავეს. დაუჭერთ თუ არა მხარს ამ კანონპროეტს, როცა პარლამენტში შემოვა და როგორ ფიქრობთ, ამ პარტიებმა, ამ კანონპროეტის შემუშავებით, ხომ არ გააკეთეს ხელისუფლების გასაკეთებელი საქმე?

 

- „ნაციონალური მოძრაობის" კანონგარეშედ აღიარებას ითხოვენ ეს პარტიები. რასაკვირველია, საზოგადოება წყვეტს ყველაფერს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ამ საზოგადოების ნაწილი არიან  „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებიც დაახლოებით 10-14%-ის ოდენობით. ასევე, მინდა აბსოლუტურად ღიად გითხრათ და არ მინდა ამას ლოზუნგის, ან პოპულისტური პასუხის სახე მივცე. ამ საკითხზე ყველაზე ადვილი პოპულისტური პასუხის გაცემაა, მაგრამ რეალობას რომ შევხედოთ,  გავიაზროთ - აბა, რა უფრო დააზიანებს ქვეყანას. მე ვფიქრობ, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, მაგრამ მთელი „ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადება - არ მიმაჩნია სწორად. რეჟიმის შემქმნელები უნდა დაისაჯონ. უამრავი უკვე თავისუფლების აღკვეთის ადგილებზეა, ბევრი გაქცეულია, მიმდინარეობს პროცესები... იყო გუნდი, რომელმაც ეს მოიტანა.  იმ ტიპის გადაწყვეტილებას, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით, არ შეიძლება არ მოჰყვეს რეაგირება საერთაშორისო დონეზე, ჩვენს პატარა ქვეყანას კი სჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა. რეალურად, ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომელიც შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს ქვეყნისთვის.


ასევე, არ შეიძლება, ასე ხელაღებით გააასამართლო რეჟიმის სახელწოდებით ადამიანთა ჯგუფი. ადამიანებს  ძალიან სერიოზული გაფრთხილება სჭირდებათ, მით უმეტეს, რომ იმ რეჟიმის შექმნაში ძალიან ბევრი ადამიანი არ იღებდა მონაწილეობას.


- ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე 60-ზე მეტ მოქმედ მოსამართლეს ასახელებს, რომლებიც „ნაცრეჟიმის" ცნობილი „გამპრავებლები" და „შემსრულებლები" არიან... „ამ საკითხს სახელმწიფოებრივი მიდგომა სჭირდება, კანონია შესამუშავებელი ამ მოსამართლეთა პასუხისგებაში მისაცემად და უნდა დადგინდეს ცალსახად, რომ ეს იყო რეჟიმი და ეს მოსამართლეები იყვნენ შემსრულებლები. უნდა მოვაშოროთ ეს ადამიანები სისტემას",-ამბობს ჯორბენაძე.

 

- როგორც კი სამართლიანობის სახელით, ან თუნდაც სამართლიანად  შეუდგები უკანონო ზომების გამოყენებას, როცა  კრიმინალის დაჭერის ნაცვლად ლიკვიდაციას მოახდენ, როგორც ეს მოხდა აფრასიძეების შემთხვევაში, რა კეთილი ლოზუნგითაც არ  უნდა იყოს ეს გაკეთებული, აუცილებლად მოიტანს ბუმერანგის  შედეგს. უკანონობასთან უკანონო ბრძოლას მოჰყვება სერიოზული უკუჩვენებები,  რომელმაც შესაძლოა დააზიანოს ქვეყანა. ასე რომ, თუკი ასეთი მოსამართლეები არსებობენ, სამართლიანი მექანიზმით უნდა გადაიხედოს.


იმდენი დანაშაულია ჩადენილი, იმდენი ადამიანია ჩართული ამ  დანაშაულებრივ წრეში, რომ ფაქტობრივად გამოდის, რომ საზოგადოების ერთი დიდი ნაწილი უნდა დაუპირისპირდეს მერე დიდ ნაწილს და შეიქნას ის ანტაგონიზმი, რომელსაც არ უჩანს ბოლო.  უნდა შეფასდეს ჩადენილი დანაშაულების და გადაცდომების ხარისხი ქვეყანასთან   მიმართებაში და ამის მერე უნდა იმსჯელო კონკრეტულ ადამიანებზე. რაც შეეხება მხარდაჭერას, გააჩნია, რა შინაარსის იქნება ეს კანონპროექტი, ვნახავ და მერე გავაკეთებ კომენტრს.


- საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას  რომ მოითხოვს არასაპარლამენტო ოპოზიცია, რატომ დუმს ხელისუფლება ამ საკითხზე საეჭვოდ?

 

- ვდუმვართ! საეჭვოდ! შესაძლოა, ადამიანები შეიცვალონ, მაგრამ კანონმდებლობა რა შუაშია?! რაღაც ლოზუნგი გახდება ხოლმე პოპულარული და კი არ უყურებენ, ამან რა შეიძლება მოიტანოს. მთელი აშშ მაჟორიტარ სენატორებზე და კონგრესმენებზე დგას.


- მაგრამ იქ უფლებები აქვთ. აქ არც უფლებები აქვთ და არც ვაუქმებთ...

 

- რა უფლებები არ აქვთ?! ვალდებულებები აქვთ სახელმწიფოს წინაშე. უშველებელი მექანიზი აქვს დეპუტატს საკითხის განხილვის. რაღაცას წყვეტენ, რაღაცას ვერა. არ მიმაჩნია, რომ მაჟორიტარების ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს.


 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016