reportiori.ge - კიდევ ერთხელ - „რესპუბლიკელების“ გასაგონად!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 07:04
ინტერვიუ
კიდევ ერთხელ - „რესპუბლიკელების“ გასაგონად!
05 აპრილი, 2015. 01:41


 

უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე ნუგზარ ბოჭორიშვილის საქმეში ახალ სახელებსა და გვარებზე საუბრობს. დათა ახალაია, სოსო თოფურიძე, რომეო საჯაია - ეს იმ ადამიანთა  ჩამონათვალია, რომელთა დაკითხვასაც უფლებადამცველი მოითხოვს.

 

„ხელისუფლებაში „ნაციონალების" ყოფნის დროს ნუგზარ ბოჭორიშვილს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა და ქონება ჩამოერთვა, აღნიშნულ საქმეს უნდა  მიექცეს შესაბამისი ყურადღება და დაწყებული გამოძიება დასრულდეს!"- ამბობს უფლებადამცველი.

 

„რეპორტიორს" ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ესაუბრა:

 

 


- 2010 წლის 3 დეკემბერს ფოთის რაიონული სასამართლომ  გაასამართლა 5 პირი, რომელთაც გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი. აღნიშნულ საქმეში ბრალდების მხარეს წარმოადგენდა ჯერ პროკურორი ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, ხოლო შემდეგ, როგორც ჩანს, კოჭლამაზაშვილმა იგრძნო მორალური პასუხისმგებლობა და შესაბამისად ეცადა, შეთითხნილ ბრალდებაში თავისი მკაცრი პოზიცია არ დაეფიქსირებინა, ამის მერე კი საქმეში ჩაერთო რომეო საჯაია.


სამწუხაროდ, რომეო საჯაია გახლავთ ჩემი კოლეგა, გულისტკივილით  ვამბობ,  ვწუხვარ, რომ მას ასეთ მძიმე საქმეებში აქვს მიღებული მონაწილოეობა.


- რაში გამოიხატება რომეო საჯაიას ბრალეულობა?

 

-ერთ-ერთი მსჯავრდებული ადებს მას ხელს. მსჯავრდებულ გიორგი ჩეჩელაშვილს შევხვდით  ოთხშაბათს  სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებაში. შიმშილობს ეს ადამიანი. მისი თქმით, რომეო საჯაია ახდენდა სასამართლოზე ზეწოლას, უშუალოდ რომეო საჯაია გასცემდა დირექტივებს.


 „ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოჭორიშვილს ბრალად ნარკოტიკების რეალიზაცია წაუყენა. დაზარალებულს 260 კილო ნარკოტიკული საშუალება კოკაინის რეალიზაციას ედავებიან. ეს არის ნონსენსი, დაუჯერებელი და სამარცხვინო ფაქტი.


შეგახსენებთ, ნუგზარ ბოჭორიშვილს ედავებიან 260 კილოგრამი  კოკაინის შემოტანას, რაც  საქართველოს ისტორიაში არასოდეს მომხდარა. ფაქტობრივად, ამ ადამიანს ბრალი წარუდგინეს ისეთ საქმეზე, რომელზეც ნივთმტკიცებაც კი არ არის.  სიტყვის საფუძველზე მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მაშინ მოსამართლე გახლდათ რევაზ ნადარია.


-ჩეჩელაშვილი რას მოითხოვს, რატომ შიმშილობს?

 

- გიორგი ჩეჩელაშვილი მოითხოვს, გამოიძიონ მისი საქმე და რეალურად შეისწავლონ, რა მოხდა. ამ ადამიანს მარტო იმაში მიუძღვის ბრალი, რომ ერთ რამეს არ მოაწერა ხელი  - მისი ინფორმაციით, დათა ახალაია და  სოსო თოფურიძე  სთხოვდნენ, რომ ხელი დაედო ბიზნესმენ  ნუგზარ ბოჭორიშვილზე, რომელთანაც გარდა ნათესაურისა, არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია.

ახალაიას და თოფურიძეს უნდოდათ, რომ მომხდარიყო 260 კილოგრამი კოკაინის ამოღების „გაპრავება". ასეთი სცენა უნდა გათამაშებულიყო - გიორგი ჩეჩელაშვილს უნდა დაეჭირა ხელში  ნიჩაბი და ამოეთხარა ფხვნილი, ტომარებში ჩაყრილი, რაც უნდა გადაეღო კამერას. ეს არ გააკეთა ჩეჩელაშვილმა.  


სანაცვლოდ, სოსო თოფურიძე მას ჰპირდებოდა, რომ თავისი კუთვნილი  მანქანით გადაიყვანდა ოჯახთან ერთად თურქეთში და ფინანსურად უზრუნველყოფდა. ჩეჩელაშვილი არ დათანხმდა ამ ყველაფერზე, ამიტომ მას მიუსაჯეს 30 წელი.


როგორც მსჯავრდებული ჩეჩელაშვილი ამბობს, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ 25 წელს მიუსჯიდნენ, რაც  რომეო საჯაიას უშუალო ძალისხმევით 30 წლამდე გაიზარდა. მაშინ საჯაია ბრალდების მხარე იყო, პროკურატურას წარმოადგენდა. დღეს ეს ადამიანი ადვოკატია, თუმცა ახლო წარსულში ასეთ შავბნელ საქმეებში იყო ჩართული.


- რას აპირებთ?

 

- განცხადებით მივმართეთ პროკურატურას  და ვითხოვთ,  ამ საქმეზე დაიკითხოთ დათა ახალაია, სოსო თოფურიძე და რომეო საჯაია, რომლებმაც  შესაძლო დანაშაულები ჩაიდინეს.  ეს ადამიანი ამბობს, რომ დათა ახალაიამ სკამი თავზე გადაამტვრია, ისეთი ნაცემი იყო, ფაქტობრივად, სახე არ ჰქონდა ადამიანის... ამას სხვა მსჯავრდებულებიც ადასტურებენ. ორი დღე ტყეში ჰყავდათ გატაცებული და ორი დღის განმავლობაში  დათა ახალაია თავისი ზონდერებით ცდილობდა გაეტეხათ  ეს ადამიანი, თუმცა, ვერ გატეხეს.


ნუგზარ ბოჭორიშვილზე, სამწუხაროდ, დღეს რესპუბლიკური პარტია არ საუბრობს. ეს არის ადამიანი, რომელიც  აფინანსებდა ყველას რესპუბლიკური პარტიიდან, რაც არ აპატია მას მიხეილ სააკაშვილმა. აღნიშნულ საქმეს დიდი ხანია გასდევს პოლიტიკური ელფერი. ბოჭორიშვილი სოლიდურად აფინანსებდა რესპუბლიკურ პარტიას. „ნაციონალურმა მოძრაობამ" სწორედ ამის გამო დასაჯა და აბსოლუტურად განაკულაკა ბოჭორიშვილი - ჩამოართვა ქონება, მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა. დააკავეს და 30-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს მის ნათესავებს, მაგრამ  რესპუბლიკურმა პარტიამ გააკეთა უარესი და  ხმას არ იღებს, არ ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას ან რამეს, ამ საქმისთვის სასიკეთოს. ასე მიატოვეს ეს ადამიანი და მარტო ჩვენ, უფლებადამცველები ვცდილობთ მისი უფლებების დაცვას, არადა, სანამ ხელისუფლებაში  მოვიდოდნენ, პირზე ნუგზარ ბოჭორიშვილი ეკერათ, რომ ის არის პოლიტდევნილი და მისი საქმე არის პოლიტიკურად შეთითხნილი. დღეს კი, როცა ხელისუფლებაში არიან, ხმას არ იღებენ. „რესპუბლიკელების" ეს  საქციელი მათთვისვეა ცუდი, იმიტომ, რომ საზოგადოება კარგად ხედავს, როგორ მიატოვა ამ პარტიამ ნუგზარ ბოჭორიშვილი. სამი შვილი და მეუღლე ჰყავს ნუგზარ ბოჭორიშვილს დატოვებული, მისი მეუღლე იხსენებს, პირადად მე ვაძლევდი ნუგზარის მოცემულ ფულს ლევან ბერძენიშვილსო, მაგრამ დღეს  ასეთი სურათია - გამოიყენეს ეს ადამიანები და  დღეს ასე მიატოვეს, არადა, აქვთ საშუალება, გვერდით დაუდგნენ.


-ბოჭორიშვილის საქმეზე რა არის ახალი?

 

- პროკურატურამ გადადგა ნაბიჯი და ამ კონკრეტულ საქმეზე მოწმის წამებაზე 144 პრიმა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, ასევე  მიმდინარეობს გამოძიება მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციაზე. ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ ექსპერტიზაზე გაგზავნილიყო ის ფირები, რომლებზე დაყრდნობითაც შეთითხნეს ბრალი. ნუგზარ ბოჭორიშვილს  ამოუღეს თანხა, რომელიც ჩარიცხეს ბიუჯეტში, რაც იყო ასევე მნიშვნელოვანი  კანონდარღვევა და ამ მხრივაც  არის წინსვლა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016