reportiori.ge - დღევანდელი „ქართული ჟურნალისტიკა“ სახელმწიფოს კატასტროფამდე მიიყვანს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:50
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
დღევანდელი „ქართული ჟურნალისტიკა“ სახელმწიფოს კატასტროფამდე მიიყვანს!
06 აპრილი, 2015. 11:16


 

 

დიდი ხნის ამბავია: ერევნის „არარატმა" სასტიკად დაგვამარცხა თბილისში, მაგრამ ქართველების ეს „თავის მოჭრა", სამოთხედ ჩანდა იმ სომხურ „ტრაგედიასთან", როცა „რაზდანის" ახლადგახსნილ სტადიონზე პირველი გოლი თბილისის „დინამოელებმა" გაიტანეს თამაშიც მოიგეს. გაზეთ „ლელოს" მაშინდელმა რედაქტორმა 100 მანეთი (სოლიდური გასამრჯელოა) გადაუხადა ამ თემაზე სტატიის ავტორს, სათაურისთვის - „რევანში ერევანში"!


ეს თანხა აზროვნებაში, ნიჭიერებაში, გონების მოქნილობასა და სისხარტეში გადაუხადეს წერილის და სათაურის ავტორს და ალალიც იყო!


დღეს, ვინ ვის რაში უხდის, ან ამ ჩამონათვალიდან თუ „მუშაობს" რომელიმე, ძალიან ძნელი სათქმელია. დღეს ძალიან მარტივად ვცხოვრობთ - ავტორიც და გადამხდელიც! ასე მაგალითად! ბრიფინგი ჩატარდა. სათქმელი ითქვა. ჩასანიშნი ჩაინიშნეს. გასავრცელებელი გავრცელდა. წამკითხველმა წაიკითხა. ვითომ სულ ეს არის? ასე მარტივი, ასე იოლი, ასე ადვილია ჟურნალისტობა? არადა, ეს ჩანიშნულ-გავრცელებულ-წაკითხული, მთავარი და ძირითადი იყო  რომელიმე „რიგით" ბრიფინგზე გაჟღერებული თემებიდან? უფრო ხშირად - არა!


ა, ბატონო!


„ქართულ მედიას უყურადღებოდ რჩება საკითხი, რომელმაც, შესაძლოა, უახლოეს მომავალში დიდი გავლენა მოახდინოს საქართველოზე", - განაცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში.


„უკრაინის მოვლენებმა დაგვანახა, რომ დასავლეთი ყოვლისშემძლე არ არის, ის ბევრს აკეთებს, მაგრამ არის ზღვარი, რომლის იქით დასავლეთს უჭირს ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ და ყველა ქვეყანამ, რომელიც მხოლოდ დასავლეთზეა დამოკიდებული უსაფრთხოების თვალსაზრისით, სხვა გზები უნდა ვეძებოთ.


დასავლეთს ახლა უჭირს იმ ტიპის რუსეთთან ურთიერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა. საქართველომ რამე უნდა მოიფიქროს და მგონი, ალტერნატიული ვარიანტები ჩნდება. კეთდება ახალი სატრანსპორტო მაგისტრალი, უნიკალური თავისი სიდდით და სიმძლავრით - პეკინიდან ევროპამდე და ეს ხაზი საქართველოზე გაზდის. თუ ჩინეთისთვის აბრეშუმის გზის ხაზი მნიშვნელოვანია, მაშინ საქართველოს უსაფრთხოებაზე უკვე აღმოსავლეთიდან ჩინეთი იზრუნებს".


პროცესი, რომელსაც რუსეთის საფრთხის შემცირება ჰქვია, შეიძლება ისე მოხდეს, რომ სამხედრო დახმარება არც დაგვჭირდეს. შეიძლება ეკონომიკური პროცესებით მოხდეს რუსეთის ისეთი რეგულაცია, რა მიმართულებითაც დასავლეთი მიდის. შესაძლოა, ამ ცვლილებებით საქართველოსთვის საინტერესო პერსპექტივები გამოჩნდეს არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური წონის მოპოვების მხრივ, არამედ ტერიტორიული მთლიანობის ცივილიზზებული, უსისხლო აღდგენის მხრივაც.


„ირანი გამოდის და გაზის ბაზარზე, შესაბამისად, არა მხოლოდ ნავთობის, გაზის ფასებიც დაბლა დაიწევს, რაც რუსეთისთვის კატასტროფაა. თუკი ჩინეთი გაძლიერდა, რუსეთი დგება მძიმე მდგომარეობაში".


დაგვეთანხმებით, საკმაოდ საინტერესო, პერსპექტივის პრიზმაში განსაჭვრეტი საკითხებია და ალბათ ნორმალურ ქვეყანაში მედიაც და ხელისუფლებაც მის ახლებურ განხილვასაც მოჰკიდებდნენ ხელს.


ბატონმა რამაზმა, ტაქტიანად თქვა - მედიას უყურადღებოდ დარჩაო! უყურადღებობას ვინ ჩივის, ასეთი თემები ჩვენი მედიისათვის „უინტერესო" ინფორმაციათა ნუსხაში შედის, ამას მეორე უფრო დიდი უბედურებაც ახლავს. ეს არის ხელისუფლების პოზიცია! პოზიცია, რომლის არარსებობა პირველ რიგში უშლის ხელს, საზოგდოებასა და სახელმწიფოს შორის ნორმალურ ურთიერთობას.


რასაც ახლა ვიტყვი, ბუნებრივია, ყველას არ ეხება, მაგრამ ვისაც არ ეხება, ისინი, სამწუხაროდ, ძალიან ცოტანი არიან. როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო აპარატის პიარჯგუფებში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში და პრესცენტრებში მომუშავე, 2000-ზე მეტი თანამშრომლიდან რამდენს აქვს წარმოდგენა, თუნდაც დღევანდელ თემაზე, ანუ ახალ, აღმოსავლურ პოლიტიკაში საქართველოს ჩართვის პერსპექტივაზე?! არადა, ხალხის ეს რაოდენობა წლიურ ხელფასებზე გადავამრავლოთ და ვნახავთ, რომ მილიონებს, ან არაპროფესიონალებს ვუხდით, ან უბრალოდ - სამქეში ჩაუხედავ უვიცებს. სწორად გამიგეთ, არც მე და არც სხვა ხელფასის სიდიდეს არ ვაპროტესტებთ - ხელფასის ადეკვატურ, შესრულებულ სამუშაოს ვითხოვთ. დღევანდელი მაგალითი ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რომელთა გაშუქება-გაანალიზება რეგულარულად გვჭირდება. როდემდე შეიძლება „პოლიტიკურ დებატებში" მხოლოდ მხარეები ისხდნენ?!


დალოცვილებო! თუ არ აქვს პოზიცია, სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი, თუ არ იცის დიქტოფონის მოხმარება, მიკროფონის დაჭერა, კითხვის დასმა და წერა-კითხვა, მაშინ ასეთებს, ან სამუშაოდ რატომ იღებთ, ან, საერთოდ - ჟურნალისტებს რატომ ეძახით?! პრესცენტრებში მომუშავეთა უმრავლესობას თავიანთი ძირითადი ფუნქცია, მინისტრების ჟურნალისტებთან შეხვედრების ორგანიზება ჰგონიათ.


ეს სახელმწიფო უწყებებში. სხვა კი, უჩემოდაც კარგად მოგეხსენებათ. პროფესიონალები სახლებში დასვეს და მათ ადგილზე „მიკროფონისა და კალმისტრის დამტარებლები "მოიყვანეს, ჟურნალ-გაზეთების წაკითხვას თარჯიმანი სჭირდება! გართობიდან დაწყებული და პოლიტიკური შოუებით დამთავრებული - ტელეწამყვანების უმრავლესობამ სულ ორმოცდაათი სიტყვა იცის ქართულად! ჰოდა, მერე ჟურნალისტებს აბრალებთ! ჟურნალისტი ლამის სამასხარაო სიტყვად იქცა.


ჟურნალისტებს არაფერი დაუშავებიათ (დაგვიშავებია) !!!

 

მაგხალხს კი, რაც გენებოთ ის დაარქვით, ოღონდ ჟურნალისტი-არა! გენიოსების მოძებნასაც არავინ ითხოვს, მაგრამ ამ საქმეს წიგნიერი და მეტ-ნაკლებად განათლებული ადამიანების ხელი და ჩარევა უნდა. ისინი არსებობენ !!!

უწყება-სამინიტროებში ნათლიმამობამ წაგვლეკა! კერძო სტრუქტურებში ჩაბუდებულ, ახლანდელ კონიუნქტურას კი, რა თქმა უნდა, პროფესიონალების „მედიაში" დაბრუნების სერიოზული შიში აქვს.


...იქნებ, ჩემი პერსონა საყურადღებოს, არც არაფერს წარმოადგენს, და ნათქვამიც არაფრად ჩამითვალოთ, მაგრამ ამ ქვეყნის ვალი მეც მაქვს და ამიტომ, მოკრძალებით გირჩევთ ყველას, ვისაც გეხებათ - მოძებნეთ და დააბრუნეთ პროფესიონალები, თორემ დღევანდელი „ქართული ჟურნალისტიკა" სახელმწიფოს კატასტროფამდე მიიყვანს!


...არ ვაჭარბებ - კატასტროფამდე ! ! !


...და კიდევ - ვინმემ, ამ თემაზე, განაწყენებულის პოზიციიდან არ დამიწყოს დავა-კამათი...


არ ვურჩევ...


 

 



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016