reportiori.ge - ირმა ინაშვილი: თუ ვერ შეძლებთ ადეიშვილისა და სააკაშვილის დაკავებას, იძულებულნი გავხდებით, გამოვაცხადოთ მობილიზაცია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:52
ინტერვიუ
ირმა ინაშვილი: თუ ვერ შეძლებთ ადეიშვილისა და სააკაშვილის დაკავებას, იძულებულნი გავხდებით, გამოვაცხადოთ მობილიზაცია!
ავტორი:
06 აპრილი, 2015. 17:44

 

 

შეაჩერეთ მკვლელობები!

 

„მოვუწოდებ ხელისუფლების პირველ პირებს, ყველაფერი გააკეთონ სააკაშვილისა და ადეიშვილის საქართველოში ჩამოსაყვანად!"

 

საქართველოში ორგანიზებული ტერორი დამკვიდრდა! თუ ხელისუფლება ვერ გაათავისუფლებს საქართველოს სააკაშვილის ტერორისტული დაჯგუფებისგან, ამას თავად ჩვენ გავაკეთებთ, - აცხადებს ჟუნალისტი, „პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი და ხელისუფლებას ვითარების გამოსასწორებლად ერთი თვის ვადას აძლევს!


- როცა ვაზაგაშვილი ააფეთქეს, ვთქვი, ამ ტერაქტს სხვა მკვლელობებიც მოჰყვება-მეთქი და სულ მალე ბესო ხარძიანი მოკლეს. ხაზგასმით ვამბობ, კიევიდან მართული ამ ტერორისტული აქტების მთავარი დამკვეთი მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და მათი კრიმინალური დაჯგუფებაა! დღეს, როცა საქართველოში ნაცმოძრაობა სრულიად გაკოტრებულია და რეგიონებში მასობრივად ტოვებენ პარტიის რიგებს, სააკაშვილს ერთადერთი გზა რჩება - საზოგადოება დააშინოს და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს!

 

- შესაძლო მკვლელობები დააანონსეთ... კონკრეტულად, რის თაობაზე მიეცით პროკურატურას ჩვენება?

 

- 2015 წლის 7 მარტს მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩემზე თავდასხმის ორგანიზებას გეგმავდა. მას ცალსახად უთქვამს, ეს უნდა იყოს უბედური შემთხვევა და არა პოლიტიკური მკვლელობაო. ამ ფაქტთან დაკავშირებით მოწმის სახით დავიკითხე. საქმეს „გრიფით - საიდუმლო" ადევს და არა მაქვს უფლება, დამატებით დეტალებზე ვისაუბრო, თუმცა, დამკვეთი რომ მიხეილ სააკაშვილია, ამას ხმამაღლა ვაცხადებ! ასევე მაქვს ინფორმაცია,რომ კიევიდან კიდევ 3-4 ადამიანის ლიკვიდაციას გეგმავენ, მათგან ერთ-ერთი, შესაძლოა, ნაციონალური მოძრაობის რომელიმე ცნობადი სახე იყოს, რათა გამოძიება დააბნიონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ფაქტია - თუ ვერ მოვახერხეთ სააკაშვილ-ადეიშვილის საქართველოში ჩამოყვანა, ტერაქტები გაგრძელდება! ვაზაგაშვილისა და ბესო ხარძიანის მკვლელობაზე პასუხისმგებელნი მხოლოდ სააკაშვილი და ადეიშვილი არ არიან, პასუხისმგებლობა დღევანდელ ხელისუფლებასაც ეკისრება!


- რას გულისხმობთ?

 

- იმ უსამართლობას, რომლის წინააღმდეგ ბრძოლასაც ისინი შეეწირნენ!


იცით, ვინ არის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი, რომელიც გახლავთ ქვეყნის უშიშროების უშიშროება? სხვათა შორის, დასავლეთში ამ სამსახურს ფინანსურ დაზვერვასაც უწოდებენ და ყველანაირი კონტროლის მექანიზმი აქვთ, ცალკეული პოლიტიკოსების ცხოვრების გამოკვლევაც კი აწარმოონ.


- ვინ არის?

 

- მიხეილ როინიშვილი - ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელი! დიახ, ამ სამსახურის ხელმძღვანელი ისევ ის პირია, რომელიც არჩევნების წინ თავგამოდებით ებრძოდა „ქართულ ოცნებას" - ხან ანტენებს უყადაღებდა, ხან ანგარიშებს... მიხეილ როინიშვილი დღესაც ადეიშვილის ერთგულია, მეტიც - ხელს ვადებ, პირადად მიხეილ როინიშვილისგან ჟონავდა ინფორმაცია ადეიშვილთან. მისი წყალობით, ზურაბ ადეიშვილი ამ ორი წლის განმავლობაში ფლობდა ინფორმაციას ყველასა და ყველაფრის შესახებ! როინიშვილს კონტაქტები ჰქონდა ადეიშვილთან ბუდაპეშტშიც და კიევშიც, როცა ქვეყანაში არც პერსონალური მონაცემებია დაცული, არც სახელმწიფო საიდუმლო, ხოლო სააკაშვილსა და ადეიშვილს ყველაფერზე აქვს „დოსტუპი", საერთოდ, რაღაზე ვსაუბრობთ?! როგორ, ხელისუფლებამ არ იცის, ვინ არის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი?! ვინ მისცა ამ ადამიანს ხელშეუხებლობის გარანტია?!


ზაზა მჭედლიძე, რომელიც სერგო თეთრაძის წამების საქმის რეჟისორია, 2014 წლის დეკლარაციის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროში გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსად მუშაობდა. ჩემი ინფორმაციით, დღესაც ამ სისტემაში მუშაობს.


ლევან გაბუნია, რომელიც ასევე მონაწილეობდა სერგო თეთრაძის წამების დაგეგმვაში, 2014 წლის დეკლარაციის მიხედვით, დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. ის, 1968 წელს არის დაბადებული. არ ვსაუბრობ სამხედრო პოლიციის მოქმედ უფროსზე, რომელიც ასევე ლევან გაბუნია გახლავთ. სად არის დავით ბეჟუაშვილი? შემთხვევით თანაინვესტირების ფონდში ხომ არ არის წარმოდგენილი და ენერგოობიექტებზე კონტროლს ახორციელებს? ვინ მისცა ეს უფლებები ბეჟუაშვილს? წარმოგიდგენიათ, ადამიანები, რომლებმაც გია კრიალაშვილი, ოთანაძე და ამირიძე ჩაცხრილეს, დღესაც თანამდებობებზე მუშაობენ!


სად ბრძანდებოდა კულტურის მინისტრი მიშა გიორგაძე ბოლო ათი წლის განმავლობაში?! იმიტომ ხომ არ დაინიშნა ამ თანამდებობაზე, რომ სააკაშვილთან დაახლოებული პირი იყო?! პირდაპირ ვამბობ, დღეს კულტურის სამინისტრო „დაპყრობილი" აქვთ ნაცმოძრაობის ლიდერთა ცოლებს, შვილებსა და ოჯახის წევრებს.


გიორგი ტუღუში - სააკაშვილის რეჟიმის ომბუდსმენი, ბოკერიას მარჯვენა ხელი, ადამიანი, რომელიც ციხის კადრების გავრცელების შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშნა და რომელმაც წამების ამსახველი ვიდეოარქივები ციხიდან გაიტაცა, ხელისუფლებამ, საქართველოს სახელით გაეროს წამების კომიტეტში წარადგინა! ყოჩაღ, თქვენ! ბეჟუაშვილი და ტუღუში დაიყენეთ სიმართლის მსახურებად და ააყვავებთ ქვეყანას!


რომელი ერთი ფაქტი დავასახელო, ან რამდენჯერ შეიძლება მიმართო ხელისუფლებას შეკითხვით - რატომ?! როდემდე?!

 

- „ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ზონდერების ე.წ. 32-კაციან სიაზე ისაუბრეთ. მიაწოდეთ თუ არა დაზუსტებული მონაცემები ხელისუფლებას?

 

- ვის მივაწოდო? და საერთოდ, ვინ არის სახელმწიფოში ნდობით აღჭურვილი ის პირი, რომლის სრული იმედი შეიძლება გქონდეს?


- თუნდაც ქვეყნის პირველი პირი ირაკლი ღარიბაშვილი!

 

- ირაკლი ღარიბაშვილს სხვა მოქალაქეებმაც მიაწოდეს ანალოგიური ტიპის სიები, მაგრამ არაფერი შეცვლილა! იმ ადამიანების დიდი ნაწილი ისევ სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. არადა, სია თანდათან იზრდება და 54 ადამიანს რახანია, გასცდა... აქვე მინდა, გამოვეხმაურო ღარიბაშვილის პრესკონფერენციას და აღვნიშნო - სამარცხვინოა, როცა „ასავალ-დასავალს" შეკითხვის დასმის საშუალება არ ეძლევა.


ჩვენს რეალობაში „ასავალ-დასავალი" ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდული გამოცემაა, რომელსაც მკითხველთა უზარმაზარი არმია ჰყავს, რაც მთავარია, ამ მკითხველის ნდობას იმსახურებს. როცა პრემიერის პრესსამსახური ხარ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ნდობის ხარისხიც და მკითხველის მოლოდინიც!

 

- მხოლოდ ეს არის თქვენი რჩევა ხელისუფლებისადმი?

 

- მაშინ, როდესაც სახელმწიფო ვერ ახერხებს კონკრეტული პიროვნების მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის დამტკიცებას, სპეცსამსახურებმა უნდა იმოქმედონ. მოვუწოდებ ხელისუფლების პირველ პირებს, შეკრიბონ სპეცსამსახურების ხელმძღვანელები და მისცენ დავალება, ყველაფერი გააკეთონ სააკაშვილისა და ადეიშვილის საქართველოში ჩამოსაყვანად! კიდევ ერთხელ ვეუბნები ხელისუფლებას, თუ არ გაქვთ ამის ძალა და სულისკვეთება, მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, ეს დავალება შევასრულოთ!


არ მეშინია ტერაქტის, მაგრამ ნამდვილად არ მინდა, ტერორისტული აქტების შემდეგ, ხელისუფლებამ ნეკროლოგები წაიკითხოს ტელეეთერებიდან. თუ ასეთი უსუსურები ბრძანდებით, ქვეყანას თავი დაანებეთ და ნუ მიეწებებით სკამებს! გეძლევათ ბოლო შანსი, შეაჩერეთ მკვლელობები! თუ ვერ შეძლებთ ადეიშვილისა და სააკაშვილის დაკავებას, იძულებულნი გავხდებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, გამოვაცხადოთ მობილიზაცია და საყოველთაო დაუმორჩილებლობას მივმართოთ.


გარწმუნებთ, კაბინეტებიდან ევაკუაცია მოგიწევთ!

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016