reportiori.ge - ნინო ბურჯანაძე: 26 მაისის საქმეს ობიექტურად თუ გამოიძიებენ, სააკაშვილს უმძიმესი სასჯელი არ ასცდება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 07:10
ინტერვიუ
ნინო ბურჯანაძე: 26 მაისის საქმეს ობიექტურად თუ გამოიძიებენ, სააკაშვილს უმძიმესი სასჯელი არ ასცდება!
ავტორი:
08 აპრილი, 2015. 15:46


 

 

ვესაუბრებით პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს - ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს.

 

- ქალბატონო ნინო, თქვენი როგორც პოლიტიკური ლიდერის, ისევე როგორც პარტიის რეიტინგი, საკმაოდ დიდია როგორც დღეს, ასევე იყო ყოველთვის, რატომ ვერ მოხვდით 2012 წელს გამარჯვებულ კოალიცია „ქართულ ოცნებაში", იქ ბევრი ურეიტინგო პარტია მოხვდა, რა იყო ამის მიზეზი?

 

- იმ პერიოდში მე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მქონდა მხოლოდ ერთი საქმიანი შეხვედრა 2012 წლის აგვისტოში, სადაც ბევრ თემებზე ვისაუბრეთ, მათ შორის სამომავლო განვითარებაზეც, იმ დროს ჩვენს კოალიციაში შესვლაზე საუბარი უკვე აღარ იყო, რადგან მე გავაკეთე განცხადება, რომ ჩვენ არჩევნებში არ მივიღებდით მონაწილეობას,მხოლოდ დავეხმარებოდით „ქართულ ოცნებას", თუმცა გეტყვით, რომ არც გვქონია მცდელობა, რომ კოალიციაში მოვხვედრილიყავით, რადგანაც ჩვენი მიზანი არ ყოფილა მაინცდამაინც ხელისუფლებაში მისვლა. იმ დროს ჩვენი ამოცანა იყო ხელისუფლების შეცვლა და თუ ამას გააკეთებდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, იმ ეტაპზე ჩვენთვის ეს იყო საკმარისი, და არ იყო იდეაფიქსი კოალიციაში ყოფნა. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ის არჩევანი, რომელიც იმ ეტაპზე მან გააკეთა, იყო ძალიან დიდი შეცდომა, რადგანაც მაშინ მას ჰქონდა ისეთი მორალური ავტორიტეტი, რომ მას უნდა შეეკრიბა სრულიად ოპოზიციური სპექტრი და კოალიციის გარეთ არავინ არ უნდა დაეტოვებინა. ასეთი ფორმით ყველა დაუპირისპირდებოდა „ნაციონალურ მოძრაობას" და მჯერა, რომ ისინი ხმების 40 პროცენტს ვერ მიიღებდნენ. ასე არ მოხდა, იმიტომ რომ თავად ივანიშვილმა ვერ გადალახა ის შინაგანი წინააღმდეგობები, რაც იყო კოალიციაში ჩემთან და ჩემსპარტიასთან დაკავშირებით, ეს წინააღმდეგობა კი იმაში მდგომარეობდა, რომ მათ ესმოდათ, თუ მე ვიქნებოდი კოალიციაში, ისინი მეორე და მესამე პლანზე გადაიწევდნენ, იყო მეორე მომენტიც, დიდი როლი ითამაშა ამ დროს ამერიკამ, როცა დაინახეს, რომ ივანიშვილის მოსვლა ხელისუფლებაში რეალური იყო, ყველაფერი იღონეს, რომ კოალიცია „ქართული ოცნება" ე.წ. პროდასავლური ორიენტაციის ძალებით შევსებულიყო, დღეს უკვე იმასაც ვფიქრობ,რომ მაშინ არც ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდებოდა ნინო ბურჯანაძე იმიტომ, რომ მას უნდოდა მხოლოდ ისეთი ხალხი კოალიციაში, რომელნიც მას სიტყვას არ უბრუნებენ!


ამ ყველაფერმა საქმე გააფუჭა და არ შედგა ერთიანი კოალიცია. ჩვენ მათ შევთავაზეთ სერიოზული წინადადება, რომ ჩვენ ნაციონალებს შევუტევდით მეორე ფრონტით, ამაზეც უარი მივიღეთ, აღარაფერი გვითქვამს, რადგანაც იმ ეტაპზე მთავარი იყო ნაციონალების მოშორება პოლიტიკიდან, ამიტომ გამოვაცხადეთ, რომ პარტია არ მიიღებდა მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ეს არ იყო ბოიკოტი, რადგანაც მოვუწოდებდი ჩემი პარტიის მომხრეებს, რომ მხარი დაეჭირათ კოალიცია „ქართული ოცნებისთვის", ასეც მოვიქეცით და დღეს მე ამას არ ვნანობ, იმიტომ, რომ იმ დროს ეს იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი.


- „აირაის" კვლევებთან დაკავშირებით რას იტყოდით, თქვენ პარტიას ისინი 5 პროცენტს უწინასწარმეტყველებენ, თუმცა, ალასანიას პარტიას უფრო მეტს, არის ეს რეიტინგი სწორი დღეს?

 

- „აირაის" მსგავსი კვლევები საქართველოში უნდა დასრულდეს, რადგანაც ეს გახლავთ აშკარად შეკვეთილი კვლევები, რომლითაც სურთ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და მერე სხვადასხვა მაქინაციებით ჩაწერილ ციფრებს ხალხი წინასწარ შეაგუონ, ასევე კატეგორიულად უნდა აიკრძალოს ე.წ. ეგზიტპოლები, არ უნდა გამოცხადდეს პირველადი საარჩევნო შედეგები მინიმუმ ღამის 12 საათამდე, ვიდრე პირველადი დათვლა არ დამთავრდება, ეგზიტპოლების საღამოს 8 საათამდე გამოცხადება არის დანაშაული. თუ შევაფასებთ „აირაის" დღევანდელ კვლევებს და წინასწარ დადებულ ციფრებს, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მომავალ არჩევნებში ხელისუფლებაში მოსული ვართ, თუმცა, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ იმას, რასაც დღეს „აირაი" აკეთებს, ძალიან არასერიოზულია, თუმცა მათ ქვეშ იგულისხმება ამერიკა, და არა კვლევების ცენტრი, ისინი პირდაპირ დებენ წინასწარ იმ ციფრებს, რომელიც აწყობს ვაშინგტონს საქართველოში. მათ სურთ, რომ „ნაციონალები" როგორმე მოაბრუნონ ხელისუფლებაში, მაგრამ იმასაც ხედავენ, რომ დღევანდელ ეტაპზე ეს არარეალურია, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ისინიც წინ წამოწიონ და ალასანიაც უკან მიადევნონ, რომელიც ნაციონალებისგან დიდად არ განსხვავდება, არც პოზიციებით, არც ხედვით და ძალიან კარგად თანამშრომლობენ ერთმანეთში, არც არასოდეს მალავდნენ ამას.

 

- ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე რას იტყვით, დღეს უკვე ყველასთვის ნათელი გახდა, რომ იქ 60 წელია ვერ გაწევრიანდა თურქეთი, ხოლო მასში შემავალი ლატვია როგორც სახელმწიფო, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, რამდენად სწორია მისკენ მიმავალი გზა და ორიენტაცია?

 

- თავისთავად სწორად არ მიმაჩნია საკითხის დასმა ისე, როგორც ამას ხშირად პოლიტიკოსები აკეთებენ, კონკრეტულად ევროკავშირი თუ რუსეთი? ცხადია, რომ ურთიერთობა უნდა გვქონდეს ყველასთან, უბრალოდ იმ დოზით, რა დოზითაც სჭირდება ეს ჩვენს ქვეყანას. ერთიც მინდა ვთქვა, ძალიან ბევრი რამ გვინდა ჩვენ, მაგრამ მეორეა, რა არის რეალური. როგორც გინდა მოვინდომოთ NATO-ში შესვლა, ვიცით, რომ დღეს  ეს კარი ჩვენთვის დახურულია. ეს გვითხრა ამერიკის პრეზიდენტმა, გერმანიის კანცლერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა და ბევრმა სხვამ. ეს არის ფაქტი და დღეს ეს გამორიცხულია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათთან ურთიერთობა უნდა გავწყვიტოთ, უბრალოდ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და ტყუილები არ ვილაპარაკოთ. რაც შეეხება ევროკავშირს, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ დღეს საქართველო ეკროკავშირის წევრი იყოს, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომელიც იქ არსებობს, მაგრამ ასევე არარეალისტურია დღევანდელ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას არა აქვს ჯერჯერობით ჩამოყალიბებული ის სტანდარტები არც ეკონომიკაში და არც სხვა საკითხებში, რომელიც საჭიროა ევროკავშირის წევრებისთვის. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი ღიად ამბობენ, რომ ევროკავშირი არ არის მზად გაფართოებისთვის, ყველაფერი ცხადია. მაშ,  რატომ ვამტვრევთ ღია კარს? რატომ ვიტკიებთ თავს? რაც შეეხება, რუსეთთან ურთიერთობას, ცხადია, რომ ეს კავშირები ჩვენ გვჭირდება, ეს არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ქვეყნისთვის და უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში ის ძალა, რომელსაც ეყოფა გამბედაობა და ხალხს ეტყვის სიმართლეს და იმოქმედებს იმის მიხედვით, რაც სჭირდება სახელმწიფოს. აბა დავფიქრდეთ, ასი წლის წინ ვინმე წარმოიდგენდა, რომ თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გახდებოდა? უნდა ვიყოთ რეალისტები, სიტუაციის შესაბამისად ვიმოქმედოთ, ოღონდ ქვეყნის საკეთილდღეოდ. დღეს ამბობენ, რომ ნატოს გზას არ გადავუხვევთო, ხვალ რომ ნატო დაიშალოს? მერე სად მიდიან?


ის რაც დღეს ქვეყანას სჭირს, არის პოლიტიკური სიბეცე, ეს იმის ბრალია, რომ ხელისუფლებაში არიან მოკალათებული პოლიტიკოსები, რომელნიც დამოკიდებულნი არიან დასავლეთის წყალობაზე. მართულნი არიან! სამწუხაროდ, ამის გამო საქართველოს საკეთილდღეოდ არაფერი არ კეთდება, არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხრივ და არც ეკონომიკური თვალსაზრისით. 26 მაისის საქმეს ობიექტურად თუ გამოიძიებენ, სააკაშვილს უმძიმესი სასჯელი არ ასცდება!


- რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა დღეს როგორ წარმოგიდგენიათ?


- პირველ რიგში საჭიროა ფართომასშტაბიანი დიალოგი, დღევანდელმა ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როცა დაკმაყოფილდა მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენით. ეს თემები ცხადია მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც კი ჩვენთან პოლიტიკური რყევები განვითარდა, მაშინვე დაისვა მათი მხრიდან საკითხი იმაზე, რომ ბაზარი დაიხურება, სიტუაცია გართულდება და ა.შ. მიმაჩნია, თავი და თავი საკითხებისა თუ არ მოვაგვარეთ, მარტო ეკონომიკური კავშირი მათთან ხელს არ მოგვცემს. მათთან პოლიტიკური დიალოგის დაწყების გარეშე, მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდებით. იმასაც დავძენდი, რომ ყოველდღე და თანდათან ამ პოლიტიკური დიალოგის დაწყების შანსს ვკარგავთ, დრო ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს. სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებას ეშინია, პრორუსულობა არ დაგვაბრალონო და ვერ დგამენ საჭირო პოლიტიკურ ნაბიჯს, ეს დამღუპველია. 

 

 

 

ეთერ კასრელიშვილი

გაზეთი „საერთო გაზეთი"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016