როდესაც ბატონ ლაშა თაბუკაშვილთან ინტერვიუზე შესათანხმებლად ვრეკავდი, იმედი არ მქონდა, რომ დამთანხმდებოდა, რადგან ბოლო ხანს დრამატურგი ინტერვიუზე ყველას უარს ეუბნებოდა, თუმცა წიგნი ის სამყაროა, სადაც იმედის ერთ პროცენტს უიმედობის 99 პროცენტზე გამარჯვება შეუძლია...
გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ლაშა თაბუკაშვილთან:
- ვიდრე დღევანდელი საზოგადოების წიგნიერებას შევეხებოდე, ვიტყვი, რომ 60 წელი შემისრულდა და შესაძლოა, სუბიექტური ვიყო. ამ ასაკში ხომ ჩვენი დროის ზღვა - უფრო სველი, კენჭები კი უფრო კოხტა გვგონია?! კომპიუტერი ინფორმაციის მიღების საოცარი საშუალებაა, მაგრამ მეშინია ყველასი, მათ შორის - ჩემი ოჯახის წევრებისაც კი, ვინც ინტერნეტსივრცეში იძირება. ჩემთვის ადამიანური ურთიერთობები უფრო ღირებულია, ვიდრე ინფორმაციის მოპოვების ნარკომანული სურვილი.
შესაძლოა, დღევანდელი ცხოვრების რიტმი მეტისმეტად სწრაფი იყოს, მაგრამ ჩემთვის ეს რიტმი, პირიქით, უაზრობაშია გაწელილი. ბოდიშს ვუხდი "ყველა სიახლის" მკითხველს იმის გამო, რომ საკუთარი პიესიდან ციტატას მოვიყვან, სადაც 21-ე საუკუნის არც ისე ხანდაზმული პერსონაჟი ხუმრობით ამბობს: "დამასაფლავეთ მე-20 საუკუნეში"... მეც იმავეს ვიტყოდი - მაინც მეოცესაუკუნელად დავრჩი. არადა, ვხედავ, რომ ჩემი შვილიშვილისთვის, უმცროსი ლაშიკო თაბუკაშვილისთვის, კომპიუტერი ისეთივე ნივთია, როგორიც მის ასაკში ჩემთვის კალამი და წიგნი იყო.
კინო რომ გაჩნდა, შიშობდნენ, თეატრი მოკვდებაო; ვიდეოკასეტები რომ გამოვიდა, ამბობდნენ, კინო მოკვდებაო. არაფერი არაფერს კლავს. ეს შემოქმედებითი გამოხშირვის პრინციპია: რასაც სიცოცხლის უფლება აქვს - ცოცხლობს. უბრალოდ, სულის გაღარიბებაა გულსატკენი, თუმცა ასეთი ღარიბები ჩემს ახალგაზრდობაშიც მახსოვს. ისეთებიც, წიგნს რომ ეტანებოდნენ, მაგრამ პრიმიტიულ ლიტერატურას კითხულობდნენ, ან კითხვას კლასიკოსთა ნაწარმოებებით და სამეცნიერო ლიტერატურით იწყებდნენ, როდესაც "თხა და გიგო" არ ჰქონდათ წაკითხული.
- მამათქვენის, ბატონი რეზო თაბუკაშვილის წიგნისადმი დამოკიდებულება საქვეყნოდ ცნობილია. წიგნის კითხვა მან შეგაყვარათ?
- მართალია, მამა ძალიან ცდილობდა, კითხვა შემყვარებოდა, მაგრამ ამას უფრო ბაბუას, შალვა თაბუკაშვილს ვუმადლი, რომელიც ქართული პუნქტუაციის შემქმნელი და ტოლსტოის "ჰაჯი-მურატის" მთარგმნელია.
მიმაჩნია, რომ ენის ქსოვილის თვალსაზრისით ძალიან გაღარიბებულია დღევანდელი ქართველი საზოგადოება, ლიტერატურაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გარშემო მწერალთა უნიჭიერესი თაობა იყო, მხოლოდ რამდენიმეღა დარჩა, ვინც ენის ნორმების დაცვას ცდილობს. ტელევიზორიდან ხომ საშინელი მეტყველება გვესმის! სატელევიზიო ენას შოფრული გინება მირჩევნია. ჩვენი ჟურნალისტების უმრავლესობა ისე სასაცილოდ მეტყველებს, პირდაპირ ტყვიასავით მხვდება გულში, ამიტომ ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ.
- ხშირად ენის ნორმების დაცვა მწერლებსაც ზედმეტად მიაჩნიათ და თავისუფლებას ბილწსიტყვაობით გამოხატავენ...
- სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ეკლესიური ვარ, მაგრამ ყოველგვარ ბილწსიტყვაობას ვეწინააღმდეგები. ლანძღვა-გინებას, ბილწსიტყვაობას, ძალიან ცუდი ენერგია მოაქვს.
- ძალიან პოპულარულია "მედიაპალიტრის" პროექტები: წიგნი ჟურნალ-გაზეთებთან ერთად, ასევე - "50 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ".
- მივესალმები ყველაფერს, რაც წიგნის პოპულარიზაციისთვის კეთდება ამ უსირცხვილო საუკუნეში.
- ვინ არის ლიტერატურაში თქვენთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტი?
- უფრო დიდებსაც ვიცნობ, მაგრამ ვაჟა-ფშაველას და "მობი დიკის" ავტორს, ჰერმან მელვილს დავასახელებდი.
- ქართულ მთარგმნელობით სკოლაზე რას ფიქრობთ?
- არსებობდა ბატონი ოთარ ნოდიას მიერ შექმნილი მთარგმნელობითი სკოლა, რომელსაც ეკუთვნოდნენ ნაირა გელაშვილი, შადიმან შამანაძე და სხვა პროფ
ესიონალები, მაგრამ ეს ჯგუფი დაიშალა, დღეს კი კაპიკს კაპიკზე აწებებენ და ისე ცხოვრობენ, რადგან ლიტერატურით თავს ვერ გაიტან...
აკა მორჩილაძემ 30 წიგნი გამოსცა, მაგრამ ისე უჭირს, გაიქცა და ლამისაა, ინგლისურად დაიწყოს წერა... გაბუტულ ავტორად ნუ მიმიჩნევთ, მაგრამ დაუფასებელი სწორედ ჩემი თაობა აღმოჩნდა. კრიტიკული ანალიზი რომ წაიკითხოთ, ჩვენი გინების მეტს ვერაფერს ნახავთ, მით უფრო - ჩემ შესახებ... ჩვენზე საქებარი არაფერი დაწერილა.
- მრავალი ცნობილი პიესის ავტორი ბრძანდებით. დღევანდელ ქართულ თეატრალურ ცხოვრებას როგორ შეაფასებთ?
- თეატრალური პროცესი კრიზისშია. რაც შეეხება დრამატურგიასა და სცენოგრაფიას, ეს დარგი საქართველოში ჩამკვდარია. ეს აზრი პირადი წყენით არ იკვებება. ყოველ შემთხვევაში, ის არ უნდა გაგიბედონ, რაც მე გამიკეთეს: პიესა "ათვინიერებენ მიმინოს", რომელზეც ერთი ამბავი იყო ატეხილი, დასავლეთ გერმანიაში დაიდგა, აქ არ უშვებდნენ; მერე თვითნებურად გადააკეთეს, "სულის სამჭედლო" დაარქვეს და რობიკო სტურუამ დადგა. კინაღამ გავგიჟდი.
- ამბობენ, მალე თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი გაუქმდება და სხვებთან ერთად რობერტ სტურუასაც დაითხოვენო...
- რობერტ სტურუას ტოლი რეჟისორი მსოფლიოში ბევრი ეგულებათ? კაცი, რომელმაც ათეული წლების განმავლობაში მსოფლიო აგუგუნა და უცხოეთს საქართველო რუსთაველის თეატრის მეშვეობით გააცნო, ამავე თეატრიდან უნდა დაითხოვო იმის გამო, რომ პრეზიდენტს დაუპირისპირდა?! თუ იმიტომ, რომ ყოველთვის საინტერესო პროვოკაციებს აწყობს? ღმერთო ჩემო!..
ამას ვამბობ იმის მიუხედავად, რომ ცხოვრებაში თუ ვინმემ გული მატკინა ან გამახარა, რობიკო სტურუა იყო. მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს! როგორც ჩვენ არ ვერევით ხელისუფლების საქმეში, ნურც ის ჩაყოფს ცხვირს ჩვენს საქმეში. ხელისუფლების წარმომადგენლებს განსხვავებული აზრი სამტროდ ნათქვამი სიტყვა ჰგონიათ, რაც მათ უგუნურებაზე მეტყველებს. შემოქმედი ყოველთვის ოპოზიციაში რომ უნდა იყოს, ამას რომის ყველაზე თავგასული იმპერატორებიც კი ეგუებოდნენ. ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ ადამიანებს თავი ყველაზე ჭკვიანები ჰგონიათ ხოლმე.
- განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, წელს ბავშვებმა ინგლისურის სწავლა პირველი კლასიდან უნდა დაიწყონ...
- არა მგონია, დედაენასთან ერთად ინგლისურის სწავლება გონივრული გადაწყვეტილება იყოს, ისევე როგორც რუსულის დავიწყება, რადგან ამ ენაზე უდიდესი დრამატურგია და ლიტერატურა არსებობს. რუსეთი სულ რომ დაქუცმაცდეს, ამ ენას მსოფლიოსთვის მაინც უდიდესი მნიშვნელობა ექნება. ასეთი ლოგიკით, ჩინურის სწავლაც მოგვიწევს, რადგან ხვალინდელი დღე ჩინეთს ეკუთვნის და მისი ენა ინგლისურზე არანაკლებ საჭირო გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური ბრწყინვალე ენაა, - ბოლოს და ბოლოს, იმ კაცის შვილი ვარ, ვინც შექსპირის სონეტები თარგმნა, - ხუთი წლიდან უცხო ენის სწავლება უგუნურებად მიმაჩნია. ბავშვმა ჯერ ქართული ენა უნდა გაისიგრძეგანოს, "იავნანამ რა ჰქმნა?!" წაიკითხოს და ინგლისურისა თუ სხვა ენის სწავლა მერე დაიწყოს.
- ჩვენი დღევანდელობა რომელ ნაწარმოებს გაგონებთ?
- სამწუხაროდ, ძალიან ბევრს, მაგრამ დასახელება გამიჭირდება. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი დროის სირთულე არ შევბღალო. ძალიან უნდა ვეცადოთ, რომ სიძულვილის ზეიმში არ ვიცხოვროთ. თითქოს დამოუკიდებლები გავხდით, რასაც არც სისხლი დავაკელით, მაგრამ... ყველას ძალიან ბევრი გვაქვს მოსანანიებელი. ახალგაზრდობისა და რელიგიურ თემაზე ხომ ლაპარაკიც არ მინდა. რამდენი იდიოტი და ავადმყოფი გამოდის სატელევიზიო ეთერში თუ სოციალური ქსელებში და რამდენ სიბინძურეს ლაპარაკობს! ყველაფერს სჯობია, ყველამ, როგორც დღეს უყვართ თქმა, "კრეატიული ხედვით" თავისი საქმე აკეთოს!
(წყარო: ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე", დავით ოქრუაშვილი)