„რობერტ სტურუას ტოლი რეჟისორი მსოფლიოში ბევრი ეგულებათ?"- ასე პასუხიბს დრამატურგი, მწერალი ლაშა თაბუკაშვილი ჟურნალისტის შეკითხვას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა მალე თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი გაუქმდეს და სხვებთან ერთად რობერტ სტურუაც დაითხოვონ.
„რობერტ სტურუას ტოლი რეჟისორი მსოფლიოში ბევრი ეგულებათ? კაცი, რომელმაც ათეული წლების განმავლობაში მსოფლიო აგუგუნა და უცხოეთს საქართველო რუსთაველის თეატრის მეშვეობით გააცნო, ამავე თეატრიდან უნდა დაითხოვო იმის გამო, რომ პრეზიდენტს დაუპირისპირდა?! თუ იმიტომ, რომ ყოველთვის საინტერესო პროვოკაციებს აწყობს? ღმერთო ჩემო!..
ამას ვამბობ იმის მიუხედავად, რომ ცხოვრებაში თუ ვინმემ გული მატკინა ან გამახარა, რობიკო სტურუა იყო. მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს! როგორც ჩვენ არ ვერევით ხელისუფლების საქმეში, ნურც ის ჩაყოფს ცხვირს ჩვენს საქმეში. ხელისუფლების წარმომადგენლებს განსხვავებული აზრი სამტროდ ნათქვამი სიტყვა ჰგონიათ, რაც მათ უგუნურებაზე მეტყველებს. შემოქმედი ყოველთვის ოპოზიციაში რომ უნდა იყოს, ამას რომის ყველაზე თავგასული იმპერატორებიც კი ეგუებოდნენ. ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ ადამიანებს თავი ყველაზე ჭკვიანები ჰგონიათ ხოლმე."- განაცხადა თაბუკაშვილმა გაზეთ „ყველა სიახლესთან" ინტერვიუში.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)