„ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, რუსებო, უდიებო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, იეზიდნო, ქისტნო, ასირიელნი, სხვანო ყოველნო, ჩვენ ხატად და მსგავსად ღვთისა ვართ შექმნილნი და თითოეული ჩვენგანის სულშია ის ღვთაებრივი ნაპერწკალი, რომელიც დღეს ღაღადებს, -ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!"- სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სააღდგომო ეპისტოლეს დასასრულს მტელს მართლმადიდებელ მრევლს ქრისტეს აღდგომა მიულოცა.
„მართლაც, ყველასთვის აღდგა ქრისტე, ყველა ადამიანს შეუძლია შეცვლა და ფერისცვალება, რადგან, როგორც წმ. ირინეოს ლიონელი ბრძანებს, ადამიანის სული ბუნებით ქრისტიანია.
მაშ, ვმადლობდეთ უფალს, რომელიც სიხარულით შეგვიძღვა თავისი აღდგომის ნავთსაყუდელში, ვმადლობდეთ ყოველნი, რომელთაც კეთილად განვვლეთ სარბიელი მარხვისა; ვმადლობდეთ ისინიც, რომელნიც უძლურ ვიქმენით ამგვარი ღვაწლისა~ (სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი). ამიერიდან ნუღარავინ სძრწის და ეშინის, ჭეშმარიტი სიყვარული და მარადიული სიცოცხლე დაუბრუნდა კაცობრიობას; იხარებს ადამის მოდგმა და მთელი სამყარო!
ქრისტე აღდგა!
აღსდექით თქვენც და მასთან ერთად ეგეთ უკუნისამდე!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II"