დღეს, აღდგომის დღესასწაულზე, 18:00 საათზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ტაძარში აღევლინება სამადლობელი საზეიმო პარაკლისი და მიმდებარე ქუჩების კურთხევა მოხდება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქრის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს გადაწყვეტილებით, აღდგომასთან ერთად, ამიერიდან მადლიერების დღეც აღინიშნება. ამის შესახებ უწმინდესმა 22 მარტს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
„მივიღე ასეთი გადაწყვეტილება: ამიერიდან, ყოველწლიურად, ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მადლობას შევწირავთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის, შესრულდება სამადლობელი პარაკლისი და საგანგებო ლოცვა ღვთისადმი.
კვირას, საღამოს 6 საათზე კი შესრულდება სამადლობელი პარაკლისი; მთელი ერი სამღვდელოებასთან ერთად, ქუჩებში გავა და ნაკურთხ წყალს ასხურებენ. ამიერიდან ყოველი აღდგომა იქნება მადლიერების დღეც, ქართველი ხალხი მადლობას შესწირავს უფალს", - ბრძანა პატრიარქმა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)